ბრიტანულ გაზეთ The Guardian-ში გამოქვეყნებულია რეპორტაჟი მსოფლიოს სხვადასხვა
ქალაქებიდან. მათში აღწერილია, თუ როგორ უძლებს ზაფხულის პაპანაქებას იქაური მოსახლეობა: „კაიროელები ნილოსში გრილდებიან, ტოკიოელები სიცხისაგან თავს ქოლგით იფარავენ, იორდანიაში თავზე სველ პირსახოცს იხვევენ, ბუხარელებს კი უფრო მეტად მოსავლის ბედი აწუხებთ: გვალვამ ამუდარიაში წყალი შეამცირა, სარწყავი არხები დაშრა... ყველა ქვეყანაში სიცხეს თავისებურად ებრძვიან და მისგან თავს იცავენ, მაგრამ როგორც წესი, მაღალი ტემპერატურისაგან უფრო მეტად მოხუცები და საერთოდ, საზოგადოების ნაკლებად უზრუნველყოფილი ფენები იტანჯებიან“, - ნათქვამია სტატიის დასაწყისში.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან, რომელშიც თბილისური სიცხის ამბებია გადმოცემული:
-----------
ოთარ ნემსაძე, 34 წლის, თბილისელი ურბანისტი:
„ეს ზაფხული ექსტრემალურად შეიძლება ჩავთვალოთ, რადგან ახლახან, ივლისის შუა რიცხვებში ჩვენ ცელსიუსით 40 გრადუსიანი სიცხის მოწმენი გავხდით, საერთდ კი ისტორიულად ამ დროს მხოლოდ 30 გრადუსი ფიქსირდება ხოლმე. მაღალი სიცხის გამო ბინაში პირველად დავაყენე კონდიციონერი. ცოლი ფეხმძიმედ მყავს და ამიტომ მისთვის ასეთი მაღალი სიცხე, უბრალოდ, აუტანელია. რადგანაც კონდიციონერს გარკვეულწილად [ჯანმრთელობისთვის] ზიანის მოტანაც შეუძლია, ვცდილობდით უფრო მეტად ვენტილატორით გვესარგებლა, მაგრამ არ გამოვიდა.
აგვისტოში, ტრადიციულად, თბილისელები, ვისაც შესაძლებლობა აქვს, ქალაქიდან აგარაკებზე მიდიან, რომლებიც ახლო-მახლო სოფლებშია განლაგებული. თუმცა დიდი სიცხეების გამო ხალხმა ქალაქგარეთ გასვლა ივლისიდან დაიწყო. თან ამას სმოგიც დაემატა და ამიტომ მოსახლეობა ქუჩაში ნაკლებად დადის.
შთაბეჭდილება ისეთია, რომ თბილისში წლითი-წლობით უფრო მაღალი სიცხეა, განსაკუთრებით ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. ეს საკმაოდ შემაშფოთებელი მოვლენაა. ქალაქის ხელისუფლება ცდილობს ჰაერის გაჭუჭყიანების დონე შეამციროს. აქცენტი გადატანილია ავტომობილების [ტექნიკურ] მდგომარეობის კონტროლზე. თუმცა, ზოგადად, სამწუხაროდ, კლიმატური პრობლემა პრიორეტეტული არ არის, რადგან ადამიანებს უფრო მეტად სხვა სადარდებელი აქვთ“-ნათქვამია სტატიაში.

















