სომხური გამოცემის, «Голос Армении»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში განხილულია
სიტუაცია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ: ვის მისცემენ თავიანთ ხმას საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები?
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ თბილისელ სომეხთა კავშირის პრეზიდენტის,მიხეილ თათევოსოვის ავტორობით გამოქვეყნებული პუბლიკაციის შინაარსს:
მოსახლეობის ბოლო აღწერის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოს მცხოვრებთა 20% არაქართველია. ყველაზე მრავალრიცხოვანი თემი აქვთ სომხებს და აზერბაიჯანელებს. ამავე დროს მხედველობაში უნდა გვქონდეს იმ სომხების პოზიციაც, რომლებმაც გვარები ქართულად გადაიკეთეს, მაგრამ თავიანთი ეროვნული იდენტობა მაინც შეინარჩუნეს.
ორივე თემის მოსახლეობა კომპაქტურად ცხოვრობს და ამიტომ მათ შეუძლიათ თავიანთი არჩევანი ერთმანეთთან შედარებით იოლად შეათანხმონ. არ შეიძლება უარვყოთ ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანული საზოგადოებისაგან განსხვავებით, სადაც საერთო პოზიცია რელიგიური თუ ადგილობრივი ლიდერების აგიტაცია-მოწოდებებით ყალიბდება, ქართველ სომხებს აგიტაცია და მოწოდებები არ ჭირდებათ - ისინი საკუთარ ხმას მხოლოდ გულის კარნახით აძლევენ. ქართველ სომხებს ავტორიტეტები არ ჰყავთ. მცირერიცხოვნობის მიუხედავად, მტკიცედ არიან ერთმანეთთან შეკრულნი ბერძნული, ებრაული და იეზიდური საზოგადოებების წევრები. ხელისუფლების „თავის ტკივილად“ რჩება პანკისის ხეობის ჩეჩნური საზოგადოება, რომელიც სპეცოპრაციის დროს მომხდარი მკვლელობით არის აღშფოთებული. ამიტომ ძნელია იმის პროგნოზირება, თუ რომელი კანდიდატის მხარეს დადგება ამ რთული რეგიონის მოსახლეობა.
გასათვალისწინებელია აგრეთვე ის გარემოება, რომ საქართველოს ეთნიკური უმცირესობების დიდი ნაწილი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენისა და მოსკოვთან დიალოგის დაწყების მომხრეა, მმათ შორის ყველაზე მტკივნეულ - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შემოერთების საკითხზე.
ცალკე თემაა რუსული საზოგადოება, რომლის სახელით გამოდის „საქართველოში მცხოვრებ რუს თანამემამულეთა ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭო“ (მაგრამ ყოველგვარი მანდატის გარეშე). ამ კომერციული პროექტის ორგანიზატორები არანაირ ინტერესს არ იჩენენ საარჩევნო კამპანიის მიმართ, სადაც კანდიდატებისაგან ხშირად ისმის „კრემლის აგენტის“ და „მოსკოვის ხელის“ ურთიერთბრალდებები. სხვათა შორის, „რუსი თანამემამულეების“ ორგანიზაციები საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც აქტიურად ფინანსდებოდა სხვადასხვა დახურული ქართული ფონდებიდან და ახლაც ასე გრძელდება. ამიტომაც დიდი კითხვის ნიშანი ჩნდება - პრეზიდენტობის რომელი კანდიდატია კრემლთან უფრო ახლოს?
არ არის გამორიცხული, რომ რუს თანამემამულეთა ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობა მულტიეთნიკური საზოგადოებების განხეთქილებას ემსახურება. ამ საბჭოს ლიდერები მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული მიხეილ სააკაშვილის დროინდელ სპეცსამსახურებთან, მაგალითად, სპეცოპერაცია „ენვერის“ განხორციელების დროს, როცა „რუსეთის აგენტები“ დააკავეს.
მოკლედ, ვინ ვის მისცემს ხმას, ამას არჩევნების შედეგები გვაჩვენებს. ერთი რამ ნათელია: „ქვემოთ“ უკვე ყელში ამოუვიდათ გაჭირვება, „ზემოთ“ კი კვლავ დაპირებებს იძლევიან და ხალხს აშინებენ - თუ ჩვენ არ მოგვცემთ ხმას, სამოქალაქო ომი დაიწყებაო. საქართველო გაყოფილია მდიდრული ჯიპების მფლობელებად და იმ ღარიბებად, რომლებიც თავს ძლივს ირჩენენ. ასეთი საქართველო არასოდეს არ ყოფილა და ამიტომაც მოსახლეობას ცვლილებები სურს. რაც იქნება, იქნება...

















