„როცა მეგობრებს გავანდე, ჩემი დიდი ხნის ოცნება უნდა ავისრულო, საქართველოში
(„ჯორჯიაში“) წასვლას ვაპირებ-მეთქი, მრავალი კითხვა და რჩევა მომაყარეს. ზოგიერთი ფიქრობდა, რომ მე ამერიკის შტატს ვგულისხმობდი. რამდენიმე მიხვდა, სადაც მივდიოდი და მკითხეს, უსაფრთხოება როგორიაო. ვუთხარი, რომ ყველაფერი მარალ დონეზეა-მეთქი. სხვებმა გაიხსენეს, თუ როგორი სიამოვნება მიიღეს საქართველოში ყოფნით. ერთ-ერთმა კი რამდენიმე სასარგებლო რჩევა მომცა ბარგთან დაკავშირებით: უფრო მეტად წაიღეთ თავისუფალი ტანსაცმელი ელასტიური სარტყელითო.
საქართველოში, პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაში, რომელიც ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე მდებარეობს, საუკეთესო და გემრიელი კერძებია. ქართული სუფრა საჭმელების საოცარი სიუხვით გამოირჩევა. თვითონ სიტყვა „სუფრა“-ს საზეიმო დატვირთვა აქვს. ეს ხუმრობა არაა. საქართველოში არსებობს გამოთქმა - „სტუმარი ღვთისაა“. ეს ნიშნავს, რომ ქართველები სტუმართმოყვარე ხალხია და სტუმრისადმი პატივისცემა მისთვის გემრიელი საჭმლის მომზადებაშიც გამოიხატება. ზოგიერთ რესტორანში ისეთ სუფრას გაგიშლიან, რომ დიდ მაგიდაზე ადგილი არ რჩება და ახალი კერძებით სავსე თეფშებს ერთმანეთზე დებენ.
საქართველოში ჩემი 9-დღიანი მოგზაურობის დროს არცერთი უგემოვნო საჭმელი არ შემხვედრია, მაგრამ ყველაზე დასამახსოვრებელი მაინც სიღნაღში, რესტორან „ხოხბის ცრემლებში“ გაშლილი სუფრა იყო, ქართული პოლიფონიური სიმღერის თანხმლებით. სხვათა შორის, სიღნაღს „ღვინისა და სიყვარულის ქალაქს“ უწოდებენ - აქ დღე-ღამის ყოველ მომენტში შეიძლება სამოქალაქო ქორწინების რეგისტრირება.
მე და ჩემს მეგობრებს ასეთ ეპითეტზე გვეღიმებოდა, რადგან „ღვინო და სიყვარულის“ ადგილად არა მარტო სიღნაღი, არამედ მთელი საქართველო შეიძლება ჩაითვალოს. ამას ისიც მოწმობს, რომ სტუმრები საქართველოს ყველა კუთხეში უყვართ და დიდ პატივს სცემენ, ხოლო ღვინისა და მევენახეობის სამშობლო რომ მართლაც საქართველოა, ეს მეცნიერებმაც დაადასტურეს: ამ ქვეყანაში წარმოებული გათხრებისას ქვევრებში (თიხის დიდ ჭურჭლებში) 7000-წლოვანი ღვინის კვალი აღმოაჩინეს. საქართველოში 500 ჯიშის ვაზი ხარობს.
რა თქმა უნდა, ღვინო და სამზარეულო საქართველოს ღირსშესანიშნაობებია, რის გამოც ამ ქვეყანაში უამრავი ტურისტი ჩადის, მაგრამ არა მთავარი. კავკასიური ქვეყანა სტუმარს აოცებს თოვლიან-ყინულიანი მაღალი მთებით, ლამაზი ბუნებით, სოფლებითა და ქალაქებით, უძველესი ეკლესია-ტაძრებით. საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი სახელმწიფოა, რომელმაც ქრისტიანობა უძველეს დროში - 337 წელს მიიღო. აქ არის თერმული და მინერალური წყლები - მაგალითად, ბორჯომში.
თბილისი, საქართველოს დედაქალაქი, რომელიც მტრებმა 27-ჯერ დაანგრიეს და გაძარცვეს, დღეს ერთგვარ კოსმოპოლიტურ ქალაქს წარმოადგენს თავისი თანამედროვე არქიტექტურით, რომელშიც ისტორიულ შენობებია შერეული. თბილისის მსგავს ქალაქს მსოფლიოში ვერსად ნახავთ.
მშრალ ხიდთან მდებარე ძველმანების ბაზარში შეიძლება როგორც აირწინაღის, ასევე სხვა საბჭოური სამხედრო ატრიბუტიკის ყიდვაც. აქ უამრავ ისტორიულ ნივთს ნახავთ. იქიდან შეგიძლიათ „პლეხანოვის უბანშიც“ გაისეირნოთ, დაათვალიეროთ აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ძველებური შენობები და საბჭოთა სამკერვალო ფაბრიკის თანამედროვე სტილით რესტავრირებულ კორპუსში განლაგებული კაფე-ბარები და მაღაზიები.
რაც შეეხება სასტუმროებს:
გაგიკვირდებათ, რომ ყოფილი საბჭოთა სკოლა ხუთვარსკვლავიან სასტუმროდაა გადაკეთებული (Ambassadori), ხოლო მე პირადად კინაღამ წავიქეცი გაკვირვებისაგან, როცა სასტუმრო Stamba („სტამბა“) ვნახე - 1930-იან წლებში აგებული გაზეთების გამომცემლობა, სადაც ხუთსართულიანი შენობის ახალი დიზაინით გადაკეთებულ გიგანტურ ვესტიბიულში ჯერ კიდევ დგას ორიგინალური საბეჭდი დაზგები. საქართველოში ასევე საინტერესოა სასტუმროები Rooms და Kazbegi, საიდანაც მთიანი ლამაზი პეიზაჟით დატკბებით.
ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა იცოდეთ, სად უნდა გამოიძინოთ ამდენი სუფრის გამოცვლის შემდეგ?

















