პოლონური გამოცემის, «Gazeta Polska»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში განხილულია
პოლონეთისა და საქართველოს ურთიერთობის საკითხები: რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო პოლონეთისათვის? როგორ უყურებს პოლონეთი საქართველოს პრობლემებს? რით უნდა დაეხმაროს პოლონეთი საქართველოს? (ავტორი - პშემისლავ ჟურავსკი).
„პოლონეთი და საქართველო: ერთ ბედქვეშ
საქართველო ერთადერთი ქრისტიანულ-მართლმადიდებელი ქვეყანაა, რომელმაც შუა საუკუნეებში საკუთარი რაინდული ეპოსი შექმნა - იმის მსგავსი, როგორიც იმავე პერიოდში ლათინურ ევროპაში არსებობდა. პოემა „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც მე-12 საუკუნეში შოთა რუსთაველმა დაწერა, შეიძლება „სიმღერა როლანდის“ ანდა პოლონელი რაინდის ზავიშ ჩერნის ანალოგად ჩავთვალოთ. ჩვენი ქვეყნების კულტურას ერთმანეთთან ააახლოებს აგრეთვე პოლონური შლიახტის და ქართული თავადაზნაურობის სოციალური როლი და რუსეთის უღელქვეშ ყოფნის საერთო გამოცდილება.
თუმცა დავანებოთ თავი ისტორიულ, მორალურ და სენტიმენტალურ მატერიებს და ემოციების გარეშე განვიხილოთ, თუ რა ინტერესები გვაკავშირებს საქართველოსთან. აქ ორი ასპექტი უნდა გამოვყოთ:
პირველი - საქართველო წარმოადგენს კრემლის მიერ უკონტროლო ტრანზიტულ დერეფანს კასპიის რეგიონიდან ევროპაში ენერგორესურსების გადატანად. უიმისოდ ისეთ პროექტებს, როგორიცაა ნავთობსადენი „ბაქო-სუფსა-ბროდი-პლოცკი-გდანსკი“ ან გაზსადენი „ბაქო-პერემიშლი“, აზრი არ ექნება. საქართველოს სუვერენიტეტი და უსაფრთხოება საშუალებას იძლევა შეიქმნას „სამი ზღვის - ბალტიკა-ადრიატიკა-შავი ზღვის“ («Baltic-Adriatic-Black Sea», BABS) ენერგეტიკული დამოუკიდებლობის სამხრეთი საყრდენი. 2008 წელს რუსმა სამხედროება წინასწარგანზრახულად დაანგრიეს ის ინფრასტრუქტურა, რომელიც კასპიის ზღვიდან შავი ზღვისაკენ ნავთობ-გაზის გადატანას ემსახურება, რაც „რუსული მილსადენური გეოპოლიტიკის“ ჭეშმარიტ სურათს გვაჩვენებს. ეს ეხება აგრეთვე „ჩრდილოეთის ნაკადის“ მეორე რიგის მშენებლობას, რომელიც პოლონეთის, ბალტიის ქვეყნებისა და უკრაინის ინტერესებს აზიანებს.
მეორე - საქართველო, სუვერენული სახელმწიფო და გაეროს წევრი, გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც 1991 წლიდან რუსეთის აგრესიის გამოცდილება მიიღო. ამ „წარმატებამ“ რუსებს შეიძლება ილუზიები გაუჩინოს, რომ სამომავლოდ იგივეს გამეორება დაუსჯელად შეიძლება. პოლონეთი დაინტერესებულია, რომ მსგავსი აგრესია აღარ განმეორდეს. ამრიგად, ამ კავკასიური ქვეყნის პოლიტიკურ-ფსიქოლოგიური მნიშვნელობა აჭარბებს მატერიალურ პოტენციალს და პოლონეთის უსაფრთხოებისათვის საქართველო საკვანძო სახელმწიფოს როლს ასრულებს.
პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და საქართველო
პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი საქართველოში 7-ჯერ იყო ჩასული, თუმცა ამ ვიზიტებიდან განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ 2008 წლის 12 აგვისტოს (რუსეთის აგრესიის პერიოდი) და 23 ნოემბერი (როცა პრეზიდენტის კორტეჟს სოფელ ოძისთან სროლა აუტეხეს). მიმდინარე წლის 7 აგვისტოს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იაცეკ ჩაპუტოვიჩი ლიტუველ, ლატვიელ და უკრაინელ პოლიტიკოსებთან ერთად ეწვია იმავე ადგილს, რომელსაც ქართველები „გამმიჯნავ ხაზს“ უწოდებენ. ჩვენ ხომ მსგავსი „ხაზები“ საკუთარი ისტორიიდანაც კარგად ვიცით: 1772 წელს ასეთი „ხაზი“ რუსეთმა - დამპყრობელმა სახელმწიფომ დაგვიწესა, დღეს კი იგივე გამოცდილება მიიღო საქართველომაც.
2008 წელს პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ (პარტია „კანონი და სამართლიანობა“) მხარი დაუჭირა პოლონეთის ხელმძღვანელობის მისამართით გამოგზავნილ საქართველოსა და უკრაინის თხოვნას - არ ეღიარებინათ კოსოვოს დამოუკიდებლობა. კიევი და თბილისი შიშობდნენ, რომ კოსოვოს დამოუკიდებლად აღიარებით რუსები ისარგებლებდნენ. ისინი მართლები იყვნენ, მაგრამ რადგანაც იმ დროს პოლონეთის მთავრობა პარტია „სამოქალაქო პლატფორმისა“ და გლეხთა პარტიის მიერ შექმნილი, ამიტომ თბილისისა და კიევის თხოვნა იგნორირებული იქნა. საერთოდ, პოლონეთის პოზიცია კოსოვოს სტატუსზე გავლენას მაინც ვერ მოახდენდა, მაგრამ ეს ერთგვარი ჭეშმარიტების მომენტი იყო - რამდენად მზად ვართ ჩვენ საქართველოსა და უკრაინასთან სოლიდარობისათვის, როცა ისინი ჩვენგან დახმარებასა და მხარდაჭერას ელოდებიან. პოლომეთის პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ეს ესმოდა, მაგრამ პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს და საგარეო საქმეთა მინისტრს რადოსლავ სიკორსის კი არა. მართალია, დასავლეთის დიდი ქვეყნები პოლონეთზე ზეწოლას ახდენდნენ, მაგრამ შეიძლებოდა წინააღმდეგობის გაწევა ისევე, როგორც ეს რუმინეთმა გააკეთა - პოლონეთის მოკავშირემ ნატოს, „ბუქარესტის ცხრიანისა“ და „სამი ზღვის ინიციატივის“ ჩარჩოებში.
პოლონეთის კურსის ცვლილება
2007 წელს პოლონეთში ხელისუფლება შეიცვალა, 2010 წელს კი პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი ავიაკატასტროფაში დაიღუპა. შესაბამისად, პოლონეთის პოლიტიკაში საქართველოს მნიშვნელობა შემცირდა. ვარშავაში ბარაკ ობამას ვიზიტის დროს (2011 წლის 27-28 მაისი) მის შეხვედრაზე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ლიდერებთან თბილისის წარმომადგენელი არ მიუწვევიათ.
პოლონეთის პოლიტიკის ქართული მიმართულება წინა მთავრობის დროს ევროპული სიბრტყით შემოიფარგლებოდა: ჩვენ უარი ვთქვით ორმხრივ სასარგებლო ინიციატივებზე და ველოდებოდით, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს ბრიუსელი. ბრიუსელმა კი საქართველო 2008 წლის ომის გაჩაღებაში დაადანაშაულა. იმიტომ, რომ იმ დროს გერმანია და საფრანგეთი რუსეთთან ერთად „პარტნიორობა მოდერნიზებისათვის“ პროექტს ახორციელებდნენ. გარდატეხა უკრაინის მაიდნის ფონზე მოხდა: საქართველომ „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ სამიტზე ვილნიუსში (2013 წლის 28-29 ნოემბერი) ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირება მოახდინა, ხოლო 2014 წლის 25 ივნისს მას ბრიუსელმა ხელი მოაწერა.
