რუსული გამოცემის, «КоммерсантЪ»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში გადმოცემულია
როგორც საქართველოს პროკურატურის განცხადება ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილების - შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხი ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავების შესახებ, ასევე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კომენტარი მომხდარ ფაქტზე. სტატიაში ციტირებულია აგრეთვე 2007 წლის აუდიოჩანაწერი, რომელშიც ეჭვმიტანილები მკვლელობის გეგმებზე ლაპარაკობენ.
„ჯერ-ჯერობით მიხეილ სააკაშვილისათვის პირდაპირი ბრალდება პროკურატურას არ წაუყენებია. როგორც ჩანს, გამომძიებლები განსასჯელებისაგან აღიარებითი ჩვენებების მიღებას ელოდებიან, თუმცა ისინი თავიანთ ბრალს უარყოფენ. ნიდერლანდებში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა მომხდარი ფაქტი „აბსოლუტურ ფეიკად“ შეაფასა.
პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა დამაარსებელმა, ექს-„ნაციონალმა“ დავით დარჩიაშვილმა „კომერსანტ“-თან საუბარში ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ აუდიოჩანაწერი პრეზიდენტის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოქვეყნდა. მისი თქმით, „კომპრომატების ომის“ დროს არაა გამორიცხული, ყველაფერი ხელოვნურად იყოს ინსცენირებული.
ამასთან, როგორც ბადრი პატარკაციშვილის ახლო მეგობარი, კინორეჟისორი გიორგი ხაინდრავა იხსენებს „კომერსანტ“-ის კორესპონდენტთან, „მიხეილ სააკაშვილის გარემოცვა სადისტებისა და მკვლელების ბანდას წარმოადგენდა, რომელიც ყველაფერზე წამსვლელი იყო“. „კომერსანტი“ ესაუბრება საქართველოს სპეცსამსახურების ყოფილ ხელმძღვანელს ირაკლი ბათიაშვილსაც. იგი მიიჩნევს, რომ არაა გამორიცხული პროკურატურის ვერსია ნამდვილი აღმოჩნდეს. „ჯერ კიდევ 2007 წელს ჩეჩენმა საველე მეთაურმა უვაის აჰმადოვმა ქართველ ოპოზიციონერებს დღევანდელი საქმის ერთ-ერთ ფიგურანტთან - გიორგი დგებუაძესთან სტამბოლის აეროპორტში საუბრის აუდიოჩანაწერი გადასცა. ირკვევა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ჩეჩენ მეთაურს ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდირებისათვის თანხის გადახდას პირდებოდა.
თუ რატომ ვერ შეძლო ოთხეულმა ოპერაციის შესრულება ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მიზნით, საქართველოს პროკურატურა ამას არ განმარტავს“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.
-------------
ამავე თემაზე სტატია გამოქვეყნებულია აგრეთვე კიდევ ერთ რუსულ გაზეთში - «Независимая газета»-ში სათაურით „მიხეილ სააკაშვილი ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაციის სანქცირებაში ამხილეს“ (ავტორი - იური როქსი). „საქართველოს პროკურატურამ, მიხეილ სააკაშვილის გარემოცვის მხილებით, საპასუხო დარტყმა მიაყენა ოპოზიციას, რომელიც ვანო მერაბიშვილის საპყრობილედან გათავისუფლებას ითხოვს“, - ნათქვამია პუბლიკაციაში (წყარო: http://www.ng.ru/cis/2018-10-17/6_7334_georgia.html).
საქართველო პროკურატურის განცხადებას აზერბაიჯანული გაზეთი «Новое время»-ც გამოეხმაურა სტატიით „მიხეილ სააკაშვილს ბრალს სდებენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობაშიც“ (ავტორი - რ. ველიევი). „მიხეილ სააკაშვილი პროკურატურის განცხადებაში მოყვანილ ფაქტებს უარყოფს, მაგრამ საქართველოში ყველას ახსოვს მისი პრეზიდენტობის წლები ავტორიტარული მმართველობითა და პოლიტიკური მკვლელობებით“, - აღნიშნულია მასალაში (წყარო: http://www.novoye-vremya.com/w145737/.../#.W8fztSZRcdU).

















