სან-პაულოს გაზეთ «Folha de S.Paulo»-ში გამოქვეყნებულ სტატიაში განხილულია საქართველო რუსეთის 2008 წლის
აგვისტოს ომის მიზეზები, საომარი მოქმედებების მიმდინარეობა და ფინალი. პუბლიკაციაში გადმოცემულია აგრეთვე ქართველი ყოფილი სამხედრო მოსამსახურის ზურაბ გუჩაშვილის ნაამბობი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა ომში, დაიჭრა და მკურნალობდა.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ იგორ გელოვის ავტორობით გამოქვეყნებული პუბლიკაციის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:
„ათი წლის წინათ ზურაბ გუჩაშვილი, რომელიც ფრონტის ხაზთან ახლოს, მცხეთის საავადმყოფოში იწვა და ბრძოლაში მიყენებულ ჭრილობებს იშუშებდა, გააღვიძეს და უთხრეს, რომ ომი დამთავრებულიაო. „სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ჩემი ქვეყანა არასოდეს არ გახდება დასავლეთის ნაწილი“, - ჰყვება იგი. იმ დროს ზურაბ გუჩაშვილი 20 წლის ახალგაზრდა იყო და კავკასიური სახელმწიფოს დედაქალაქში - თბილისში მსახურობდა, რომელსაც რუსეთის ჯარების მიერ დაკავების საფრთხე დაემუქრა.
ევროკავშირის შუამდგომლობით ხელმოწერილი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტისა და მხარეთა დაშორიშორების თაობაზე, რომელიც ძალაში სამხედრო კონფლიქტის მეხუთე დღეს შევიდა, საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნების გარანტიას აძლევდა, მაგრამ მას სუვერენიტეტი ძალიან ძვირად დაუჯდა: ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 20% მოსკოვის მიერ დამოუკიდებლად აღიარებული სეპარატისტული რესპუბლიკების ხელში აღმოჩნდა. გარდა ამისა, დაიღუპა ათასზე მეტი ადამიანი, მათ შორის - 400 მშვიდობიანი მაცხოვრებელი, 200 ათასი კი უსახლკაროდ დარჩა.
გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, რუსეთის გამარჯვებამ ამ ომში დასაბამი მისცა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გადაქცევას იმ ლიდერად, რომელმაც ქვეყანაში 1990-იანი წლებიდან არსებული ქაოსური პროცესები შეაჩერა და „წესრიგი დაამყარა“. იგი დასავლეთოს წრეებში ერთგვარ აღტაცებასაც კი იწვევდა, თუმცა სერიული მკვლელსაც ეძახდნენ.
2008 წლის აგვისტოათვის ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა, მას უკვე პრეზიდენტობის პირველი ვადა გავლილი ჰქონდა, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი იყო, რეალურად ქვეყნის მეთაურად მაინც ვლადიმერ პუტინი მოიაზრებოდა, მთელი ძალაუფლება მაინც „სერიული მკვლელის“ ხელში იყო.
2008 წლის აგვისტოდან დაწყებული, ვლადიმერ პუტინმა პრაქტიკაში აჩვენა, რომ იგი აშშ-სა და ევროპის ინიციატივებს და პოლიტიკას აღარ ენდობა. საქმე იმაშია, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი - ნატო აღმოსავლეთით არ უნდა გაფართოებულიყო, მაგრამ პირიქით მოხდა: ალიანსმა თანდათან ჩაყლაპა ჯერ აღმოსავლეთ ევროპის პოსტსოციალისტური ქვეყნები, შემდეგ კი უკვე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები (ბალტიისპირელები). უკვე 2006 წელს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი (იგი დღესაც ამ პოსტს ინარჩუნებს) ჩვენ გაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ალიანსმა ასეთი მოქმედებით დაუშვებელი ნაბიჯი გადადგაო, ნატომ ფლირტი უკვე საქართველოსაც დაუწყოო, რომელიც რუსეთს სამხრეთიდან ეკვრის. ცხადია, მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ორი წლის შემდეგ ვლადიმერ პუტინის მთავრობა სიტყვიდან საქმეზე გადავიდოდა.
რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირებაში პატარა საქართველო მოსკოვისათვის იდეალური „მოწინააღმდეგე“ აღმოჩნდა. 2003 წლის ბოლოს მომხდარი ფერადი რევოლუციის შედეგად საქართველოში ედუარდ შევარდნაძის პრომოსკოვური ხელისუფლება დაემხო და ქვეყნის ახალ პრეზიდენტად ოპოზიციის მგზნებარე ლიდერი მიხეილ სააკაშვილი აირჩიეს. იგი დასავლეთის მომხრე იყო და პრორუსული ავტონომიური სეპარატიტული რეგიონების - აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის [დაბრუნება] პრიორიტეტულ ამოცანად დაისახა. პრეზიდენტმა ამ მიზნით ნატოსთან თამაში დაიწყო. მიხეილ სააკაშვილმა აშშ-სთან იმდენად მჭიდრო ურთიერთობა დაამყარა, რომ თბილისის ერთ-ერთ ქუჩა ჯორჯ ბუშის სახელი დაარქვა (აქვე ვიტყვით, რომ საქართველოს ზოგიერთ ქალაქში კვლავ არსებობენ იოსებ სტალინის ქუჩები - როგორც საბჭოთა დიქტატორის საქართველოსთან კავშირის სიმბოლოები).
