"გულკეთილი ხალხი, ულამაზესი პეიზაჟები და აქტიური ღამის ცხოვრება... უამრავი მიზეზი
არსებობს იმისათვის, თუ რატომ ხდება თბილისი სულ უფრო მიმზიდველი და პოპულარული ადგილი საზაფხულო დასვენებისათვის. ყველაზე სასიამოვნო კი ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლება ნიგერიული პასპორტების მფლობელ მოქალაქეებს ვიზებით ქვეყანაში შესვლისთანავე უზრუნველყოფს"-ასე იწყება ნიგერიული გამოცემის, «guardian.ng»-ს მიერ გამოქვეყნებული სტატია, რომელიც საქართველოს ეძღვნება.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ მარი-ტერეზე უკროს ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან ვერსიას:
საქართველო გეოგრაფიულად ევრაზიაში მდებარეობს, მაგრამ ქართველები საკუთარ ქვეყანას „ევროპის აივნად“ მიიჩნევენ. მართლაცდა, ვინც ამ ქვეყანაში იმოგზაურებს, საკუთარი თვალით ნახავს, თუ რამდენად მრავალფეროვანი და თვალწარმტაცი ეს კუთხე. საქართველოს იმიტომ უწოდებენ „ევროპის აივანს“, რომ მას აღმოსავლეთიდან აზერბაიჯანი აკრავს, დასავლეთიდან - თურქეთი, სამხრეთიდან - სომხეთი (ახლოა ირანიც) და ჩრდილოეთიდან - რუსეთი, ანუ ქვეყანა შემოსაზღვრულია სხვადასხვა კულტურებით, რომლებმაც თბილისსაც განმასხვავებელი ინდივიდუალობა შესძინეს.
საქართველოს ძირითად ღირსშესანიშნაობად ითვლება გასაოცარი კავკასიის მთები, სადაც თბილისიდან ადვილად მიხვალთ და მათი ნახვა სიცოცხლის ბოლომდე წარუშლელ შთაბეჭდილებას გპირდებათ. აქ ყველა ადგილი ლამაზია, მაგრამ მაინც გირჩევთ თუშეთის ეროვნული პარკის დათვალიერებას. შესაძლოა აქაურმა მთებმა შოტლანდია გაგახსენოთ, მაგრამ თუშეთი უფრო ლამაზია თავისი ინდივიდუალობით.
რადგანაც თბილისი ტურისტულ რუკაზე ცხელ წერტილადაა მიჩნეული, გირჩევთ კავკასიის მთები უფრო ადრე მოინახულოთ, ვიდრე მაშინ, როცა „ტურისტული წყალდიდობა“ დაიწყება. გასაკვირი არაა, რომ ევროპის უმაღლესი მწვერვალიც საქართველოში მდებარეობს - 5642 მეტრიანი იალბუზის მთა!
ნიგერიელი აუცილებლად იგრძნობს იმას, თუ როგორ გამაცოცხლებლად მოქმედებს მოგზაურზე თბილისი. ადგილობრივი ბაზრები სავსეა ახალი ხილით, ბოსტნეულით, ხორცით... აქ ნახავთ უამრავ საიუველირო ნაკეთობებს და შეიძენთ თქვენთვის სასურველ სამახსოვრო ნივთს. ფასები არ არ აწერია და ამიტომ შევაჭრება შეიძლება.
ყურადღება მიაქციეთ თქვენს ფიგურას, თორემ საქართველოში იმდენი გემრიელი საჭმელი და საოცრად კარგი ღვინოა, ვაითუ ცოდვა ჩაიდინოთ საკუთარი თავის მიმართ! ქართულ სამზარეულოზე ევროპულ-ახლოაღმოსავლური კულინარიის გავლენა იგრძნობა: ქართველები ამაყობენ თავიანთი ხინკალით, რომელიც ჩინურ დიმ-სამს ჰგავს, მაგრამ უფრო ცხარე და წვნიანია.
ისეთ ქალაქში, როგორიც თბილისია, საკმარისი არაა მხოლოდ პეიზაჟით დატკბობა და გემრიელი კერძების ჭამა. მნიშვნელოვანია თბილისელებთან ურთიერთობაც, რომლებიც ძალიან კეთილი, ენერგიული, მოკრძალებული, თავაზიანი და გულუხვი ადამიანები არიან. ისინი მათთვის უცხო ადამიანებსაც კი საკუთარი ოჯახის წევრებად მიიჩნევენ. ეს ყველაფერი ტურისტზე შთამაგონებლად მოქმედებს: იგი მოწმე ხდება იმისა, თუ როგორ შეიძლება ადამიანებს ერთმანეთი უყვარდეთ და ერთმანეთს პატივს სცემდნენ.
და ბოლოს, როცა საქართველოში ჩახვალთ, აუცილებლად უნდა ეწვიოთ ყაზბეგს, სადაც აბბსოლუტურად სხვაგვარი ცხოვრებაა! ძველი ეკლესიები ევროპის სოფლებშიც ბევრია, მაგრამ ისინი იქ რაიმე დიდ სიახლედ და [ტურისტულ ღირსშესანიშნაობად] არ ითვლება, საქართველოში კი, ყაზბეგში, ისეთ ვითარებაში აღმოჩნდებით, რომ განცდებისაგან სუნთქვა შეგეკვრებათ... იქაურობა რამდენიც გინდათ ათვალიერეთ, მაგრამ წმინდა სამების ეკლესია არ გამოტოვოთ! ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ!

















