ბრიტანული გამოცემა, «Financial Times»-ი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით
ზალკალიანის ავტორობით სტატიას აქვეყნებს, რომელიც 14 სექტემბერს ედვარდ ლუისის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას პასუხობს.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას:
"ედვარდ ლუისმა თავის სტატიაში სათაურით «Georgia’s mourning for McCain feels like wake for US influence», რომელიც 14 სექტემბერს გამოქვეყნდა, საქართველოს შესახებ ისეთი სურათი დახატა, რომ ცოტა ვინმე თუ რაიმეს მიხვდება.
ჩვენ ბედმა გაგვიღიმა, რომ სენატორი ჯონ მაკკეინი მხარს გვიჭერდა - ისევე, როგორც ბევრი სხვა. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა გასულ წელს თბილისში ვიზიტის დროს აღნიშნა: საქართველომ 25 წლის განმავლობაში საოცარ პროგრესს მიაღწია, განსაკუთრებით კი ბოლო 5 წლის მანძილზე, რაც, ჩვენი აზრით, განამტკიცებს საქართველოს განაცხადს ნატოში გაწევრიანების მიზნით“
ევროკომისიის თავმჯდომარემ ჟან-კლოდ იუნკერმა, მიმდინარე წლის მაისში თბილისში გამოსვლისას თქვა, რომ საქართველო იზიარებს ევროკავშირის ფასეულობებს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის სფეროში და დაამატა, რომ „საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც ყოველთვის იყო ევროპის ნაწილი და ყოველთვის ევროპისაკენ იყურებოდა“.
საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია მტკიცე დემოკრატიულ ქვეყნად გადაქცევაში, სამოქალაქო საზოგადოების შექმნაში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების თავისუფლების უზრუნველყოფაში, კორუფციის აღმოფხვრაში და სასამართლოს რეფორმის განხორციელებაში. არჩევნები თავისუფალია და სამართლიანი, ჩვენი ეკონომიკა ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას და ორიენტირებულია გლობალური პარტნიორების ფართო წრის ბაზრისაკენ. ჩვენს მიერ მიღწეული პროგრესისა და რეალიზებული რეფორმების შედეგად საქართველომ ადგილი ევროკავშირის წევრი-სახელმწიფოების გვერდით დაიმკვიდრა და ზოგიერთს, დემოკრატიის თვალსაზრისით, ვუსწრებთ კიდეც.
მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არასაკმარისია და ამიტომ საქართველო მიღწეულზე არ ჩერდება. ჩვენ ვადამდე ვასრულებთ ევროკავშირთან დადებული ასოცირების შეთანხმების პირობებს, ვმუშაობთ ორმხრივი თანამშრომლობის გასაღრმავებლად. შესაბამისად, საქართველო ევროკავშირის ყველაზე წარმატებულ აღმოსავლელ პარტნიორად განიხილება. სავიზო რეჟიმის ლიბერალიზება კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს კავშირებს ევროპასთან.
ნატოს ივლისის სამიტზე აღიარებული იქნა საქართველოს ერთგულება დემოკრატიისა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობის გაფართოებისადმი შავიზღვისპირეთსა და სხვა რეგიონებში. სულ რაღაც ორი თვის წინ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსის შტაბ-ბინაში პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის დროს მაღალ დონეზე შეაფასა ნატოში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილი.
რთულ რეგიონში ჩვენ ვისწრაფვით, რომ განვავითაროთ ურთიერთობა ყველა ჩვენს მეზობელთან, მათ შორის რუსეთთანაც, რომელიც აგრძელებს ჩვენი ტერიტორიების ერთი მეხუთედი ნაწილის ოკუპირებას.
მოკლედ რომ ვთქვათ, საქართველო სრულიად იზიარებს და ერთგულია ევროპული და ამერიკული მიზნებისადმი, რჩება დემოკრატიის შუქურად არასტაბილურ რეგიონში და როგორც არასდროს, ისე ახლოს არის აშშ-სთან, ევროკავშირთან და ნატოსთან. ყოველი უსაფუძვლო მტკიცება, რომ სიტუაცია პირიქითაა, წყალს ასხამს ჩვენი მტრების წისქვილზე, რომლებსაც რეგიონის არევ-დარევა სურთ"-ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის წერილში.

















