საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების [მეორე ტურამდე] რამდენიმე დღით ადრე თბილისში გამართულ საპროტესტო
მიტინგში მონაწილეობა ათეულ ათასობით ადამიანმა მიიღო, რომლებიც ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის პარტიის - „ნაციონალური მოძრაობის“ შესაძლო დაბრუნების წინააღმდეგ გამოვიდნენ.
კვირას, ქვეყნის დედაქალაქის ცენტრში ჩატარებულ მიტინგში, ორგანიზატორების განცხადებით, 90 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. საპროტესტო აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის - გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ იყო მიმართული.
შავიზღვისპირა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრმა და იმავდროულად ოპოზიციური ძალების კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ თავის საარჩევნო კამპანიის დროს განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, რომელსაც, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი და ამჟამად საქართველოს ფარგლებს გარეთ, ნიდერლანდებში ცხოვრობს.
გრიგოლ ვაშაძე საქართველოში საფრანგეთის ყოფილი ელჩის და ასევე ქვეყნის საგარეო საქმეთა ექს-მინისტრის სალომე ზურაბიშვილის ძლიერი კონკურენტია. სავარაუდოდ, მომავალ ოთხშაბათს დანიშნული არჩევნების II ტური დაძაბულად ჩაივლის.
თბილისში გამართული მიტინგის ორგანიზატორია ოპოზიციური პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“. მისი გენერალური მდივნის ირმა ინაშვილის განცხადებით, საქართველო არ უნდა დაბრუნდეს „წამებისა და ქონების კონფისკაციების ეპოქაში“. მან ამომრჩევლებს მოუწოდა, რომ პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი აირჩიონ.

















