კონფლიქტოლოგი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი რუსულ გამოცემა «Независимая газета»-ში
ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც განხილულ-გაანალიზებულია საქართველოს ხელისუფლების, ქართული საზოგადოების და პოლიტიკური ელიტის დამოკიდებულება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებთან
პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების დაწყებიდან 25 წელი გავიდა, მაგრამ პრობლემა ჯერ კიდევ მოგვარებული არ არის. ავტორი ცდილობს განსაზღვროს, თუ როგორ შეიძლება ისინი მოგვარდეს, როგორი პოლიტიკა უნდა გატარდეს რუსეთთან, რა დახმარება შეუძლია გაუწიოს საქართველოს დასავლეთმა და ა.შ.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუისპრესი“ გთავაზობთ სტატიის შემოკლებულ ვერსიას:
„საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტების დაწყებიდან 25 წელზე მეტი გავიდა. ეს დრო საკმარისია იმისათვის, ქართულმა საზოგადოებამ და პოლიტიკურმა ელიტამ მომხდარი ფაქტები გაიაზროს და გააცნობიეროს. დადგა დრო გადაიხედოს პოლიტიკა და დავფიქრდეთ - მისაღებია თუ არა ჩვენთვის დღევანდელი შედეგები და საჭიროა თუ არა ჩვენ მიდგომებში რაიმე შეიცვალოს.
კონფლიქტებში ჩაბმულმა მხარეებმა დასახულ მიზნებს ვერ მიაღწიეს. მოსკოვის ამოცანას შეადგენდა საქართველოს დაბრუნება რუსეთის ორბიტაზე, თავისი გავლენის ზონაში, მაგრამ პირიქით გამოვიდა. რუსეთის მოქმედების შედეგად - ოკუპაციით და აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლად აღიარებით თბილისი მოსკოვს კიდევ უფრო მეტად დაშორდა. გაწყდა დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, მაგრამ გაძლიერდა საქართველოს ევროატლანტიკური ვექტორი. თავის მხრივ, თბილისის პროდასავლურმა პოლიტიკამ პრორუსულად განწყობილი რეგიონების გაუცხოება გამოიწვია.
რუსეთმა ვერ განახორციელა თავისი გეგმები. მოსკოვმა ვერ მიაღწია სამხრეთ კავკასიაზე კონტროლის გაძლიერებას, სადაც საქართველო უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს, მის ტერიტორიაზე არსებული საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე სატრანზიტო კომუნიკაციებით. საქართველო კავკასიის ჭიშკარია და მას რუსეთი ვერ აკონტროლებს.
თავიანთი მიზნები ვერც აფხაზებმა და ვერც ოსებმა ვერ შეისრულეს: საერთაშორისო საზოგადოებამ მათი სუვერენიტეტი არ აღიარა. ისინი აცნობიერებენ, რომ სირიის მსგავსი ქვეყნებისაგან აღიარება ერთგვარი თამაშია და რომ რუსეთი მათ არსადაც არ გაუშვებს. მათ დამოუკიდებლობის რეალური შანსი დღევანდელ სიტუაციაში არ აქვთ.
საქართველომაც ვერ მიაღწია თავის საწადელს: მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ვერ მოხერხდა, ჩვენ ახლა უნდა განვსაზღვროთ, რომელი ტიპის სახელმწიფოში უნდა ვიცხოვროთ აფხაზ და ოს ხალხთან ერთად? ეს უკიდურესად აუცილებელია, რადგანაც ტერიტორიუელი მთლიანობის იდეა კონსტიტუციაში დაფიქსირებული, საერთაშორისო თანამეგობრობა კი ერთმნიშვნელოვნად მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს. მხოლოდ ქართულ სახელმწიფოზე და ქართულ საზოგადოებაზეა დამოკიდებული თანაარსებობის, თანაცხოვრების ისეთი ფორმების არჩევა, რომელიც აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებს დააინტერესებთ.
საქართველო თავიდან ვერ აიცილა საბჭოთა იმპერიის დაშლის ნეგატიური შედეგები. თავის მხრივ, რუსეთის იმპერიამ საბჭოთა პერიოდი გადაიტანა, 2007 წლიდან კი ნეოიმპერიის მოდერნიზებას შეუდგა. პირველ შემთხვევაში ჩვენს ტერიტორიაზე კონფლიქტები გაჩნდა, ხოლო მეორე შემთხვევაში - საქართველო-რუსეთის ომი დაიწყო, 2008 წელს, რომელიც ჩვენი ტერიტორიების ოკუპირებით დასრულდა. ჩამოყალიბდა ახალი რეალობა საქართველოსთვის, რუსეთისა და აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთისათვის.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მმართველმა „ქართულმა ოცნებამ“, მიუხედავად იმისა, რომ ის მწვავედ აკრიტიკებს თავის წინამორბედს - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ კონფლიქტების მოუგვარებლობის საკითხში, „ნაციონალების“ მიერ შექმნილი ნარატივი პრაქტიკულად უცვლელი დატოვა. სწორედ ეს ითვლება ერთ-ერთ მთავარ მიზეზად იმისა, რომ კონფლიქტების მოგვარებაში დინამიკა არ არსებობს.
