„საქართველო და აშშ შეთანხმდნენ, რომ თბილისთან მდებარე ვაზიანის აეროდრომი,
რომელიც 2007 წლამდე რუსეთის სამხედრო-საჰაერო ბაზას წარმოადგენდა, ნატოს მსხვილ ლოჯისტიკურ ცენტრად გარდაიქმნება. მოდერნიზების შემდეგ აეროდრომის ასაფრენ-დასაფრენ ზოლს შესაძლებლობა ექნება ყველაზე მძიმეწონიანი ამერიკული თვითმფრინავები მიიღოს. ქართველი ექსპერტების აზრით, ახალი ობიექტი გამოყენებული იქნება როგორც სამხედრო წრთვნების დროს, ცოცხალი ძალის და ტექნიკის ჰაერით გადასროლისათვის, ასევე რეგიონში სიტუაციის რეალური ესკალაციის შემთხვევაშიც“, - ნათქვამია რუსეთის ყოველდღიურ გაზეთ «КоммерсантЪ»-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.
როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა, ასეთი მოლაპარაკება აშშ-ის შეიარარღებული ძალების სატრანსპორტო სარდლობის მეთაურთან, გენერალ სტივენ ლაიონსთან გაიმართა. ახალი აეროდრომი ხელს შეუწყობს საქართველო-ნატოს და საქართველოს-აშშ-ის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას.
ქართული სამხედრო-ანალიტიკური ჯურნალის „არსენალშ“ მთავარი რედაქტორის ირაკლი ალადაშვილის თქმით, ვაზიანის სამხედრო აეროდრომი ამერიკისა და ნატოსათვის აუცილებელი იქნება სამხრეთ კავკასიაში ძალებისა და ტექნიკის სწრაფად გადმოსასროლად, თუ რეგიონში სიტუაცია გამწვავდება. ექსპერტის აზრით, აშშ-ისა და ნატოს სარდლობამ ვაზიანის აეროდრომი შემთხვევით არ აურჩევიათ - ეს ობიექტი ჯერ კიდევ 1942 წელს აშენდა, საბჭოთა პერიოდში და თავისი სტრატეგიული მდებარეობის გათვალისწინებით მთელი სამხრეთ კავკასიის სამხედრო ინფრასტრუქტურაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა.
„რადგანაც საქართველოში ხშირად ტარდება სამხედრო წრთვნები ნატოს ქვეყნების მონაწილეობით“, - ამბობს ექსპერტი, - ამიტომ სამხედრო ტექნიკის გადმოტანა საჰაერო გზით უფრო მოსახერხებელია, ვიდრე ზღვით“. ამავე დროს, მან ხაზი გაუსვა, რომ ვაზიანის აეროდრომის მოდერნიზება არ ნიშნავს საქართველოში აშშ-ის სრულფასოვანი სამხედრო ბაზის შექმნას: „ჯერ-ჯერობით ამ საკითხზე ლაპარაკი ნაადრევია, მაგრამ ის, რაც იგეგმება, ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს“, - ასკვნის ირაკლი ალადაშვილი.

















