აზერბაიჯანული გამოცემა, «Новое время» სტატიას აქვეყნებს, სადაც საუბარია საქართველოს
როლზე შეერთებული შტატების ინტერესებში და აგრეთვე შესაძლებლობაზე, თუ რამდენად რეალურია, რომ საქართველოში ამერიკული ბაზები განთავსდეს.
(აქვე, ჩვენი შეფასებით, აღსანიშნავია, რომ ავტორი ვითარების დრამატიზებას ახდენს და რიგ შემთხვევებში რეალობას აშკჯარად მუქ ფერებში წარმოაჩენს. რედ.).
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ სტატიის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:
საქართველოს დასავლური მიმართულება აქვს არჩეული, თბილისი ოკეანისიქითა ქვეყნის სამხედრო სტრუქტურებს კიდევ ერთი „ძაფით“ დაუკავშირდა. როგორც ერთ-ერთი ინგლისურენოვანი საიტი ReportBlogs-ი იუწყება, რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობის დაძაბვის ფონზე ვაშინგტონი საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკის სამხედრო ბაზების განთავსებას გეგმავს - და ეს იმის შემდეგ, როცა აშშ ახლო და საშუალო სიშორის რაკეტების შემცირების შეთანხმებიდან გამოვიდა.
რასაკვირველია, ამჟამად ეს შესაძლებლობა (ბაზების განთავსება) ჰიპოთეტურად მოჩანს, მაგრამ გავიხსენოთ - ბოლო დრომდე ვერავინ ვერ წარმოიდგენდა იმას, რომ საქართველო და უკრაინა ამერიკულ „ჯაველინებს“ მიიღებდა, ან კონკრეტულად თბილისი - ფრანგულ ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის რაკეტებს და ლოკატორებს. საქართველოს დასავლეთთან სწრაფ ინტეგრაციას ადასტურებს ბილისში ამერიკელი მაღალჩინოსნების გახშირებული ვიზიტები, ამერიკული და ნატოს სამხედრო ხომალდების ხშირი შესვლა საქართველოს შავი ზღვის ნავსადგურებში...
ცხადია, ამერიკელი მეომრები თავიანთი სამხედრო ტექნიკით უცხო ტერიტორიაზე სოკოს საკრეფად და ყვავილებისათვის წყლის დასასხმელად არ დადიან, მათი მთავარი საქმე ბრძოლაა! ჰოდა, გასაგებია - უფრო უკეთესია სხვის ტერიტორიაზე ბრძოლა, ვიდრე საკუთარზე, ვთქვათ, აიდაჰოში ან ფლორიდაზე.
მაგრამ საქართველოს რა როლი აქვს დაკისრებული? ალბათ, ის, რომ ბრძოლის ველი იქნება. სამწუხაროდ, ამის მაგალითები ისტორიაში საკმაოდ ბევრია. რუსეთი ყოველთვის შეშფოთდება თავისი გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგის გააქტიურებით, განსაკუთრებით მოსკოვისათვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან კავკასიის რეგიონში, რომელიც აშშ-ის მიერ შექმნილი ანტირუსული რკალის ერთ-ერთი ნაწილს წარმოადგენს.
ალბათ, უნდა ველოდოთ, რომ ამერიკა ხელიდან არ გაუშვებს შესაძლებლობებს და რუსეთის საზღვრებთან პროვოკაციები მოახდინოს, დაძაბულობის ახალი კერა შექმნას. სწორედ ამაში გამოიხატება პასუხი იმ კითხვაზე, თუ რა მიზნით დადიან ვაშინგტონელი და ბრიუსელელი მაღალჩინოსნები ბალტიის პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, მოლდოვაში, უკრაინასა და საქართველოში, სადაც რეგულარულად ტარდება სამხედრო წრთვნები და მანევრები.
რა თქმა უნდა, თავის მხრივ რუსეთიც არ თვლემს: შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მოსკოვის პასუხი სამხედრო და დიპლომატიური ნაბიჯების მთელი კომპლექსი იქნება, რომლის მთავარი მიზანი გამოიხატება პოსტსაბჭოთა სახელმწიფოები ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეჩერებაში ან უკეთეს შემთხვევაში, მათ შეზღუდვაში.
ნატო კავკასიის რეგიონში თავის სამხედრო ყოფნას ზრდის. პარალელურად, აშშ-ის პენტაგონელი სამხედროები საქართველოს ლოჯისტიკურ შესაძლებლობებს აანალიზებენ. მაგალითად, აშშ-ის ევროპული ძალების სარდლობის წარმომადგენელმა, ბრიგადის გენერალმა ფრედერიკო მაიორკამ აღნიშნა, რომ ფოთში მისი ამასწინანდელი ვიზიტის მიზანი პორტის ინფრასტრუქტურისა და შესაძლებლობების გაცნობა იყო.
რაში ჭირდება ამერიკელ გენერალს ქართული ნავსადგურის შესაძლებლობების ცოდნა? სამხრეთ კავკასიაში ნატოს მოქმედება საეჭვოდ გამოიყურება იმ ფაქტის გათვალისწინებითაც, როცა კულისებში განიხილავენ ფოთის პორტში სანაპირო დაცვის ბაზის განთავსების საკითხს.

