ესე იგი, რა გამოდის - თბილისი მიმდინარე პოლიტიკა აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის მიმართ უკვე თითქმის დავიწყებული ხაზის გაგრძელებაა? მოკლედ თუ ვიტყვით, ეს პოლიტიკა შემდეგში გამოიხატება: საქართველო აგრესორ-ოკუპანტ რუსეთის მსხვერპლია, ანუ იმ რუსეთისა, რომელმაც საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ უკანონოდ აღიარა. ეს პოზიცია განმტკიცებულია იმით, რომ თბილისი ყოველთვის უთითებს რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე უკრაინის მიმართ. აქედან გამომდინარე, თბილისი ელოდება, რომ მთელი მსოფლიო საქართველოს გამო რუსეთს დაუპირისპირდეს, ყველა წინ აღუდგეს მოსკოვს და ქართული ინტერესები დაიცვას. აი, სწორედ ამ ნარატივს ეფუძნება 2008 წლიდან საქართველოს მიდგომები. ეს მნიშვნელოვანწილად კონფლიქტების მოგვარების მუხრუჭს წარმოადგენს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ურთიერთდამოკიდებულების დარეგულირება უპირველესად ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებით უნდა დაიწყოს და შემდეგ საერთაშორისო მხდარდაჭერით გაგრძელდეს.
გაეროს გენასამბლეა უკვე რამდენიმე წელია იღებს რეზოლუციებს ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნების თაობაზე. ევროპარლამენტმაც მიიღო 2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავზე ხისტი რეზოლუცია რუსეთის წინააღმდეგ. ბუნებრივია, ქართული საზოგადოება და პოლიტიკური ელიტა კმაყოფილია საერთაშორისო თანამგეობრობის ამგვარი პრინციპული მხარდაჭერით. მაგრამ რა დგას რას რას ვხედავთ ამ ყველაფრის უკან?
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარო პოლიტიკასა და უსაფღტხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინმა განაცხადა, რომ მთელი ჩვენი მოქმედება აფხაზეთ- სამხრეთ ოსეთის მიმართ სრულიდაა კოორდინირებული და შეთანხმებული საქართველოს ხელისუფლებასთანო და ჩვენი მიდგომები თბილისის მიდგომებს ემთხვევაო“.
კეთილი და პატიოსანი. ეს სიტყვები მართლაც ძალიან სასიამოვნოა მოსასმენად, მაგრამ... არსებითად არაფრის მთქმელია. დღევანდელი სიტუაცია ძალიან ჰგავს ქართული კომედიის „ცისფერი მთების“ გმირების დავას... ვამბობთ, რომ ჩვენი მთავარი სტრატეგია ევროკავშირისა და დასავლეთის მხარდაჭერის მიღწევაში გამოიხატება, ევროკავშირი კი გვპასუხობს, რომ ჩვენ თქვენი პოლიტიკის მიხედვით ვმოქმედებთო.
თითქოსდა მოჯადოებულ წრეში ვართ: ევროპა გველოდება და იმედი აქვს, რომ თბილისი რაღაცას გააკეთებს თავის ორბიტაში აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის მოზიდვისათვის, ჩვენ კი დასავლეთის მოქმედებას ველოდებით და მას „ნაციონალური“ ხელისუფლების მიერ მომზადებულ სტრატეგიას ვთავაზობთ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ, რომელსაც არასოდეს არ უმუშავია და დღემდე არ შეცვლილა.
ევროკავშირი და დასავლური ინსტიტუტები უშუალოდ მონაწილეობენ მსოფლიო პროცესებში. პრობლემები უამრავია - ირანი, სირია... ჩვენ ხშირად ვართ მოწმენი ბოლო დროს აშშ-ის არასტაბილური და ხშირად საკმაოდ წინააღმდეგობრივი პოლიტიკისა... ჩვენს რეგიონში აშკარად მტკიცდება რუსეთ-თურქეთ-ირანის ღერძი. ასეთ რთულ სიტუაციაში, რა თქმა უნდა, ევროკავშირიც, ნატოც და სხვა სტრუქტურებიც ყოველ მეტ-ნაკლებად წარმატებულ პროექტს მხარს უჭერენ. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში განხორციელებული რეფორმები დასავლეთისთვის მართლაც ერთ-ერთ წარმატებულ პროექტს წარმოადგენს. ამავე დროს დასავლეთს სურს, რომ საქართველომ კრიტიკულად შეაფასოს, კრიტიკულად მიუდგეს საკუთარი გეგმები კონფლიქტების მოგვარების საკითხში. ყოველმა კონფლიქტოლოგმა იცის, თუ რა პრინციპულად და ხისტად ეკიდება ევროკავშირი მასში გაწევრიანების მსურველ სახელმწიფოებს, რომლებთაც ტერიტორიების საკითხში პრობლემები აქვთ და კონფლიქტები ჯერ კიდევ არ დაურეგულირებით - მაგალითად, კვიპროსის, სერბეთის მიმართ...
