რუსული გამოცემის, «КоммерсантЪ»-ის მიერ გამოქვეყნებული სტატია ეხება საქართველოს მთავრობის ინიციატივას,
რომელიც ქვეყანაში მარიხუანას (კანაფის) სამრეწველო წარმოებას და მისი ექსპორტს ითვალისწინებს და რომელმაც ქართულ საზოგადოებაში მნიშვნელოვანი აჟიოტაჟი გამოიწვია.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:
პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ მთავრობის ინიციატივას (კანონპროექტი უკვე შემუშავებულია და პარლამენტშია შეტანილი) ქართულ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. არიან მომხრეები, მაგრამ უფრო მეტი მოწინააღმდეგეები. მარიხუანის წარმოების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაც ჩაერთო: კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ საკვირაო ქადაგების დროს მკაცრად გააკრიტიკა ქვეყნის ხელისუფლება ასეთი ნაბიჯის გამო და განაცხადა: „არ შეიძლება, რომ ვუყუროთ მხოლოდ ეკონომიკას. რად გვინდა ისეთი ეკონომიკა, თუ დავკარგავთ ჩვენს შვილებს“.
საინტერესოა, რომ ქართულ ეკლესიას საკმაოდ მოულოდნელი მოკავშირე გამოჩნდა ყოფილი პრტეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და მისი პარტიის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახით. ამჟამად მიხეილ სააკაშვილი ნიდერლანდებში ცხოვრობს და იქიდან თავის მხარდამჭერებს მღვდლების მხარეზე დადგომისაკენ მოუწოდა - „ხმა აღიმაღლეთ და წინ აღუდექით რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის მცდელობებს, რომელსაც საქართველოს ავღანეთად გადაქცევა უნდაო“. ექს-პრეზიდენტის განცხადებით, მარიხუანას ბიზნესში ბიძინა ივანიშვილი ლიცენზიების მიცემას მხოლოდ თავისთან ახლო მდგომ პირებისათვის გეგმავს, „მაგრამ მე მალე დავბრუნდები და მას ამის ნებას არ მივცემ“.
ცხადია, ყველა ქართველი მღვდელი არ იწონებს იმ ფაქტს, რომ მათ მოულოდნელად ასეთი არასასურველი მოკავშირე გამოუჩნდა. ცნობილია, რომ ქართული ეკლესია ექს-პრეზიდენტის მმართველობის წინააღმდეგ ხშირად გამოსულა. სხვათა შორის, „ნაციონალებმა“ ხელისუფლება სწორედ ეკლესიის ნეგატიური პოზიციის გამოც დაკარგეს.
როგორც ჩანს, მთავრობა მიხვდა, რომ სიტუაციამ მათთვის საშიში სახე მიიღო და ამიტომ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტორიტეტის წინააღმდეგ გამოსვლა ვერ გაბედა. პარლამენტის სპიკერმა ირაკლი კობახიძემ უკვე განაცხადა, რომ საკანონმდებლო ორგანოში მარიხუანას წარმოება-გაყიდვის შესახებ კანონპროექტის განხილვა გადაიდო. თუმცა ზოგიერთი ქართული ტელეარხის ეთერში ისევ გრძელდება მარიხუანას კულტივაციის მომგებიანობის რეკლამირება...
როგორც „კომერსანტის“ კორესპონდენტს პრემიერ-მინისტრის ყოფილმა მრჩეველმა, ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი ხუხაშვილმა განუცხადა, „მარიხუანას ლეგალური წარმოებით მიღებულ სერიოზულ მოგებაზე ლაპარაკი არასერიოზულია“. მისი აზრით, მარიხუანას სამრეწველო წარმოება იმდენ თანამდევ რისკებთანაა დაკავშირებული, „რომ მიზანშეწონილი იქნებოდა ამ საკითხზე საერთო-ეროვნული რეფერენდუმი ჩატარებულიყო“.

















