სტატიაში გადმოცემულია „აბრეშუმის დიდი გზის“ ჩარჩოებში ჩინეთის სახალხო
რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ შემუშავებული პროექტის - „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ მნიშვნელობა ევროპისათვის. რას წარმოადგენს გეოგრაფიულად აბრეშუმის დიდი გზა? როგორია მისი ისტორია? რაში გამოიხატება „აბრეშუმის დიდი გზის“ თანამედროვე სპეციფიკა? რომელი ქალაქები ასრულებენ მნიშვნელოვან როლს ახალი გზის რეალიზებაში? აი, ამ კითხვებზე პასუხის გაცემის მცდელობაა მოცემული მასალში (ავტორი - ჯონ უოტსი).
პეკინის მიერ შემუშავებული გრანდიოზული გეგმა რადიკალურად ცვლის „აბრეშუმის დიდი გზის“ მარშრუტზე მცხოვრებ ხალხების ცხოვრებას - ცენტრალური აზიის სტეპებიდან შავი ზღვის სუბტროპიკების ნავსადგურებამდე. დღეს, მრავალი საუკუნის შემდეგ, როცა ამ ადგილებში იტალიელმა მარკო პოლომ გაიარა, ტიან-შანელი არატები ძველებურად მწყემსავენ ცხვრებს, თითქოსდა ძველებურად არაფერი არღვევს მდუმარებას... თუმცა სიურეალიტურ გარემოში მოულოდნელად იჭრება თანამედროვე განვითარების ორიენტირები“, - აღნიშნავს ავტორი და ვრცლად ახასიათებს ყაზახეთ-ჩინეთის საზღვარზე მდებარე საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ცენტრს, აქტაუს - ყაზახეთის პორტს კასპიის ზღვაზე და ანაკლიას - საქართველოს შავიზღვისპირა ნავსადგურს.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:
---------
მიუხედავად იმისა, რომ [კასპიის ზღვა-სამხრეთ კავკასია-შავი ზღვის] მარშრუტი ყველაზე მოკლეა ჩინეთიდან ევროპისაკენ, ამ გზაზე ტვირთების გადასაზიდად უამრავი მულტიმოდალური ბარიერი არსებობს - დაწყებული საზღვაო-სარკინიგზო ტრანსპორტის მდგომარეობით (ტვირთის გადატანა გემებიდან რკინიგზაზე და პირიქით), დამთავრებული სასაზღვრო ბიუროკრატიით (მარშრუტი ხომ ხუთი ქვეყნის ტერიტორიაზე გადის). გაგიკვირდებათ, მაგრამ კასპიის ზღვაზე ჯერ ისევ საბჭოური ძველი ბორნები დაცურავენ, რომლებიც თანამედროვე კონტეინერმზიდების სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ. მათი მოძრაობის არანაირი გრაფიკი არ არსებობს: მგზავრები და ტვირთები ზღვის გადაცურვას კვირების განმავლობაში ელოდება (საერთოდ, ცურვა ზოგჯერ 20 სთ. გრძელდება, ზოგჯერ 40 - ყველაფერი ამინდის მდგომარეობაზეა დამოკიდებული).
ქართველი ბიზნესმენები და მაღალჩინოსნები ამ მარშრუტზე ჩინეთის გააქტიურებას დიდი მოლოდინით უყურებენ. ქვეყნის ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ამჟამად კი კომპანია „ანაკლი-სითის“ აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ბოჭორიშვილს იმედი აქვს, რომ პეკინი ხელს შეუწყობს ანაკლიის ღრმაწყლიანი ნავსადგურის მშენებლობას გეგმას შავი ზღვის ნაპირზე, რომელიც 2,5 მილიარდი დოლარის ინვესტიციას მოითხოვს.
ანაკლიის საკითხი ბოლო ათი წლის განმავლობაში „ჰაერში იყო ჩამოკიდებული“, მაგრამ მინისტრის ყოფილი მოადგილის თქმით, „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივამ პროექტი რეალობისაკენ შემოაბრუნა. მიმდინარე წელს ძალაში შევიდა ჩინეთთან შარშან დადებული ხელშეკრულება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, ხოლო გასულ თვეში თვითონ ქეთევან ბოჭორიშვილმა მოაწერა ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს „ანაკლია სითისა“ და ჰონკონგის ლოჯისტიკურ კომპანია „China merchants da Kerry logistics-ს შორის.
ანაკლია ამჟამად დიდ სოფელს უფრო მოგვაგონებს, ვიდრე პერსპექტიულ პორტს:
ერთზოლიან გზაზე ძროხები და ღორები მშვიდად დადიან, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ბრიტანული კონსალტინგური კომპანია Buro-Happold-მა სექტემბერში ქალაქ ანაკლიისა და მის ირგვლივ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის მასტერ-გეგმა უნდა წარადგინოს. უკვე მიმდინარეობს სამუშაოები ახალი ქალაქის ტერიტორიისათვის ადგილის გაწმენდა. აქ, ჭაობებთან და ქვიშის დიუნებთან ცხენზე ამხედრებულ დაცვის მუშაკებსაც შეხვდებით, რომელთა მთავარ მოვალეობას ობიექტზე საქონლის შეჭრის „მოგერიება“ წარმოადგენს.
ანაკლიის პროექტის რეალიზების პროცესის დაწყება მცირე ხნით დააყოვნა რუსულმა აუფეთქებელმა ბომბებმა, რომელთა დემონტაჟი და გაუვნებელყოფა უნდა მომხდარიყო. ეს ბომბები სეპარატისტულ აფხაზეთთან მიმდინარე კონფლიქტის ერთგვარი გამოძახილია. სხვათა შორის, ასეთ მშფოთვარე რეგიონში ამგვარი მსხვილმასშტაბიანი პროექტის რეალიზება საქართველოსთვის გეოსტრატეგიულ სტიმულს წარმოადგენს - იმ ქვეყნისათვის, რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ბაზრის განვითარების ხელშემწყობი ყველაზე დემოკრატიული სახელმწიფოს სახელით სარგებლობს.
თუ პროექტი წარმატებით განხორციელდება, მაშინ ხორგოსი აღმოსავლეთით, ანაკლია კი დასავლეთით მდებარე ჭიშკარი იქნება აზიიდან ევროპისაკენ მიმავალ ყველზე მოკლე მარშრუტზე. „ეს იქნება ხორგოსისა და დუბაის ნარევი, მაგრამ კალიფორნიის კლიმატით“, - ამბობს ქეთევან ბოჭორიშვილი.

