2008 წლის ომის შედეგად რუსეთმა საქართველოს ორივე სეპარატისტულ რეგიონთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა და მათ აქტიურ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ფინანსურ დახმარებას უწევს - მიუხედავად იმისა, რომ გაერო ორივეს ისევ საქართველოს ნაწილად თვლის. მოკლედ, თბილისისა და მოსკოვის დაპირისპირება კვლავ არსებობს.
2008 წლის 7 აგვისტოს ზურაბ გუჩაშვილმა პირველი საბრძოლო ნათლობა მიიღო: „რუსები ჩვენ პირველები დაგვესხნენ“, - მეუბნება იგი თარჯიმანის მეშვეობით. ამასთან, მოსკოვი მოვლენების საკუთარ ვერსიის ერთგულია, რომლის თანახმად, აგრესორის როლში მიხეილ სააკაშვილი გამოდის. საქართველოში დღემდე მიდის მძაფრი დისკუსიები, იყო თუ არა ეს ომი პროვოკაცია, მაგრამ დადასტურებული ფაქტია, რომ საჯარისო საბრძოლო ოპერაცია პრორუსული სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ პირველმა საქართველომ დაიწყო.
როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილი რუსეთის პასუხს ასეთი მასშტაბით არ ელოდა. მეორე დღესვე საქართველო აქტიურად დაიბომბა რუსული ავიაციის მიერ, საბრძოლო მოქმედების ადგილზე კი სწრაფად იქნა გადასროლილი 70 ათასი რუსი ჯარისკაცი... ომის შედეგად მიხეილ სააკაშვილმა დაკარგა საქართველოს შავი ზღვის სამხედრო ფლოტი, ხოლო რუსეთის სახმელეთო ძალებმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დაიკავეს, მათ შორის ის ტერიტორიებიც, რომლებსაც ადრე საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებდა. თუმცა, რასაკვირველია, ომში დანაკარგები რუსეთმაც განიცადა, მათ შორის ავიაციის სფეროშიც: ქართველებმა ხუთი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ამ ომმა პოზიტიურად იმოქმედა რუსეთის არმიაზე: დაიწყო სამხედრო რეფორმა, გაიზარდა სამხედრო ბიუჯეტი... ამ დროს კი დასავლეთი ფინანსური კრიზისს განიცდიდა და „ტერორისტთა წინააღმდეგ“ დაწყებულ ძვირადღირებულ ომში იყო ჩაბმული.
„2008 წლის ომმა აჩვენა, რომ რუსეთმა მსოფლიოში თავისი სტატუსი აღიდგინა და დასავლეთი აიძულა მისთვის ანგარიში გაეწია. სავარაუდოდ, მოსკოვი ასეთ პოლიტიკას მომავალშიც გააგრძელებს“, - წერდა იმ ხანებში ამერიკული „სტრატფორი“. მართლაც, თითქმის იგივე განმეორდა 2014 წელს უკრაინასთან მიმართებით. მოგვიანებით, 2015 წელს რუსეთმა თავისი ამბიცია აჩვენა სირიის კრიზისშიც: ვლადიმერ პუტინმა დაღუპვის პირას მდგარი ბაშარ ასადი გადაარჩინა.
გასულ კვირაში გაზეთ „ვაშინგტონ პოსტ“-ში დაიბეჭდა კონდოლიზა რაისის სტატია, რომელიც 2008 წელს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი იყო. იგი ამტკიცებს, რომ საბოლოო ჯამში სწორედ ვაშინგტონმა შეუშალა ხელი საქართველოს სრულ ანექსიას, სწორედ ამერიკის დახმარებით შეინარჩუნა საქართველომ დამოუკიდებლობაო. „ეს სამწუხარო ისტორია იყო და ალბათ, ვლადიმერ პუტინმა მისგან მცდარი დასკვნები გააკეთაო“, - წერს კონდოლიზა რაისი. შეიძლება ასეცაა, მაგრამ, როგორც ყოფილი რიგითი ზურან გუჩაშვილი ამბობს - იგი დღეს ტურისტულ სააგენტოში მუშაობს - საქართველომ დღემდე ვერ მოახერხა დასავლური ინსტიტუტების მშენებლობა, რუსეთი კი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ყოფნას აგრძელებს. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, მან ვერ შეძლო საქართველოს ხელისუფლებაში დარჩენა. ასევე წარუმეტებელი აღმოჩნდა მისი პოლიტიკური საქმიანობა უკრაინაშიც. დღეს იგი მოქალაქეობის არმქონე პირია.
რუსეთი, თავის მხრივ, მართალია, ეკონომიკური სანქციების მარწუხებშია მოქცეული, თუმცა რეჟიმმა გაუძლო ორწლიან რეცესიას და ნავთობზე ფასების ვარდნას. ვლადიმერ პუტინი ისევ პრეზიდენტად აირჩიეს 2024 წლამდე. რუსეთმა საქართველოზე შური იძია და მისი პროდასავლური განვითარების სცენარი დაარღვია, ანუ საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების პროცესი გაიყინა“.
-----------
გაზეთი Folha de S.Paulo («სან-პაულოს ფურცელი») ბრაზილიის ყოველდღიური გამოცემაა, დაარსებულია 1921 წელს. 1986 წლიდან მისი ტირაჟი თითქმის ნახევარ მილიონ ეგზემპლარს აღწევს და ქვეყნის ყველაზე უდიდეს და გავლენიან გაზეთად ითვლება.

















