„საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ 28 ოქტომბერს დაგეგმილ
საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს - ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე, რომელსაც მისი თავმჯდომარე, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილიც მონაწილეობდა. ამრიგად, საარჩევნო კამპანიაში აშკარა ფავორიტი გამოვლინდა, თუმცა, ოპოზიციის მტკიცებით, სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვება მხოლოდ ტოტალური გაყალბებით შეუძლია“, - აღნიშნულია რუსული გამოცემის, «Независимая газета»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ იური როქსის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:
პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ საქართველოს ყოფილ მინისტრს და საფრანგეთის ყოფილ მოქალაქეს მოწინააღმდეგებიც ჰყავს: „ქართული საზოგადოების ნაწილის მთავარი პრეტენზია სალომე ზურაბიშვილის მიმართ 2008 წელს მომხდარი საქართველო-რუსეთის ომის შეფასებაში გამოიხატება. ექს-მინისტრს არაერთხელ განუცხადებია, რომ „ომამდე საქმე მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის ავანტიურულმა, დაუფიქრებელმა პოლიტიკურმა კურსმა მიიყვანა“, რის გამოც ოპოზიციამ სალომე ზურაბიშვილს „რუსეთის ინტერესების გამტარებელი“ უწოდა. „ქართულმა ოცნებამ“ კი თავისი პროტეჟე გაამართლა: პარტიის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილისა და მმართველი პარტიის შეფასება 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ ერთმანეთს ემთხვევა.
პუბლიკაციაში საუბარია პრეზიდენტობის სხვა კანდიდატებზეც, რომლებიც მეტ-ნაკლებად ცნობილი სახეები არიან ქართულ პოლიტიკაში: „ერთიანი ნაცმოძრაობის“ მიერ წარდგენილი გრიგოლ ვაშაძე, რომელიც ცდილობს საკუთარი თავი მსოფლიო ლიდერების დონეზე წარმოაჩინოს - ტელეარხ „რუსთავი-2“-ის ვიდეოკლიპში ასახულია მისი შეხვედრები რიგი ქვეყნების მეთაურებთან, როცა იგი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო; ზურაბ ჯაფარიძე - მარიხუანას ლეგალიზების ინიციატორი, ექს- „ნაციონალი“, დღეს კი პარტია „გირჩის“ ლიდერი, რომელმაც საკუთარი საარჩევნო რეკლამა პორნოგრაფიულ საიტზე განათავსა.

















