შვეიცარიული გამოცემის, «Neue Zürcher Zeitung»-ის მიერ გამოქვეყნებული სტატია ეხება
საბერძნეთში არალეგალურად მყოფ პირებს, მათ შორის ქართველებს, რომლებსაც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) ფინანსურ დახმარებას უწევს სამშობლოში დასაბრუნებლად და ბიზნესის დასაწყებად (ავტორი - მარკუს ბერნატი).
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:
„თუ საქმე კარგად წავა, მაშინ ორი კვირის შემდეგ იოსებ ოსაძე თავის მშობლიურ სოფელში დაბრუნდება, საქართველოს შუაგულში, ჯიბეში რაღაც თანხა ექნება, რაც ბიზნესის დაწყებისათვის ალბათ ეყოფა - შეიძლება თავდაპირველად სამი ძროხაც იყიდოს. 33 წლის მორიდებულ მამაკაცს ფერმერობა და ყველ-კარაქის დამზადება სურს - საქართველოში რძე, კარაქი და ყველი კარგად იყიდება, ანუ ამ პროდუქციის წარმოებით „თავის რჩენა“ შეიძლება. საბერძნეთში იოსებ ოსაძემ ფეხი ვერ მოიკიდა, მიზანი ვერ განახორციელა. იგი ელადაში ტურისტის სტატუსით ჩავიდა და შემდეგ არალეგალურ ლტოლვილად იქცა. ასე იყო მანამ, სანამ იოსებს ათენში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (Internationalen Organisation für Migration – IOM) თანამშრომლები არ დაეხმარნენ.
ყოველთვიურად საბერძნეთის ტერიტორიაზე IOM-ის თანამშრომლები იოსებ ოსაძის მსგავს 400-დან 450-მდე არალეგალს აკავებს და სამშობლოში აგზავნის. პროექტი, რომელიც არალეგალ მიგრანტების სამშობლოში დაბრუნებას ითვალისწინებს, გაეროს ხელშეწყობით მთელ ევროპაში წარმატებით ხორციელდება. 2010 წლიდან დაწყებული, IOM-მა საბერძნეთიდან უკვე 43 ათასი მიგრანტი თავის ქვეყნებში დააბრუნა“, - ნათქვამია სტატიაში. მასში აღნიშნულია, რომ IOM-ის დახმარებით განსაკუთრებით საქართველოსა და პაკისტანის მოქალაქეები სარგებლობენ, ასევე ირანელები, ერაყელები, ინდოელები. „ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებს IOM-მისადმი მიმართვა შეუძლიათ, საჯარო არ არის, მაგრამ ისედაც ცნობილია, რომ სირიისა და იემენის მოქალაქეებს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია ვერაფრით დაეხმარება“.
რით გამოიხატება IOM-ის პროექტის (ბიზნეს-იდეის) არსი და მისი წარმატება?
რასაკვირველია, IOM-ის თანამშრომლები კარგად სწავლობენ იმ მიგრანტებს, ვისაც უნდა დაეხმარნონ. ვინ არიან ისინი, რას საქმიანობდნენ საკუთარ ქვეყნებში საბერძნეთში ჩასვლამდე, რით იყვნენ დაკავებულნი... დახმარების მიღების მსურველების ვინაობა მათი ქვეყნების საკონსულოებმა უნდა დაადასტურონ. თავის მხრივ, მიგრანტების შესახებ მონაცემებს მათივე სამშობლოში აკრედიტებული IOM-ის წარმომადგენლებიც აგროვებენ. „საბოლოოდ საკითხი მაინც ნდობისა და გამოცდილების საფუძველზე წყდება. ჩვენ მიგრანტების სიტყვას ვენდობით“, - ამბობს ზოი ფანიკიოტი, IOM-ის რეინტეგრაციის განყოფილების ხელმძღვანელი ათენში. ამ პროექტის განხორციელებისათვის ფულის სამი მეოთხედი ევროკავშირის მიერაა გამოყოფილი, ერთი მეოთხედი კი საბერძნეთის მთავრობის მიერ. რეპატრიანტებს აძლევენ თვითმფრინავის ბილეთს, 500 ევროს ნაღდი ფულის სახით, ათენის აეროპორტში რეგისტრაციის დროს და დამატებით მატერიალურ დახმარებას 1500 ევროს რაოდენობით, ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად: შექმნან მცირე ფერმა, შეიძინონ თესლი და ტექნიკა მიწის მოსახნავ-დასათესად, ანდა გადამზადების კურსი გაიარონ. „რა ტქმა უნდა, ეს ცოტაა, ცოტაა, მაგრამ რაღაც მაინც არის“, - ამბობს ჯანლუკა როსო, IOM-ის წარმომადგენელი საბერძნეთში, - „ისინი ხომ სახლში გარკვეული თანხით ბრუნდებიან. შეიძლება ითქვას, რომ მათ ყოფნას ევროპაში მთლად უშედეგოდ არ ჩაუვლია“.
ნებაყოფლობითი დაბრუნება იმ იძულებითი დაბრუნების ალტერნატივაა, რომელიც პოლიციის მეშვეობით ხორციელდება. იძულებითი რეპატრიაცია საკმაოდ ძვირადღირებული პროცესია, დიდხანს გრძელდება და შედეგების მიხედვით პრობლემატურია - ზოგიერთი ქვეყანა უარს აცხადებს თავისი მიგრანტების უკან მიღებაზე. ცხადია, მიგრანტებსაც ურჩევნიათ საბერძნეთში დარჩნენ, საიდანაც შემდეგ სხვადასხვა ხრიკებით ევროპაში „მოგზაურობენ“.
იოსებ ოსაძე ადრე ევროპაში ნამყოფი არ არის, იგი პირველად ჩავიდა საბერძნეთში, მას მხოლოდ რაიმე მშენებლობაზე მუშაობა სურდა. ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ნაცნობებმა უთხრეს, რომ თავს გაიტანდა. სამწუხაროდ, ცხრა თვე ისე გავიდა, რომ იოსებს მუშაობა მხოლოდ ერთი დღით მოუწია. გაუცრუვდა თუ არა იმედი? არა - ასე პასუხობს ამ კითხვაზე ქართველი, რომელიც მოუთმენლად ელოდება სახლში დაბრუნებას. მას ძალიან ხიბლავს ძროხების ყიდვის პერსპექტივა და შემოსავლის წყაროს გაჩენა: „ბედნიერი ვარ“, - ამბობს იოსებ ოსაძე.

















