„მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ კონტროლებული მმართველი პარტია „ქართული
ოცნება“ ოქტომბერში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს. იგი საფრანგეთში დაიბადა და დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში, შემდეგ კი საქართველოს დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელიც გახდა, მაგრამ იმდროინდელ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან და მის გარემოცვასთან მწვავე უთანხმოების გამო სალომე ზურაბიშვილმა მინისტრის პოსტი დატოვა. იგი რუსეთთან 2008 წელს მომხდარი ომის დაწყებაში, მოსკოვთან ერთად, მიხეილ სააკაშვილსაც ადანაშაულებს, რის გამოც ოპოზიცია, განსაკუთრებით კი „ნაციონალები“ სალომე ზურაბიშვილს „მოღალატეს“ და „კრემლის ქალს“ უწოდებენ’, - აღნიშნულია რუსული გამოცემის, «КоммерсантЪ»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.
პუბლიკაციაში მოცემულია სალომე ზურაბიშვილის ბიოგრაფია, მისი პოლიტიკური კარიერა როგორც საფრანგეთში, ასევე საქართველოში. სტატიაში ციტირებულია როგორც საქართველოს პარლამენტის სპიკერის ირაკლი კობახიძის განცხადება საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის თაობაზე, ასევე ქართველი ექსპერტ-პოლიტოლოგების თვალსაზრისებიც: რამაზ საყვარელიძის თქმით, მართალია, ზოგიერთი მონაცემით („კვირის პალიტრის“ გამოკითხვის თანახმად), სალომე ზურაბიშვილის რეიტინგი (19%) მცირედ უსწრებს პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის რეიტინგს (18%), მაგრამ რეალურად სიტუაცია სალომეს სასარგებლოდაა.
სალომე ზურაბიშვილს მკაცრად აკრიტიკებენ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მომხრეები: «КоммерсантЪ»-თან საუბრისას „ერთიანი ნაცმოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია აცხადებს: „სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელი კანდიდატი არ არის. იგი მთლიანადაა დამოკიდებული მილიარდერ ბიძინა ივანიშვილზე, რომელიც, თავის მხრივ, პუტინის ბრძანებებს ასრულებს. კრემლს საქართველოში პრორუსული პრეზიდენტის არჩევა სურს“.
„ნაციონალთა“ პოზიცია გასაგებია - მათ სალომე ზურაბიშვილი იმიტომ არ მოსწონთ, რომ იგი მკაცრად აკრიტიკებს მათ ლიდერს - ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 2008 წელს რუსეთთან კონფლიქტის დაწყებაში. თავის მხრივ, ჯერ საქართველოდან გაქცეული, შემდეგ კი უკრაინიდან გაძევებული მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილს ნიდერლანდებიდან ეხმაურება და მოსახლეობას მოუწოდებს, პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი არ აირჩიონ და ამით მოსკოვის სურვილი არ დააკმაყოფილონ: „დავბრუნდები და თქვენი დახმარებით ყველას ქვეყნიდან გავყრი - ბიძინა ივანიშვილსაც და მის პრორუსულ ხროვას“, - ციტირებს «КоммерсантЪ»-ის კორესპონდენტი ექს-პრეზიდენტის განცხადებას „რუსთავი-2“-ის ეთერში.

















