უცხოურ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში საქართველოს შესახებ რამდენიმე მასალა
გამოქვეყნდა, თუმცა, მათი თემატიკისა და შინაარსის მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ პუბლიკაციები ძირითადად წინა დღეებში მომხდარი მოვლენების ერთგვარ „ექოს“ წარმოადგენს.
„ანგელა მერკელის ვიზიტს სამივე ქყვეყანაში ისტორიული უწოდეს და ეს შეფასება გარკვეულწილად სინამდვილეს შეესაბამება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი ერთ რეგიონში მდებარეობენ, მათ ერთმანეთისაგან განსხვავებული საგარეო პოლიტიკის კონცეფცია აქვთ: საქართველომ თავის პრიორიტეტად ევროატლანტიკური ინტეგრაცია აირჩია, სომხეთი რუსულ ორბიტაზე „ბრუნავს“ - ევრაზიული კავშირისა და „ოდკბ“-ის წევრია, აზერბაიჯანი კი „მიუმხრობელი“ პოლიტიკის დემონსტრაციას ახდენს.
გერმანიის საგარეო პოლიტიკა სამხრეთ კავკასიასთან მიმართებით აქტიურობით არ გამოირჩევა, თუმცა, ცხადია, ბერლინს მაინც აქვს გარკვეული ინტერესი და მიზნები. ანგელა მერკელმა საქართველოში ყურადღება დაუთმო ამ ქვეყნის ინტეგრაციას ევროკავშირთან (და არა ნატოსთან), აზერბაიჯანში მან აქცენტები ენერგეტიკაზე და მასთან დაკავშირებულ სატრანსპორტო კომუნიკაციებზე გადაიტანა, სომხეთში კი უბრალოდ, ახალი ხელისუფლება უფრო ახლოს გაიცნო“, - ნათქვამია რუსული გამოცემა «Валдай-клуб»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „სამხრეთკავკასიური ტურნე: რა მიზნები ჰქონდა გერმანიის კანცლერს“ (ავტორი - ფარჰად მამედოვი). მასში ხაზგასმულია, რომ ანგელა მერკელის ძირითადი მიზანს ენერგოშემცველებით უზრუნველყოფის ალტერნატიული წყაროს ძიება წარმოადგენდა, ანუ მისთვის ყველაზე მთავარი ბაქოელ ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკება იყო, თბილისი და ერევანი კი შედარებით ნაკლებმნიშვნელოვანი (წყარო: http://ru.valdaiclub.com/a/highlights/turne-po-yuzhnomu-kavkazu/?sphrase_id=53540).
თითქმის იგივე პოზიციაა გადმოცემული გაზეთ «КоммерсантЪ»-ში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ანგელა მერკელის ამიერკავკასიული ვიზიტის შედეგები: კასპიის გაზი გერმანული მიდგომით“ (ავტორი - სერგეი სტროკანი). გერმანიას კავკასიაში ძირითადად გაზით უზრუნველყოფის დივერსიფიცირების საკითხი აინტერესებს. მართალია, კასპიის გაზი რუსულთან შედარებით მცირეა, მაგრამ მაინც მეტ-ნაკლებად ენერგიის დამატებით წყაროს წარმოადგენს. გერმანია საქართველოს დიდი გაზსაცავის მშენებლობაში ეხმარება, ამაშიც არის ბერლინის დაინტერესება. რაც შეეხება სომხეთს, „ამ ვიზიტით ევროკავშირთან სომხეთის მნიშვნელოვანი დაახლოება არ მოხდება. წავიდა ის დრო - 2003-2004 წლები, როცა საქართველომ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის ჟამს, ევროპასთან აქტიური ინტეგრაცია დაიწყო“ (წყარო: https://www.kommersant.ru/doc/3724747).

