ჩემთვის დღევანდელი ვითარება შემაშფოთებელია. ხომ მივეჩვიეთ ასეთ სიტუაციას? ხომ არ გახდა ის კომფორტული ჩვენთვის? ხომ არ მოდუნდა ჩვენი სიფხიზლე ახალი მუქარებისა და გამოწვევების მიმართ? ყალიბდება ისეთი განწყობა, რომლის მიხედვით, მნიშვნელობა იმას კი არ აქვს, თუ როგორი ფორმით მოხდება აფხაზებთან და ოსებთან შერიგება, არამედ იმას, თუ რამდენი ხმით დაუჭერს გაეროს გენასამბლეა მხარს ჩვენ მიერ შეტანილ რეზოლუციის პროექტს აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის შესახებ. ეს ძალიან სახიფათოა. ათი წელია მსგავსი რეზოლუციები იხილება გაეროს გენეასაბლეის სხდომებზე. დიახ, ჩვენი მხარდამჭერი ქვეყნების რიცხვი მატულობს, მაგრამ ასევე იზრდება რუსეთის მხარდამჭერთა რაოდენობაც იმათ ხარჯზე, რომლებიც ადრე თავს იკავებდნენ. ჯერ კიდევაა დარჩენილი 60 თავშემკავებელი ქვეყანა, 40 თუ 50 კენჭისყრაში საერთოდ არ მონაწილეობს. და თუ ჩვენ იმას დაველოდებით, თუ როდის შევიძენთ საჭირო რაოდენობის ახალ მეგობრებს, რომ გაერომ საბოლოოდ მიიღოს გადაწყვეტილება, ასეთი ტემპით ნახევარი საუკუნე კიდევ გავა. განა ესაა წარმატება? განა ამით უნდა იამაყოს ხელისუფლებამ თავისი მოსახლეობის წინაშე?
ასეთი კომფორტული სიტუაცია უკიდურესად სახიფათოა. ძალიან საგანგაშოა, როცა „ყველაფერი კარგადაა, წესრიგშია“ და „ჩვენ არაფერში ბრალი არ მიგვიძღვის“.. მე ყველაზე უფრო იმისი მეშინია, რომ ვაითუ ქართველებში გამოუვალობის, უსაშველობის გრძნობა გაჩნდეს: სულერთია, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს მაინც ვერ დავიბრუნებთ, იქ მცხოვრებ ხალხებთან ნდობის აღდგენა შეუძლებელია და ამიტომაც მათთან მოლაპარაკებას აზრი არ აქვს. და რადგანაც ასეა, ვეცადოთ, რომ ყველაფერზე პასუხისმგებლობა რუსეთს დავაკისროთ.
ადრე თუ გვიან ასეთი პოზიცია ახალ კრიზისამდე მიგვიყვანს. ჩვენ დავიბნევით იმ წყალგამყოფი წერტილის ძიებაში, რომელმაც პროცესებისადმი ქართული მხარის მართვა გამორიცხა. დარწმუნებული ვარ, რომ ასეთ შემთხვევაში ქართული საზოგადოება პრობლემის ძებნას საკუთარ თავში კი დაიწყებს, არამედ, უბრალოდ, გამოაცხადებს, რომ დასავლეთისადმი იმედებმა არ გაამართლა, დასავლეტი ისე არ დაგვეხმარა, როგორც საჭირო იყოო. ჩვენ ისევ დავიწყებთ პრობლემის სხვისადმი გადაბრალებას - აი, შეხედეთ, რუსეთი როგორი აგრესიულიაო და იმავდროულად დასავლეთს ვუსაყვედურებთ - პასიურობას ამჟღავნებსო. დღეს ჩვენ ფაქტიურად მთელი ჩვენი რესურსები და მოლოდინები დასავლეთის ქვეყნებისა და დასავლური ინსტიტუტების მხრებზე გადავალაგეთ, რომლებსაც უამრავი პრობლემები აქვთ და ჩვენთვის არ სცხელათ. სწორედ ამიტომაც ისინი ჩვენთვის სასიამოვნო ისეთ რეზოლუციებს იღებენ, რომლებიც არავის არაფერს ავალდებულებს და რომელთა პრაქტიკული სარგებლიანობა ძალიან საეჭვოა.

















