"საქართველოში დაწყებულ სამხედრო წრთვნებში „ღირსეული პარტნიორი-2018“, 13 ქვეყნის
სამი ათასი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს, დიდი ბრიტანეთის ჩათვლით. წრთვნები საბრძოლო ტექნიკით ვაშინგტონმა უზრუნველყო: ამ მიზნით საქართველოში მძიმე ამერიკული სამხედრო აღჭურვილობა ჩაიტანეს - ჯავშანმანქანები, საბრძოლო ტანკები, ვერტმფრენები და ა.შ. მანევრები თბილისთან ახლოს, ვაზიანში მიმდინარეობს, რომლის მიზანია შემტევ-თავდაცვითი ოპერაციებისა და საბრძოლო სროლების განხორციელება"-ასე იწყება ბრიტანული გამოცემის, «Daily Express»-ის მიერ ჰარვი გევინის ავტორობით გამოქვეყნებული სტატია, რომლის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ:
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სიტუაციით ისარგებლა და 15-დღიანი სამხედრო სწავლების მონაწილეთა წინაშე გამოსვლისას დაგმო რუსეთისა და მისი პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მოქმედება, რომელიც კვლავ აგრძელებს საქართველოს რეგიონების ოკუპაციას. „დღეს თქვენ დგახართ იმ ქვეყნის მიწაზე, რომლის 20% სრულიად უკანონოდ ოკუპირებულია ჩვენი რუსი მეზობლის მიერ“, - თქვა გიორგი მარგველაშვილმა.
რუსეთსა და საქართველოს შორის, სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის გამო, 2008 წლის აგვისტოში ომი მოხდა. მოსკოვი აძლიერებს თავის გარნიზონს საქართველოს კიდევ ერთ ოკუპირებულ რეგიონში - აფხაზეთშიც, რომელიც, სამხრეთ ოსეთთან ერთად, მოსკოვმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.
ნატოს ვაზიანის წრთვნების პარალელურად, თავის მხრივ, რუსეთის ატარებს სამხედრო მანევრებს საქართველოს მოსაზღვრე ჩრდილოეთ კავკასიაში.
მოსკოვს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი „ღირსეული პარტნიორი-2018“-ის დაწყების შესახებ, თუმცა უფრო ადრე განაცხადა, რომ ნატოს სამხედრო სწავლება კავკასიის რეგიონში დესტაბილიზებას გამოიწვევსო. წრთვნების დაწყებას წინ უძღოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადება, რომლის თანახმად, რუსეთმა კარგად იცისი დასავლეთის ქვეყნების სამხედრო გეგმებიო: „დარწმუნებული იყავით, ჩვენ კარგად ვიცით ის სქემები, რომელთა გამოყენებასაც აშშ-ისა და ნატოს ჯარები აპირებენ რუსეთის წინააღმდეგ“.
"მიუხედავად იმისა, რომ ბოლო თვეებში რუსეთისა და ნატოს წევრი სახელმწიფოების ურთიერთობამ ერთგვარი „გამოცდა ჩააბარა“ და ალიანსმა ერთობლივად დაგმო მოსკოვის კურსი, თვით ნატოც აწყდება სირთულეებს თავისი არსებობის პერსპექტივის საკითხში. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეჭვქვეშ დააყენა თავისი ქვეყნის წევრობა ალიანსში და დაიმუქრა, რომ თუ ნატოს ყველა წევრი ფინანსურ ვალდებულებას არ შეასრულებდა, აშშ გავიდოდა ორგანიზაციიდან. ამერიკელმა ლიდერმა ისინი ასევე გააფრთხილა, რომ თუ ნატო თავის ჯარებს რომელიმე თავისი პატარა წევრის დასაცავად გაგზავნიდა, შეიძლება მესამე მსოფლიო ომი დაიწყოსო. დონალდ ტრამპმა მაგალითის სახით ჩერნოგორია მოიყვანა და კითხვა დასვა, თუ რატომ უნდა დაიცვას ამერიკის არმიამ ეს პატარა ქვეყანა, სადაც ძლიერი, მაგრამ იმავდროულად აგრესიული ხალხი ცხოვრობს"-ნათქვამია სტატიაში.

















