„2008 წლის სამხედრო კონფლიქტის შედეგებით რუსეთი მომგებიან პოზიციაში
აღმოჩნდა: საქართველოს რეგიონები - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, რომელთა მოსახლეობა მოსკოვის მიმართ სიმპათიებს იჩენდა, სრულიად გამოვიდნენ თბილისის კონტროლიდან. გარდა ამისა, კრემლმა სხვა სასურველი დივიდენდებიც მიიღო - „პატარა ძლევამოსილმა ომმა“ პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევისა და პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინის რეიტინგი მნიშვნელოვნად გაზარდა. უფრო მეტიც - დასავლეთი მოსკოვს აქტიურად არ საყვედურებდა სუვერენული ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის და სეპარატისტების მხარდაჭერის გამო“, - ასეთი შესავალი აქვს ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია BBC-ის ვრცელ სტატია, რომელშიც გაანალიზებულია წინა საომარი სიტუაცია, ომის დაწყება, მიმდინარეობა და ფინალი.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას შემოკლებით:
„ომი 2008 წლის 7-8 აგვისტოს შუაღამისას დაიწყო. მანამდე კი ნახევარი საათით ადრე ქართულმა ჯარმა რუსების სამშვიდობო ბატალიონის პოზიციებს და ცხინვალის ახლო-მახლო სოფლებს ჭურვები დაუშინა. ღამის 12 საათის შემდეგ საქართველოს არმიის ქვედანაყოფებმა ცხინვალს აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან ალყა შემოარტყეს, ჩრდილოეთიდან კი ქალაქი ისედაც ბლოკირებული იყო ქართული სამშვიდობო ბატალიონითა და პოლიციით. სულ მალე არმიამ ქალაქში შესვლა დაიწყო, რომელსაც მხოლოდ რუსი მშვიდობისმყოფლები და ოსი სახალხო მოლაშქრეები იცავდნენ. აშკარად ჩანდა, რომ ისინი მთელი არმიის იერიშს ვერ გაუძლებდნენ. რჩებოდა მხოლოდ კავკასიის ქედის მიღმა განლაგებული რუსეთის არმიის დახმარების შანსი“, - ნათქვამია მასალაში.
პუბლიკაციაში ციტირებულია ამონარიდი აწ დაღუპული რუსი ჟურნალისტის ორხან ჯემალის წიგნიდან „ომი. ხუთი დღის ქრონიკა“:
„[ქართველების] სატანკო კოლონის გზაზე მხოლოდ 150-მდე ოსი მოლაშქრე იდგა, რომლებიც შეიარაღებულნი იყვნენ მოძველებული გრანატმტყორცნებით. რაც შეეხება რუსეთის სამშვიდობო ბატალიონს, ის ჩაკეტილი იყო ცხინვალის გარეუბანში მდებარე ყაზარმებში. ბატალიონს თავის შტაბთან კავშირი გაუწყდა, რა ხდებოდა ირგვლივ, არ იცოდნენ. სწორედ ამ დროს ბატალიონის წინააღმდეგ ქართულმა ტანკებმა სროლა მიბრჯნით დაიწყეს. მშვიდობისმყოფლებმა ჯავსანმანქანები აამუშავეს, ჩასხდნენ შიგ, მაგრამ საპასუხო სროლისათვის ბრძანების მიმცემი არავინ იყო, მოსკოვშიც ვერავის უკავშირდებოდნენ, რადგან კავშირგაბმულობის კვანძი დაიბომბა. მოკლედ, რუსული ეკიპაჟები ჯავშანმანქანებში ისხდნენ და ვერცერთი საპასუხო გასროლა ვერ განახორციელეს. დანარჩენმა ჯარისკაცებმა დაბომბვის დროს თავი ყაზარმის სარდაფებს შეაფარეს. ვინც კი იქიდან გამოსვლას ეცდებოდა, სნაიპერები ტყვიას უშენდნენ“.
სტატიაში გადმოცემულია რუსეთის არმიის ქვედანაყოფების შემოსვლა (ანუ „მარშ-ნახტომი“) საქართველოში, აღწერილია მშიერი ჯარისკაცების მდგომარეობა - „გზის ნაპირზე მკვახე ვაშლებს კრეფდნენ და ჭამდნენ“. თითო რუსული ტანკი ბუქსირზე ჩაბმულ კიდევ ერთ გაფუჭებულ ტანკს მოათრევდა“, ანუ ეს იყო მოუმზადებელი მშიერი ბიჭბუჭების ბრბო, გაფუჭებული ტექნიკით, რომლებიც საქართველოში გააგდეს“. მძიმე ტექნიკის ავარიები თითქმის ყოველ კილომეტრში ხდებოდა, მთელი გზა მოფენილი იყო მიტოვებული ტანკებითა და ჯავშანმანქანებით. იქმნენოდა შთაბეჭდილება, რომ არმია არა თუ ომისათვის, არამედ, უბრალოდ გადაადგილებისთვისაც კი მზად არ იყო.
რუსეთის სტრატეგიისა და ტექნოლოგიების ანალიზის ცენტრის ექსპერტთა დასკვნით, ქართული არმიის მიზანს შეადგენდა ცხინვალის გაკონტროლება, ქართულ ანკლავში შესვლა, შემდეგ ჯავისაკენ შეტევა და როკის გვირაბის დაკავება, რათა ხელი შეეშალათ რუსეთის ჯარის შესაძლო შემოსვლისათვის.
ჰქონდა თუ არა საქართველოს გამარჯვების შანსი? ცენტრის მოხსენების თანახმად, ქართულ გეგმებში რუსეთის შესაძლო ჩარევის ფაქტორი საერთოდ გათვალისწინებული არ იყო: ქართველები 58-ე არმიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად არც კი ემზადებოდნენ, ჰაერსაწინააღმდეგო დაცვა მთავარი მიმართულებებით არ მოქმედებდა.
სტატიაში ციტირებულია 58-ე არმიის სარდლის, გენერალ ანატოლი ხრულევისა და რუსი ჟურნალისტის არკადი ბაბჩენკოს საუბარი „ბი-ბი-სი“-ს კორესპონდენტთან, რომელთა თვალსაზრისები ომის შეფასების საკითხში ერთმანეთისაგან განსხვავდება.
რუსეთის 58-ე არმიის სამხედრო ქვედანაყოფებმა მოკლე დროში შეძლო მთელი ქართული არმიის წინააღმდეგობის გატეხვა და მას არა მარტო სამხრეთ ოსეთიდან, არამედ აფხაზეთიდანაც უკან დაახევინა. შავი ზღვის ქართულ აკვატორიასაც რუსული ხომალდები აკონტროლებდნენ... საეჭვოა, რომ პატარა საქართველოს დიდ რუსეთთან წინააღმდეგობაში გაძლების შანსი ჰქონოდა“, - ამ სიტყვებით მთავრდება პუბლიკაცია.
----------
რუსეთ-საქართველოს ომის თემას ეხსება აგრეთვე 12 აგვისტოს ისრაელის გაზეთ The Jerusalem Post-ში გამოქვეყნებული სტატია სათაურით „რუსეთი და ისრაელი - საქართველოს ფიქრებში“ (ავტორი - ჰერბ ქინენი). მასში გადმოცემულია საქართველოს ელჩის პაატა კალანდაძის ინტერვიუს შინაარსი (წყარო: https://www.jpost.com/Israel-News/Russia-and-Israel-are-on-Georgias-mind-564511)

