კოსოვო და აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთი: არასწორი შედარება
რუსეთი ცდილობს დაამტკიცოს, რომ სამხრეთ ოსეთის ირგვლივ შექმნილი სიტუაცია კოსოვოს სიტუაციის იდენტურიაო, მაგრამ ეს ასე არ არის. კოსოვური სეპარატიზმის ჩასახვის უკან დასავლეთი არ მდგარა, ხოლო 1999 წლამდე კოსოვოს მოსახლეობის 90%-ს ალბანელები შეადგენდნენ. ისინი ათი წლის განმავლობაში იბრძოდნენ სამოქალაქო უფლებებისა და ავტონომიის აღსადგენად, რომელიც მათ სერბეთის პრეზიდენტმა სლობოდან მილოშევიჩმა გაუუქმა. მხარე, რომელიც უარს ამბობდა მოლაპარაკებაზე, სწორედ სერბეთი იყო. სწორედ სერბებმა დაიწყეს ეთნიკური წმენდა, რამაც საბოლოო ჯამში დასავლეთი აიძულა კოსოვოს საქმეებში ჩარეულიყო. გარდა ამისა, დასავლეთს კარგად ახსოვდა სლოვენიის, ხორვატიისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის ომების მძიმე შედეგები. კოსოვოში კონფლიქტის ესკალაციის ფაზა მაშინ დაიწყო, როცა ალბანეთში განვითარებული კრიზისის შედეგად ალბანური არმიის საწყობებიდან დიდძალი იარაღი კოსოვოში მოხვდა.
საქართველოში კი სრულიად სხვა სიტუაცია იყო. იქ 1990-იანი წლების დასაწყისში ომის შემდეგ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მომხდარი ეთნიკური წმენდის მსხვერპლი ქართველები აღმოჩნდნენ, თანაც სეპარატისტებს მხარს რუსეთი უჭერდა. კოსოვოს ხელმძღვანელებიდან არავინ არ ყოფილა „ცეერუ“-ს ან რომელიმე უცხოური სპეცსამსახურის წევრი (სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებაში კი ბევრი რუსი იყო, რომლებიც ადრე რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობდნენ). კოსოვოს ალბანური მოსახლეობისათვის არავის არ დაურიგებია ამერიკული პასპორტები, შესაბამისად, ვერავინ იტყოდა, რომ დასავლეთი (აშშ) თავის მოქალაქეებს იცავს. მოსკოვმა კი ადგილობრივ ოსებს რურული პასპორტები დაურიგა. თბილისში თავის არსებობას განაგრძობს სამხრ.ოსეთის დევნილი ხელისუფლება, სერბეთში კი კოსოვოს დევნილი ხელისუფლება არ არის. ცხინვალის რეგიონი ფაქტიურად ხელოვნური „სახელმწიფოებრივი“ წარმონაქმნია: ეთნიკური წმენდის შემდეგ იქ მხოლოდ 35 ათასამდე ოსი დარჩა, ანუ იმდენი მოსახლეობა, რამდენიც პოლონეთის ერთ პატარა ოლქში ცხოვრობს.
დასკვნები:
საქართველო, რომელიც თურქეთს, ირანსა და რუსეთს, შავ და კასპიის ზღვებს შორის მდებარეობს, კავკასიის რეგიონის გეოპოლიტიკურ ღერძს წარმოადგენს. ქართველ ხალხს აქვს ძლიერი ეროვნული თვითშეგნება და მრავალვექტორული კულტურა. ეს ქვეყანა ლაკმუსის ქარალდივით აჩვენებს, თუ რამდენად აგრესიულია რუსული იმპერიალიზმი. პოლონეთმა და „სამ ზღვას“ შორის მდებარე ქვეყნებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ რუსეთმა საქართველოსთან მიმარტებით რაიმე ახალ წარმატებას არ მიაღწიოს.

















