შემცირდება თუ არა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ამერიკის ფინანსური მხარდაჭერა? ეს კითხვა არაერთ ქვეყანაში
უჩნდებათ, მათ შორის, საქართველოშიც, სადაც ამერიკის მთავრობის ფონდები და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციები წლებია საქმიანობს.
შეერთებულ შტატებში 1980-იანი წლების დასაწყისში „დემოკრატიის ეროვნული ფონდი“ (NED) დაარსდა იმ მიზნით, რომ მსოფლიოში დემოკრატიის განვითარებისთვის ხელის შესაწყობად, ქვეყნებს ფინანსურად დახმარებოდა. მისი დაარსების ინიციატივით პრეზიდენტი რონალდ რეიგანი 1982 წელს გამოვიდა. მას შემდეგ, წლების მანძილზე ფონდის საქმიანობას ორპარტიული მხარდაჭერა ჰქონდა ამერიკის კონგრესისგანაც.
ფონდს თავდაპირველად კონგრესის მიერ გამოყოფილი თანხებით „შეერთებული შტატების საინფორმაციო სააგენტო“ (USIA) აფინანსებდა, მოგვიანებით მისი საქმიანობა მკაცრად გაიმიჯნა ამერიკის ხელისუფლების საქმიანობისგან.
ამჟამად NED-ი სახელმწიფო თანხებით დაფინანსებული, მაგრამ კერძოდ მართული ინსტიტუტია და 90-მდე სხვადასხვა ქვეყანაში აფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, მათ შორის, საქართველოშიც. მსოფლიოში მიმდინარე არაპროგნოზირებადი მოვლენების პარალელურად კი არ წყდება კამათი იმაზე, როგორი უნდა იყოს ამერიკის როლი.
დონალდ ტრამპის პოლიტიკა „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“, ორივე მხარის მიერ "წარმატებულად" შეფასებული შეხვედრა ტრამპსა და პუტინს შორის და სხვა არაერთი მოვლენა მსოფლიოში, ზოგიერთ მიმომხილველს აფიქრებინებს, რომ ამერიკის მიერ სხვადასხვა რეგიონში დემოკრატიული პროცესების ფინანასური მხარდაჭერა შესაძლოა შემცირდეს.
(...)
ამერიკის მთავრობის მიერ გამოყოფილი ფინანსების ნაწილი საქართველოშიც, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, მედიის განვითარებისთვისაა განკუთვნილი.
„დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ კრემლის დეზინფორმაციის ნაკადებისა და საინფორმაციო ომების პირობებში, საქართველოში მედიის მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება.
ქრისტოფერ უოლკერი, „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ – NED-ის ვიცე-პრეზიდენტი კვლევებისა და ანალიზის საკითხებში, ამბობს, რომ საქართველოში მედია-მდგომარეობა ბოლო წლების განმავლობაში გაცილებით უკეთესია, ვიდრე ზოგიერთ მეზობელ სახელმწიფოში. თუმცა მისი თქმით, კრემლის საინფორმაციო კამპანიების გამო მედიას კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა სჭირდება.
„საქართველოს, ბევრი სხვა ქვეყნის მსგავსად, აქვს ღია, მაგრამ მაინც გამოწვევების მქონე მედიაგარემო. მას სჭირდება მხარდაჭერის გაგრძელება, იმისთვის, რომ იქ იყოს კონკურენტუნარიანი, პლურალისტური მედია. დემოკრატიული ქვეყნების მიერ ქართული მედიის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ინფორმაციის ადგილობრივ წყაროებს ჰქონდეთ დამოუკიდებლად და პროფესიონალურად ფუნქციონირების საშუალება“, - ამბობს ქრის ვოლკერი და დასძენს:
„რუსული დეზინფორმაცია ქართული მედიის მხარდაჭერის საჭიროებას კიდევ უფრო ზრდის. პროპაგანდასთან გამკლავების გამოწვევა - რედაქტორებისა და ჟურნალისტების საქმეს კიდევ უფრო ართულებს. სწორედ ამიტომ ჩვენ გვჭირდება ამ მიმართულებით მხარდაჭერის გაორმაგება“.

















