"ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა, რომლებმაც შვილები სხვადასხვა გარემოებებში
დაკარგეს, საქართველოს პარლამენტის შენობასთან, თბილისში, შიმშილობა დაიწყეს. მათ სრული უნდობლობა გამოხატეს ხელისუფლების მიმართ, მოითხოვეს როგორც პარლამენტისა და მთავრობის გადადგომა, ასევე საკანონმდებლო ორგანოს ვადამდელი არჩევნები. „საქართველოს ხელისუფლება ჩვენი შვილების მკვლელებს მფარველობს“ - ამ დევიზით ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა მოსახლეობას მხარდაჭერისაკენ მოუწოდეს"-ასე იწყება რუსული გამოცემის, «Независимая газета»-ს მიერ იური როქსის ავტორობით გამოქვეყნებული სტატია, რომლის ქართულენოვან, შემოკლებულ ვერსიას საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ:
ზაზა სარალიძის მორიგი გააქტიურება, როგორც ჩანს, დროებითი საპარლამენტო კომისიის მოხსენებამ გამოიწვია, რომელშიც თბილისის საჯარო სკოლის ორი მოსწავლის მკვლელობის გარემოებებია გადმოცემული. დეპუტატებმა მნიშვნელოვანი მომენტები გამოავლინეს და დასკვნაში პროკურატურა მკვლელობის საქმის გამოძიებაში დაშვებული შეცდომების გამო გააკრიტიკეს. სხვათა შორის, კომისიის მუშაობის შემაჯამებელ ეტაპზე მისი წევრები ორ ჯგუფად გაიყვნენ - ოპოზიციურ და სახელისუფლო დეპუტატებად, თუმცა, ამის მიუხედავად, მოხსენება უფრო მეტად ოპოზიციონერი დეპუტატების თვალსაზრისს ასახავს.
ხელისუფლების წარმომადგენელმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კომისიის მუშაობის მიმართ პრეტენზიები გამოხატა და მოხსენება არასრულყოფილად მიიჩნია. მისი თქმით, „ოპოზიცია მთავრობას აკრიტიკებს - ზაზა სარალიძის შვილის მკვლელს მფარველობსო და იმავდროულად მკვლელის სავარუდო გვარს არ ასახელებსო“. სწორედ ამ გარემოებამ შეარყია ზაზა სარალიძის რწმენა სამართლიანობის დაცვის მიმართ.
შეძლებენ თუ არა ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი ქართული საზოგადოების უკმაყოფილების ახალი ტალღის აზვირთებას, ჯერ-ჯერობით გაურკვეველია. მათი აქციის პირველი დღე მაინცდამაინც ხალხმრავალი არ გამოდგა. შესაძლოა, მხარდამჭერთა რაოდენობაზე წვიმამ და აცივებამ იმოქმედა, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ პოლიტიკური ოპოზიცია, უპირველესად კი ყოფილი სახელისუფლო პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მათ მხარს დაუჭერს. ხელისუფლება ისევ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა: დავით სარალიზისა და თამერლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის ისტორია და მათი მშობლების მცდელობა სამართალის მისაღწევად დიდი ხანია გასცდა საქართველოს საზღვრებს და საერთაშორისო რეზონანსი ჰპოვა.
იმავდროულად ხელისუფლებამ საგრძნობი დარტყმა მიიღო სხვა მიმართულებიდანაც: სამაუწყებლო ტელეარხ „იბერიის“ თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია დაიწყეს და მთავრობა არხის დამფინანსებელი კომპანია „ომეგა-ჯგუფი“-სადმი ზეწოლაში დაადანაშაულეს... გაისმა განცხადებები მასმედიის შეზღუდვის თაობაზეც... რასაკვირველია, ამ საკითხზე მთავრობას თავისი არგუმენტები აქვს: ფინანსთა სამინისტროს მტკიცებით, კომპანიამ ბიუჯეტს 50 მლნ. ლარი დააკლო, ამიტომაც მისი საქმიანობა შეიზღუდა. ამ შემთხვევაში სიტყვის თავისუფლების დარღვევა არაფერ შუაშია.

















