რუსული გამოცემის, «Независимая газета – Религия»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში განხილულია საქართველოში
მიმდინარე საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობა, მასში ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის როლი. ყურადღება გამახვილებულია სამღვდელოების ცალკეული წარმომადგენლების დამოკიდებულებაზე პრეზიდენტობის კანდიდატების მიმართ.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ არტურ პრიმაკის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:
პუბლიკაციაში საუბარია პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრე ცაავას შორის მომხდარ კონფლიქტზე. როგორც ცნობილია, მიტროპოლიტმა ეჭვი შეიტანა სალომე ზურაბიშვილის პატრიოტობაში და საქართველოს საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი არასასიამოვნო ეპითეტებით შეამკო, ფაქტიურად - დასცინა. თავის მხრივ, სალომე ზურაბიშვილმა თავის გამოსვლებში ხაზი გაუსვა, რომ ქართული ეკლესიის წარმომადგენლები კონკორდატის პრინციპებს არღვევენო.
„სხვათა შორის, ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა იმითაც გამოირჩევა, რომ იგი მხარს უჭერს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, ანუ მის გამოსვლას მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებისაგან“, - აღნიშნავს სტატიის ავტორი.
მიტროპოლიტის შეგნებული მოქმედება სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმას ნიშნავს, რომ პეტრე ცაავა ფაქტიურად პრეზიდენტობის კანდიდატის - „ნაციონალთა“ წარმომადგენლის გრიგოლ ვაშაძის სასარგებლოდ მუშაობს. როგორც «Независимая газета»-ს ქართველმა საზოგადო მოღვაწემ ნანა კაკაბაძემ განუმარტა, „კონკორდატის პრინციპები მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროსაც ხშირად ირღვეოდა, თუმცა სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი რომც გახდეს, იგი კონკორდატს მაინც ვერ შეცვლის, უფლებამოსილება შეზღუდული ექნება“.
„ქართულ ეკლესიაში რამდენიმე გავლენიანი დაჯგუფება არსებობს, რომლებიც ქვეყნის სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებზე არიან ორინტირებულნი“, - ამბობს მოძრაობა „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა სტატიის ავტორთან საუბარში. მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკლესიაში ძლიერი ლობი ჰყავს, რამდენიმე ეპისკოპოსის და მიტროპოლიტის სახით. „პეტრე ცაავას გამოსვლა სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ და შესაბამისად, გრიგოლ ვაშაძის სასარგებლოდ, საქართველოში არავისთვის სიურპრიზი არაა. ყველასათვის ცნობილია, რომ ეკლესიაში თავისი მომხრეები ჰყავს „ქართულ ოცნებასაც“. კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ რელიგიის მსახურებს პოლიტიკური განცხადებებით გამოსვლა აუკრძალა, მაგრამ ცნობილია - როცა ერთი იწყებს, მას სხვებიც აჰყვებიან. შექმნილი სიტუაცია განპირობებულია საქართველოს ეკლესიის წარსულით, როცა ის მხარს უჭერდა პარტიულ და საბჭოთა ორგანოებს: სამღვდელოება მიჩვეული იყო საბჭოთა პარადიგმებით ცხოვრებას და დღეს, როცა ეკლესია სახელმწიფოსაგან ჩამოშორებულია, მათ თავისუფალი მოქმედება უჭირთ“, - ნათქვამია სტატიაში.

















