„ერთი შეხედვით, საკვირველი ფაქტია, რომ უკრაინისა და საქართველოს მჭიდრო
ურთიერთობების მიუხედავად, ქართული მართლმადიდებელი ეკლესია არ ჩქარობს დაეხმაროს უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიის მიღების საკითხში, - წერს ცნობილი რუსი პოლიტოლოგი სერგეი მარკედონოვი რუსული გამოცემის, «Новые известия»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, - გამოდის, რომ ილია მეორე კიევის საპატრიარქოს პოზიციას მხარს არ უჭერს. ეს იმას ნიშნავს, რომ მართლმადიდებელ სამყაროში საერო და საეკლესიო დიპლომატია, რომლის დროსაც ეკლესია ტრადიციულად სახელმწიფო-საერო პოლიტიკის მხარეზეა, ამ საკითხში ერთმანეთს არ ემთხვევა.
უკრაინა და საქართველო სტრატეგიული მოკავშირეები არიან. ეს ალიანსი 2008 წლის აგვისტოს „ხუთდღიან ომამდე“ ჩამოყალიბდა. იმ დროს მოსკოვისა და თბილისის ურთიერთობა გაუარესებული იყო. საერთოდ, მაშინაც კი, როცა საქართველო დსთ-ის შემადგენლობაში შედიოდა, თბილისი მოსკოვს მაინც თავისი უბედურებების მთავარ მიზეზად მიიჩნევდა, განსაკუთრებით აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის საკითხებში.
თუმცა მართლმადიდებლურ დიპლომატიაში ადრეც და ამჟამადაც განსხვავებულ სიტუაციას ვხედავთ: საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, უკრაინის ეკლესიისაგან („კიევის საპატრიარქოსაგან“) განსხვავებით, დასავლეთისა და დასავლური ფასეულობების მიმართ კრიტიკული პოზიცია უკავია, თანაც ეს იმის გათვალისწინებით, რომ კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, საზოგადოებრივი გამოკითხვების მიხედვით, უდიდესი პოპულარობით სარგებლობს.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ილია მეორის კონტაქტები რუსეთთან ერთ-ერთ არაოფიციალური დიპლომატიურ არხად იქცა. ქართული ეკლესიის მეთაური არასდროს არ გაურბოდა შეხვედრებს არც მოსკოვის საპატრიარქოსთან, არც რუსეთის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან. თუმცა საქმე მარტო ანტივესტერნულ (ანტიდასავლურ) განწყობაში არაა: რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია არც 2008 წლამდე და არც მის შემდეგ არასდროს არ აყენებდა საკითხს თავის კანონიკურ ტერიტორიებად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების თაობაზე. მოსკოვის საპატრიარქო მიიჩნევდა და ახლაც მიიჩნევს, რომ აფხაზეთ და სამხრეთ ოსეთი რელიგიურად საქართველოს ეკლესიის დაქვემდებარებაში შედის - ალბათ იმიტომ, რომ მოსკოვი ითვალისწინებს როგორც უკრაინის პრობლემას, ასევე მოლდოვაში შექმნილ რეალობასაც, სადაც რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესია რუსეთის ეკლესიას „კონკურენციას“ უწევს.
მთელი ეს მართლმადიდებლური დიპლომატია მკაფიოდ ადასტურებს იმას, რომ ეკლესიათა იერარქები თავიანთი ინსტიტუციების ინტერესებს უფრო მაღლა აყენებენ და მეტ ყურადღებას უთმობენ, ვიდრე ისეთ აბსტრაქტულ ფასეულობებს, როგორიც ქრისტიანული სამყაროს ერთიანობაა.

















