თურქული გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ასახულია თურქეთის ქალაქ
ტრაპიზონში აკრედიტებული საქართველოს გენერალური კონსულის ავთანდილ მიქაცაძის ყოფნა ართვინში და მისი შეხვედრა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, კერძოდ, ართვინის გუბერნატორ ილმაზ დორუკთან, ამ თანამდებობაზე მის დანიშვნასთან დაკავშირებით. შეხვედრა გაიმართა 16 ნოემბერს.
პუბლიკაციაში ყურადღება გამახვილებულია ავთანდილ მიქაცაძის განცხადებაზე, რომლის თანახმად, თურქეთის განვითარება და კეთილდღეობის ზრდა საქართველოსათვის სასიხარულოა: „ჩვენს ქვეყნებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობები აქვთ. თურქეთს მეგობარ და მოძმე ქვეყნად ვთვლით. ასევე სასიხარულოა ჩვენთვის მოძმე თურქეთის ქალაქ ართვინში ყოფნა. ეს ძალიან საამაყოა“.
როგორც ავთანდილ მიქაცაძემ განაცხადა, „ჩვენ ვისაუბრეთ იმ პერსპექტივებზე, თუ როგორ შეიძლება ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ დონეზე განვავითაროთ. საქართველო და თურქეთი - ორი ქვეყანაა, ერთი ოჯახი და ამიტომ მისი განმტკიცება თითოეული ჩვენი ქვეყნის საზრუნავია. მე ადრეც ვყოფილვარ ართვინში და ვხედავ, რომ ქალაქი უფრო და უფრო ლამაზი და მიმზიდველი ხდება. ეს ძალიან მახარებს. ეს ნიშნავს, რომ თურქეთიც ვითარდება, რაც კარგია საქართველოსთვისაც... ჩვენ ვეცდებით ჩვენი წვლილი შევიტანოთ ორი ქვეყნის კავშირების გაღრმავებაში“.
თავის მხრივ, ართვინის გუბერნატორმა ილმაზ დორუკმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო და თურქეთი ერთმანეთისათვის მეზობლებიც არიან, მეგობრებიც და ძმებიც. „ჩვენ ერთმანეთს გავუზიარეთ ინფორმაციები, ვისაუბრეთ თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ამ მიზნით სამომავლოდაც ყველაფერს გავაკეთებთ“.
სტატიის დასასრულს აღნიშნულია, რომ ავთანდილ მიქაცაძემ და ილმაზ დორუკმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

















