რუსული გამოცემა «КоммерсантЪ»-ი ეხმაურება საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯს,
რომელმაც რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგში სარჩელი გაგზავნა.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:
საქართველოს ხელისუფლებამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალი, რიგით მესამე სარჩელი შეიტანა. ამჯერად საქმე ეხება „ეთნიკური ქართველების შევიწროვებას“ აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე. „კომერსანტ“-თან საუბარში ნაწილობრივ აღიარებული რესპუბლიკების წარმომადგენლები და მოსკოველი ექსპერტები ამბობენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას მოსარჩელე ალბათ, ათი წელი უნდა ელოდოს, თუმცა სტრასბურგის ვერდიქტი საგრძნობ შედეგებს ვერც მოსარჩელეს და ვერც მოპასუხე მახარეს ვერ მოუტანს.
რა შინაარსი აქვს „ეთნიკური ქართველების შევიწროვებას“? იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, საქმე ეხება საქართველოს ეთნიკურად ქართველი მოქალაქეების დაკავება- გატაცების ფაქტებს „საოკუპაციო ხაზის“ გასწვრივ, აგრეთვე მათი უფლებების შეზღუდვას სიცოცხლეზე, თავისუფლებაზე და პირად ხელშეუხებლობაზე, ანუ სახეზეა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის უხეში დარღვევა. როგორც სასარჩელო განცხადებაშია აღნიშნული, იმის მიუხედავად, რომ დანაშაულებანი უმეტესად ჩადენილია „ადგილობრივი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების“ (აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის სახელისუფლო სტრუქტურების თანამშრომლების) მიერ, პასუხისმგებლობა მაინც რუსეთის ფედერაციას უნდა დაეკისროს“, რადგან სწორედ „რუსეთის ჯარები ახორციელებენ რეალურ კონტროლს ამ ტერიტორიებზე“.
სასარჩელო განცხადებაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რეზონანსულ საქმეებს - 2016 წელს აფხაზეთის „საზღვარზე“ მომხდარ გიგა ოთხოზორიას მკვლელობას და მიმდინარე წლის თებერვალში „სამხრეთ ოსეთის“ ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ჩადენილ დანაშაულს - ყოფილი ქართველი სამხედრო მოსამსახურის არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილს. სხვათა შორის, სტრასბურგის სასამართლოში ცალკე ინდივიდუალური სარჩელი შეიტანა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახმაც. როგორც საქართველოს იუსტიციის სამინისტროში ერთ-ერთმა წყარომ აღნიშნა, თუ სარჩელზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ სასამართლო დადებით ვერდიქტს გამოიტანს, მაშინ განცხადებას ყველა წარადგენს, ვინ კი რუსეთისაგან და მისი სამართალმემკვიდრეებისაგან დაზარალდა.
მკითხველს შევახსენებთ, რომ პირველი სარჩელი თბილისმა მოსკოვის წინააღმდეგ ჯერ კიდევ 2007 წელს შეიტანა, რომელიც 2006 წელს რუსეთიდან „კოლექტიურად გამოძევებულ საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევას“ ეხებოდა. სასამართლოს გადაწყვეტილება თბილისისთვის სასარგებლო აღმოჩნდა - მართალია, საკმაო დაგვიანებით (2014 წლის ივლისში), მაგრამ მაინც. მეორე სარჩელი ეხებოდა საქართველოს სამხედრო კონფლიქტს რუსეთთან და ის გაგანია აგვისტოს ომის დროს იქნა წარდგენილი - 2008 წლის 11 აგვისტოს. სასამართლომ განსახილველ საკითხად სარჩელი მხოლოდ 2011 წელს მიიჩნია, ვერდიქტი კი დღემდე არ ჩანს. საჯარო განხილვები მაისში მიმდინარეობდა და ძალზე დაძაბული იყო - ერთმანეთთან საქართველოსა და რუსეთის მიერ დაქირავებული ბრიტანელი ადვოკატები პაექრობდნენ.
როგორც რუსი პოლიტოლოგი ალექსეი მაკარკინი თვლის, მესამე სარჩელის თაობაზე გამოტანილ გადაწყვეტილებას, „უკეთეს შემთხვევაში, მხოლოდ 2020 წლის შუახანებისათვის უნდა ველოდოთ“, მაგრამ მაშინაც კი ის რუსეთზე „სერიოზულ გავლენას ვერ მოახდენს“. „მოსკოვს შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოს რესურსი აამოქმედოს და განაცხადოს, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება ქვეყნის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება“, - ამბობს ალექსეი მაკარკინი, - მოტივაცია საკმაოდ მარტივი იქნება: „აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია, გადაწყვეტილებაში კი წერია, რომ ისინი საქართველოს ნაწილები არიან. აქედან გამომდინარე, ამ ვერდიქტს ჩვენ არ ვაღიარებთ“. ექსპერტმა გაიხსენა მსგავსი პრეცედენტი „იუკოს“-თან დაკავშირებით, როცა მოსკოვმა ევროპული თემიდის გადაწყვეტილება არ შეასრულა, მაგრამ ამით სიტუაცია არ გამწვავებულა. შესაბამისად, დიდი კრიზისი არც ახლა არ არის მოსალოდნელი.
საქართველოს სარჩელს კიდევ უფრო გულგრილად შეხვდნენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში: „კარგი, ვთქვათ, მიიღეს გადაწყვეტილება თვითკმაყოფილებისათვის, მერე რა? არაფერი საშინელება არ მოხდება. ჩვენ ამას ყურადღებას არ მივაქცევთ“, - უთხრა „კომერსანტს“ აფხაზეთის პარლამენტის წევრმა ომარ ჯინჯოლიამ. მისი თქმით, აფხაზეთში კომპაქტურად მცხოვრები ქართველთა უფლებები დაცულია და არ ირღვევა: „აფხაზებისა და ქართველების ყოფა-ცხოვრება ერთნაირია, - ამბობს დეპუტატი, - ქართველები ასევე წარმოდგენილნი არიან აფხაზეთის სახელისუფლო სტრუქტურებში და ადგილობრივ ორგანოებში“.
„ყველას ესმის, რომ თბილისის მოქმედება დიდ შოუს უფრო ჰგავს, ვიდრე რეალობის ასახვას“, - განაცხადა სამხრეთ ოსეთის ინფორმაციისა და ბეჭდვითი სიტყვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ მარია კოტაევამ, რომელმაც ასევე უარყო ქართველთა უფლებების დარღვევის თეზისი.

















