«Radio Voice of America» (აშშ): საქართველოს ისტორიაში, პირველად, საპრეზიდენტო არჩვენებში გამარჯვებულის
გამოსავლენად მეორე ტური გაიმართება, რომელშიც მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მიიღებენ მონაწილეობას. ეს ინფორმაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკ-ო) წინასწარი მონაცემებით დასტურდება.
28 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი, კვლევით ცენტრ „ფსიქოპროექტის“ ჩატარებული ეგზითპოლის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში 52,30%-ით იმარჯვებდა და გრიგოლ ვაშაძეს (28,10%) დიდი უპირატესობით უსწრებდა.
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილმა წინასწარ მიულოცეს ქ-ნ სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვება, ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ბრძანა, რომ „ჩვენ მუდამ ვაცხადებდით 53-54%-ს და ახლოს ვართ ეგზიტპოლის შედეგებთან“.
სიტუაცია რადიკალურად მომდევნო საათებში შეიცვალა, მას შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხმის დათვლის პროცედურის პარალელურად, ცსკო-მ სპეციალურ ვებ-გვერდზე საუბნო შემაჯამებელი ოქმების ეტაპობრივი ატვირთვა დაიწყო.
შუაღამის 00:00 საათისთვის, პარლამენტის თავმჯდომარე და "ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, რომელიც მანამდე პირველ ტურში გამარჯვებაზე ღიად მიანიშნებდა, იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ მეორე ტურის გამართვა გარდაუვალია: „იმ 1000 საარჩვენო უბნის მონაცემებით, რომელიც უკვე დათვლილია, გამოიკვეთა და უკვე ცხადია, რომ შედგება მეორე ტური, რომელშიც სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე მიიღებენ მონაწილეობას. დაგვაკლდა ცოტა, რომ პირველ ტურში გაგვემაჯვა“.
„ქართული ოცნების“ ეგზითპოლისგან განსხვავებით, მეორე ტურის გარდაუვალობა აშკარა იყო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეგზითპოლის შედეგებით, რომელიც ამერიკულმა კვლევითმა ორგანიზიაცია Edison Research-მა ჩაატარა. ამ ეგზითპოლით, „ქართული ოცნების“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებმა ხმების თანაბარი რაოდენობა - 40-40% მიიღეს.
მეორე ტურის აუცილებლობა გამოკვეთა კვლევითი ორგანიზაცია BCG Research-ის ეგზითპოლმაც, რომელიც „ევროპულმა საქართველომ“ დაუკვეთა. BCG-ს მონაცემებით, არჩევნებში გრიგოლ ვაშაძე - 37%-ით ლიდერობს, ხოლო სალომე ზურაბიშვილს - 34% აქვს.
სამივე ეგზითპოლით „ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაძე მესამე ადგილზე გავიდა. დავით ბაქრაძემ დამარცხება აღიარა და მომხრეებს წინასწარ მოუწოდა, მეორე ტურში მხარი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს დაუჭირონ: „თუ იქნება მეორე ტური, რისი ალბათობაც ძალიან მაღალია და მეორე ტურში გავა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე, ჩვენ მას მხარს დავუჭერთ და მე მოვუწოდებ ჩვენს მხარდამჭერებს, მას დაუჭირონ მხარი“.
ცსკო-ს ინფორმაციით, 28 ოქტომბრის კენჭისყრაში, 3 504 082 რეგისტრირებული ამომრჩევლიდან, მონაწილეობა სულ 1 637 956-მა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის მხოლოდ 46.74%-ია. ყველაზე მაღალი აქტივობა აჭარაში, კერძოდ ქედაში დაფიქსირდა - 64.74%, ყველაზე დაბალი კი ქვემო ქართლში, ქალაქ მარნეულში - 36.47%. შედარებისთვის, წინა, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მოსახლეობის აქტივობამ - 46.6% შეადგინა.
საერთო შეფასებით, არჩევნების დღემ უბნებზე ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა, საოლქო საარჩევნო კომისიებში 364 საჩივარია შესული. დარღვევების მონიტორინგს ონლაინ-რეჟიმში "ნაციონალური მოძრაობა" აწარმოებდა. იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნებს უბნებზე აკვირდებოდნენ, „ქართული ოცნება“ საკუთარი კოორდინატორების მეშვეობით, ამომრჩევლების ნების კონტროლს ეწეოდა, ასევე, შესაძლოა, ამომრჩევლის მოსყიდვასაც ახდენდა. არასამთავრობო სექტორს მიაჩნია, რომ ამომრჩევლის მობილიზებისა და მისი ნების სავარაუდო კონტროლის ფაქტების აღკვეთის მიზნით, კანონის გამკაცრება აუცილებელია.
რიგით მეხუთე პრეზიდენტს მოქალაქეები ექვსწლიანი ვადით და პირდაპირი კენჭისყრით ბოლოჯერ ირჩევენ. საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების ისტორიაში მეორე ტურის აუცილებლობა პირველად დადგა.
-----------
საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების [პირველი ტურის] შედეგების შესახებ მასალები გამოქვეყნდა უცხოეთის სხვა ქვეყნების მასმედიაშიც: ინფორმაციებს ოპერატიულად ავრცელებდნენ ამერიკული სააგენტო „ასოშეითედ პრესი“, ბრიტანული „როიტერი“ და „ბი-ბი-სი“, ფრანგული „ფრანს-პრესი“, გერმანული „დოიჩე ველე“ და სხვები. მასალებში ძირითადად ფაქტობრივი მდგომარეობაა გადმოცემული, თუმცა არის ერთგვარი შეფასებებიც - მაგალითად, „ფრანს-პრესის“ სტატიაში სათაურით „საქართველოს მმართველი პარტია საპრეზიდენტო არჩევნებში კრიტიკული გამოცდის წინაშე დადგა“ (წყარო: https://www.gulf-times.com/story/611079/Georgia-s-ruling-party-faces-crucial-test-in-presi). ასევე „დოიჩე ველეს“ პუბლიკაციაში სათაურით „საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში: საპარლამენტო არჩევნების რეპეტიცია“ (წყარო: https://p.dw.com/p/37F28).
აზერბაიჯანული მედია წერს, რომ სალომე ზურაბიშვილმა წარუმატებლობის მიზეზი თავისივე განცხადებებში უნდა ეძებოს. გამოცემა „ჰაქინ.აზ“-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „სალომე ზურაბიშვილს გამარჯვება აზერბაიჯანულმა მოსახლეობამ წაართვა“ აღნიშნულია, რომ მან ძალზე გაუფრთხილებლად იმოქმედა, როცა სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ სომეხ ამომრჩეველთა წინაშე გამოსვლისას ანტითურქული განხცხადებები გააკეთა. ჰოდა, ამიტომაც ქართველმა აზერბაიჯანელებმა მას მხარი არ დაუჭირეს და ამით გაპრეზიდენტების შანსი გრიგოლ ვაშაძეს მისცეს“ (წყარო: https://haqqin.az/news/138717).

















