კავკასიაში გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის მიერ დაგეგმილ ტურნეს გერმანული გამოცემა «Süddeutsche Zeitung»-ი
ეხმაურება.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ნიკო ფრიდის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:
შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკოსმა ანგელა მერკელმა თავისი სახელმწიფოებრივი საქმიანობა იმ სამი კავკასიური რესპუბლიკის დამოუკიდებლად გამოცხადებისთანავე დაიწყო, რომლებთაც 23-25 აგვისტოს უნდა ეწვიოს: 1991 წლის იანვარში იგი, აღმოსავლეთ გერმანელი ფიზიკოსი ანგელა მერკელი, ქვეყნის მაშინდელმა კანცლერმა ჰელმუტ კოლმა თავის კაბინეტში მიიწვია. საქართველომ დამოუკიდებლობა 1991 წლის მაისში გამოაცხადა, შემდეგ კი სომხეთმა და აზერბაიჯანმა.
27 წლის შემდეგ ანგელა მერკელი კავკასიას ისევ ეწვევა, უკვე მეორედ. კანცლერი ყველაზე კარგად საქართველოს იცნობს, სადაც იგი უკვე იყო, სომხეთსა და აზერბაიჯანში კი პირველად ჩადის. კანცლერის სავიზიტო ქვეყნების სიაში ეს ორი სახელმწიფო რიგით 82-ე და 83-ეა. ეჭვგარეშეა, მოსკოვი ანგელა მერკელის ვიზიტს გარკვეული ინტერესით უყურებს და თვალს ადევნებს. კანცლერმა უკვე რაღაც-რაღაცეებზე მიანიშნა, რომლებიც კრემლს შეუმჩნეველი არ დარჩებოდა.
(...)
საქართველო ნატოში? ეს თემა არ განიხილება
ერთი მხრივ, საქართველო მტკიცედ ისწრაფვის ევროინტეგრაციისაკენ. ათი წლის წინათ თბილისი ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამაში ჩაერთო. უკვე ძალაშია და მოქმედებს როგორც ასოცირების ხელშეკრულება, ასევე შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. ალბათ, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ამ კურსის წყალობით საქართველოს ეკონომიკური განვითარების ტემპები 2018 წელს 4,5%-ს მიაღწევს.
მეორე მხრივ, სწორედ ანგელა მერკელი ამუხრუჭებდა საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, რუსეთთან მისი განსაკუთრებული დამოკიდებულების გამო: 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტზე პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის სურვილს - დაწყებულიყო საქართველოსა და უკრაინის ალიანსში მიღების პროცესი - ანგელა მერკელმა „ცივი წყალი გადაასხა. იმავე წლის აგვისტოში საქართველოსა და რუსეთს შორის ომი დაიწყო, რომლის დეესკალაცია საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის მეშვეობით მოხდა, თანაც ანგელა მერკელის მხარდაჭერით.
მას შემდეგ ახალი წევრების მიღების საკითხში ოფიციალურად მოქმედებს ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკა. ამასთან, მართალია, ანგელა მერკელი ათი წლის წინ თბილისში მყოფი აცხადებდა, რომ საქართველოს, სურვილის შემთხვევაში, ნატოში გაწევრიანება შეუძლიაო, მაგრამ დღეს ამ საკითხს, სავარაუდოდ, დუმილით გვერდს აუვლის. სამაგიეროდ, სოლიდარობის ნიშნად, იგი გვირგვინით შეამკობს აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთში დაღუპულ ქართველი მოსამსახურეების საფლავებს და მათ ხსოვნას პატივს მიაგებს. გარდა ამისა, იგი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარსაც მოინახულებს და ეუთოს დამკვირვებელთა მისიას შეხვდება, რომელშიც 11 გერმანელიც მონაწილეობს.

















