როგორ ცნობილია, ნორვეგიამ გადაწყვიტა საელჩოს დახურვა ბაქოში (აზერბაიჯანში) და მისი
ფუნქციები ანკარაში (თურქეთში) მდებარე საელჩოს დააკისრა. ბაქოში რჩება ნორვეგიის სამეფოს გენერალური საკონსულო. იმავდროულად გამოცხადდა, რომ ნორვეგია თავის საელჩოს გახსნის თბილისში (საქართველოში) - სკანადინავიის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრის ინე-მარი ერიქსენ-სორეიდეს თქმით, „საქართველო ჩვენი მთავარი პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში და შესაბამისად, თბილისში გახსნილი დიპლომატიური წარმომადგენლობა შესაძლებლობას მოგვცემს უკეთესად დავაკვირდეთ მთელ რეგიონში მიმდინარე მოვლენებსო“.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის განყოფილების უფროსის მოადგილემ ჰიქმეთ გაჯიევმა კომენტარი გაუკეთა სიტუაციას და თქვა, რომ ამ საკითხის მიმართ განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭება საჭირო არ არის იმდენად, რამდენადაც ყოველი სახელმწიფო თვითონ აყალიბებს თავის საგარეო პოლიტიკას და თვითონ წყვეტს - სად, რომელ ქვეყანაში გახსნას თუ არ გახსნას თავისი დიპლომატიური თუ სხვა სახის წარმოადგენლობა გარკვეული სტატუსით. „ბაქოში არსებული ნორვეგიის საელჩოს მოქმედების შეწყვეტა ამ ქვეყნის მთავრობის პრეროგატივაა. ეს რიგითი შემთხვევაა და ჩვენში არანაირ წყენას თუ მწუხარებას არ იწვევს“.
ჰიქმეთ გაჯიევმა აღნიშნა, რომ ნორვეგიის საელჩო ბაქოში 1998 წელს დაარსდა და იმ დროს მის მთავარი მიზანს წარმოადგენდა ნორვეგიული ნავთობკომპანია Statoil-ის მუშაობის გაიოლება და მისი ბიზნეს-ინტერესების ხელის შეწყობა. „აზერბაიჯანს ოსლოში (ნორვეგია) თავისი საელჩო არ გაუხსნია. იქ შეთავსებით აკრედიტებული იყო შვედეთში აზერბაიჯანის ელჩი“, - განმარტა ჰიქმეთ გაჯიევმა და იქვე დაამატა, რომ ამჟამად აზერბაიჯანში მოქმედებს მსოფლიოს 65 ქვეყნის დიპლომატიური და 20 საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური წარმომადგენლობა, აგრეთვე 4 გენსაკონსულო და 12 საპატიო კონსული. „ბაქოში მოქმედი საელჩოებიდან 25 ევროპული ქვეყნისაა... ჩვენი მხრიდან კი უცხოეთის ქვეყნებში 70 საელჩო და 9 გენსაკონსულოა გახსნილი, გვყავს 14 საპატიო კონსული და 5 წარმომადგენელი საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ჩვენი 30 საელჩო ევროპაშია“.
ჰიქმეთ გაჯიევმა ასევე კომენტარი გაუკეთა ბაქოში არსებული ნორვეგიის საელჩოს ანტიაზერბაიჯანულ საქმიანობას და ჟურნალისტებთან ისაუბრა რამდენიმე წლის წინ ნორვეგიის ელჩის სტეინარ ჰილის „პერსონა ნონ-გრატად“ გამოცხადების ფაქტზე, რომელიც უხეშად ერეოდა აზერბაიჯანის საშინაო საქმეებში.

















