გავლენიანი ბრიტანული გამოცემის, «Financial Times»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში
განხილულია ქართული ღვინის ექსპორტის საკითხი, ღვინის წარმოების ხელშემწყობი და ხელშემშლელი ფაქტორები.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ენდრიუ ჯეფორდის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:
„მიმდინარე წლის დასაწყისში ძალაში შევიდა საქართველო-ჩინეთის ხელშეკრულება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ: პეკინსა და თბილისში, უეჭველია, ამ საზეიმო დღისათვის ღვინით სავსე ბოკლები ასწიეს - შეთანხმებამ ხომ ერთმანეთთან ალკოჰოლური სასმელის მსოფლიოში უძველესი კულტურის მქონე ქვეყნები დააკავშირა“, - ასე იწყებს პუბლიკაცია, რომელშიც ავტორი მკითხველს ორივე ქვეყნის ალკოჰოლური სასმელის ისტორიის ფაქტებს აცნობს: „ჩინეთში, ჰენანის პროვინციაში, სოფელ ჯიეჰუში არქეოლოგიური გათხრების დროს ნეოლითის ხანის (7 ათასი წელი ჩვენს ერამდე) თიხის ჭურჭელი იპოვეს, მასზე შემორჩენილი იყო ალკოჰოლის კვალი - დამზადებული ყურძნისგან ან კუნელისაგან, გაზავებული ბრინჯის ლუდით და თაფლით. საქართველოში კი 2017 წლის ნოემბერში, გათხრების დროს, დაახლოებით 8 ათასწლოვანი თიხის ჭურჭელი - ქვევრი იპოვეს, რომელზეც ღვინის ნაშთებს მიაგნეს. ასე რომ, შეიძლება ითქვას, რომ ჩინეთი მსოფლიოში ყველაზე ძველი ალკოჰოლური სასმელის სამშობლოა, საქართველო კი - ღვინის წარმოების უძველესი ქვეყანა მსოფლიოში“.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, სავაჭრო ხელშეკრულების წყალობით, დღეს ჩინეთი ქართული ღვინის დიდით მესამე მომხმარებელია მსოფლიოში (უკრაინისა და რუსეთის შემდეგ). ქართული ღვინის იმპორტი ჩინეთში ბევრად აღემატება ევროპულს. მატება პროგრესულია: გასულ წელთან შედარებით - 21% და მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებით - 28%. ქართული ღვინის ბევრი სახეობა იაფია, რაც ჩინეთისათვის ხელსაყრელია - რიგითი ჩინელისათვის ღვინო ჯერ კიდევ მდიდრულ სასმელს წარმოადგენს.
ავტორი ესაუბრება საქართველოს სოფლის მეურნებისა და გარემოს დაცვის მინისტრს ლევან დავითაშვილს, რომელიც ლაპარაკობს ქართული და ჩინური კულტურის ტრადიციებზე ალკოჰოლის წარმოების სფეროში.
სტატიაში განხილულია როგორც ქართული ღვინის ექსპორტის, ასევე მისი ფასების საკითხი, რომლის შესახებ კომპანია „თბილღვინოს“ მმართველი გიორგი მარგველაშვილი საუბრობს. მისი თქმით, კომპანიისათვის ჩინური მიმართულება მომგებიანია.
ავტორი ესაუბრება აგრეთვე ფილიპ ლესპის, Georgian Wines and Spirits Company (GWS)-ის ხელმძღვანელს, რომლის აზრით, ქვევრში ღვინის დამზადება საკმაო რისკებთან არის დაკავშირებული: „ქვევრში რომ საუკეთესო საექსპორტო ღვინო დამზადდეს, ამ მიზნით საუკეთესო ხარისხის ყურძენია საჭირო, სხვანაირად ქვევრის ღვინო „ავადმყოფი“ იქნება. ეს რეპუტაციის საკითხიცაა“, - ამბობს ფილიპი, რომელიც საქართველოში საფრანგეთიდან, ბორდოდან ჩამოვიდა. კომპანია „წინანდლის მამულის“ დირექტორის მოადგილის კოკა არჩვაძის თქმით კი, მისი პირადი აზრია, რომ ქართული თეთრი ღვინოები ქვევრში კი არა, მუხის და ფოლადის ჭურჭლებში მზადდებოდეს.
პუბლიკაციის ბოლოში მოცემულია საქართველოს ცნობილი ღვინის კომპანიები და მათ მიერ ჩამოსხმული სამარკო ღვინოების დასახელებები, ასევე ქართული ღვინის ინდივიდუალური მწარმოებლების ვინაობა.

















