რუსული გამოცემის, «Вестник Кавказа»-ს მიერ გამოქვეყნებული სტატია ეხება სამხრეთ
კავკასიის ორ ქვეყანაში დაგეგმილ არჩევნებს: საპრეზიდენტოს - საქართველოში (მეორე ტური) და საპარლამენტოს - სომხეთში. პუბლიკაციაში მოცემულია სიტუაციის ანალიზი და პროგნოზი.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ამონარიდს მიხეილ სიმონოვის ავტორობით გამოქვეყნებული მასალიდან:
„შედეგების მიუხედავად, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები ისტორიაში შევა როგორც ყველაზე ჭუჭყიანი არჩევნები - არა ხმების გაყალბებით, არამედ თავისი შინაარსის და სახის გამო. არადა, თავიდან თითქოსდა ასეთი რამ არ შეიმჩნეოდა - ორი თვის წინ ვინმეს რომ ეთქვა, ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს პრობლემები ექნებაო, მას გიჟად ჩათვლიდნენ და მის პერსონას სერიოზულად არავინ აღარ შეხედავდა.
რაც შეეხება მეორე ტურს, თუ მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი გაიმარჯვებს, მაშინ, ცხადია, „ნაციონალები“, მათთვის დამახასიათებელი აგრესიული სტილით დაიწყებენ არჩევნების შედეგებზე დავას: იყვირებენ - „არჩევნები გაყალბდაო“, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ფალისიფიცირებაში დაადანაშაულებენ, ხელისუფლებას კი - ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში, ამომრჩეველთა შანტაჟში, დაშინებაში და „სასიკვდილო ცოდვებში“. პირველ ტურში უკვე იყო ამის მცდელობა.
თუ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე გაიმარჯვებს, მაშინ „ნაციონალები“ დაიწყებენ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩარტარების ინიცირებას იმ მოტივით, რომ საპრეზიდენტო არჩევნებმა საქართველოს მოსახლეობაში ხელისუფლების ნდობის საკითხში რეფერენდუმის როლი შეასრულაო. თვითონ გრიგოლ ვაშაძეც ასე აცხადებს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რეალურად უკვე მზად არიან დაძაბულობის ესკალაციისათვის: ისინი მხარს უჭერენ თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე ანტისამთავრობო აქციას, რომელიც მოზარდთა მკვლელობის ფაქტის გამოძიების გაპროტესტებით დაიწყო და შემდეგ უკვე პოლიტიკურ აქციაში გადაიზარდა მოთხოვნით - „დღევანდელი ხელისუფლება უნდა წავიდეს“.
გაურკვეველი პოლიტიკური მომავლის ფონზე თანდათანობით ჩნდება მართლაც საგანგაშო სიმპტომები - სალომე ზურაბიშვილისა და მისი შვილების მოკვლის მუქარები, გადამდგარი სამხედრო მოსამსახურეების საარჩევნო კამპანიაში ჩაბმა „ნაციონალ“ გრიგოლ ვაშაძის სასარგებლოდ, არანაკლებ ხისტი საპასუხო დარტყმები ხელისუფლების მხრიდან - იმას მოწმობს, რომ მთავარი - ქვეყანაზე და მის მოსახლეობაზე ზრუნვა - ყურადღების მიღმა რჩება.

















