გერმანული გამოცემის, «Die Zeit»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში გადმოცემულია საქართველოში გატარებული სამი
დღის შთაბეჭდილებები: აღწერილია როგორც თბილისის ღირსშესანიშნაობები, ქალაქის არქიტექტურა, ასევე კახეთში ყოფნის მომენტები.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მათიას ელერტის ავტორობით გამოქვეყნებული სტატიის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:
პირველი დღე: თბილისი - რუსთაველის გამზირი და მთაწმინდა
ვათვალიერებთ რუსთაველის გამზირს, საქართველოს დედაქალაქის მთავარ ქუჩას, რომელიც XIX საუკუნეშია გაყვანილი, რუსეთის იმპერიის დროს. ბრწყინვალე ქუჩაა, ჭადრებით სავსე. აქ ბევრი სამთავრობო შენობა და კულტურის ცენტრია განლაგებული, მაგალითად, ოპერისა და ბალეტის თეატრი, რომელიც 1896 წელს ბალტიელი გერმანელი არქიტექტორის ვიქტორ შტრეტერის ხელმძღვანელობით აშენდა. ამჟამად შენობა გარემონტებულია და ქართველი კომპოზიტორის ზაქარია ფალიაშვილის სახელს ატარებს. იქვე ახლოს მდებარეობს სამხატვრო მუზეუმი, ეროვნულ მუზეუმი და ა.შ. სადაც მუდმივად ეწყობა გამოფენები. იქ უამრავ სურათს ნახავთ, ასევე გაოცდებით არქეოლოგიური გათხრების დროს ნაპოვნი „ვანის განძით“ - ოქროს ნაწარმით. რუსთაველზე გასეირნება თავისუფლების მოედანზე მთავრდება, აქ აღმართულია საქართველოს მფარველი წმინდა გიორგის მოოქროვილი ქანდაკება, რომელიც 2006 წელს მშობლიურ ქალაქს მხატვარმა ზურაბ წერეთელმა აჩუქა. თავისუფლების მოედნიდან ეწვევით მწერალთა სახლს მაჩაბლის ქუჩაზე, შეგიძლიათ ერთ-ერთ ლიტერატურულ-თემატურ ოთახში კაფე „ლიტერა“ ქართულ დელიკატესებს შემოგთავაზებთ.
ვიყავით მთაწმინდაზეც საბაგირო გზით, საიდანაც თბილისის სასიამოვნო ხედი იშლება. აქედან დაინახავთ როგორც საბჭოური ეპოქის შენობებს, ასევე მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროის არქიტექტურულ ქმნილებებს, მაგალითად, ორ მინებიან დიდ მილს, რომელიც საგამოფენო დარბაზად იყო ჩაფიქრებული.
მეორე დღე: თბილისი - ძველი თბილისის უბნები
ვათვალიერებთ მე-5 საუკუნის ზოროასტრიულ ტაძარს, ყოფილ ქარავან-სარაის... ექსკურსია გრძელდება იოანე შავთელის ქუჩაზე, სადაც უამრავი კაფე და გასართობი ადგილია, შემდეგ რეჟისორ რეზო გაბრიაძის თეატრს, აბანოთუბანს, სადაც თბილი გოგირდოვანი წყლით აბანოები სარგებლობენ... ღამის კლუბმა „ბასიანმა“ 1990-იანი წლების ბერლინი გამახსენა.
მესამე დღე: ალაზნის ველი - თელავი
თბილისიდან თელავში მივდივართ. გომბორის უღელტეხილიდან ჩვენს წინ კავკასიის საოცარი სურათი იშლება. თელავი კახეთის ცენტრია, მეღვინეობის მხარის დედაქალაქი. პირველი გაჩერება - წინანდალი, სადაც ძალიან მშვენიერი პარკია, ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში გაშენებული, პოეტ-რომანტიკოსის ალექსანდრე ჭავჭავაძის მიერ. აქვეა მისი სახლ-მუზეუმიც. ამბობენ, რომ საქართველოში ევროპული წესით მეღვინეობას საფუძველი სწორედ მან ჩაუყარა. თელავში ვნახეთ მეფე ერეკლე მეორის სასახლე, მე-18 საუკუნეში აგებული, რომელიც საკმაოდ მოკრძალებულია. ასევე დავათვალიერეთ ალავერდის ტაძარი. საერთოდ, საქართველოში ქრისტიანობა მე-4 საუკუნეში გავრცელდა. ალავერდი დიდებულ შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა, როგორც ჩანს, ფრესკები აღსადგენია და რესტავრატორის ხელი ჭირდება.
-------------
ქართული სამზარეულოს შესახებ: ქართული კერძები ძალიან გემრიელია. ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაში საქართველოს გურმანები სამოთხედ თვლიდნენ. კახეთიდან თბილისში დაბრუნებისას რესტორან „ქეთო და კოტე“-ში ვივახშმეთ, რომელიც თბილისელებისთვის საყვარელი ადგილია. ფანტასტიკური ხინკალი, სულგუნი, ელარჯი... მოკლედ, უმჯობესია, თქვენ თვითონ გასინჯოთ!

















