„ჩვენს მეზობელ საქართველოში წინასაარჩევნო სურათი დღითიდღე სულ უფრო საინტერესო
ხდება: პრეზიდენტობის კანდიდატები ცდილობენ ერთმანეთი მიუტევებელ ცოდვებში დაადანაშაულონ და ამ მიზნით გამალებული დაეძებენ მაკომპრეტირებელ ფაქტებს. „შავი პიარი“ აშკარად დომინირებს „ნათელ პიარზე“, ანუ იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ მოწინააღმდეგეებმა თითქოსდა დაივიწყეს საარჩევნო კამპანიის მთავარი კომპონენტი - ამომრჩევლისადმი დაპირებები“, - ნათქვამია აზერბაიჯანის ყოველდღიურ რუსულენოვან გაზეთ «Каспiй»-ს მიერ გამოქვეყნებული სტატიის დასაწყისში.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ რაუფ ტოფიკოღლუს ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:
პუბლიკაციაში გადმოცემულია ბოლო დღეების საარჩევნო კამპანიის დროს მომხდარი არასახარბიელო ფაქტები - ის მუქარები, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მიმართ გაისმა. „ექს-მინისტრის განცხადებით, ის, ვინც მას და მის შვილებს სოციალური ქსელების მეშვეობით ემუქრება - „შუბლს გაგიხვრეტო“, ყოფილი ქართველი სამხედრო მოსამსახურეა და უკრაინაში იმყოფება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ ფაქტის გამოძიება უკვე დაიწყო“, - აღნიშნულია სტატიაში.
ავტორი კიდევ ერთ განცხადებაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც თბილისი მერმა კახა კალაძემ გააკეთა „ნაციონალთა“ კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის წევრების მიმართ: პოლიტტექნოლოგმა ვიტალი შკლიაროვმა რუსულ მასმედიაში გამოაქვეყნა ბლოგი, რომელშიც მან აღნიშნა, რომ დეკემბერში საქართველოში სიტუაცია შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს - არის შანსი მორიგი „ვარდების რევოლუცია“ მოხდეს და ხელისუფლება შეიცვალოსო“. კახა კალაძემ ხაზი გაუსვა, რომ „ნაციონალების“ მიერ ყოველი კანონდარღვევა უმკაცრესად იქნება აღკვეთილი.
მოკლედ, აშკარაა, რომ კომპრომატების ომი II ტურში ხმის მიცემამდე გაგრძელდება. ამგვარი არასახარბიელო სიტუაციას გარედანაც აკვირდებიან: ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰერცელმა აღნიშნა, რომ ევროპელი დამკვირვებლები ნეგატიურად აფასებენ საარჩევნო კამპანიის ასეთ არასასიამოვნო მიმდინარეობას, რაც, სამწუხაროდ, თვითონ კანდიდატებმა აირჩიეს“-ნათქვამია სტატიაში.

















