რუსული გამოცემის, «Независимая газета»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში მიმოხილულია
საქართველოს მთავრობის მიერ შედგენილი „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ დოკუმენტის მნიშვნელობა, მიზანი და მასთან დაკავშირებით ქართველ პოლიტიკოსთა მიერ გაკეტებული განცხადებები, მოსაზრებები და კომენტარები, აგრეთვე აფხაზური მხარის პოზიცია.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ იური როქსის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:
საქართველოს მთავრობამ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ 33 პირი შეიყვანა, რომლებიც ეროვნებით ძირითადად აფხაზები და ოსები არიან. მათ მძიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი საქართველოს მოქალაქეების მიმართ (ან ეჭვმიტანილნი არიან დანაშაულის ჩადენაში). დოკუმენტს ასეთი სახელწოდება მიიღო გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობების გამო, რომლებიც აფხაზებმა და ოსებმა განახორციელეს, - ნათქვამია სტატიაში.
დოკუმენტის მიზანია შექმნას საქართველოს იმ მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის ბერკეტი, რომლებიც აფხაზეთში და „სამხრეთ ოსეთში“ ცხოვრობენ (ანუ იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს). როცა დოკუმენტს პარლამენტი დაამტკიცებს, საქართველოს მთავრობა შეეცდება, რომ პარტნიორმა ქვეყნებმა საერთაშორისო არენაზე სიაში შეტანილ პირების მიმართ შეზღუდვები დააწესოს. მაგრამ ქართულმა ოპოზიციამ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ არ მოიწონა და ხელისუფლება ზედაპირულ მიდგომაში ამხილა. მაგალითად, „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ სიაში არ არიან შეტანილნი რუსი სამხედრო მოსამსახურეები და ოკუპირებული ტერიტორიებზე მოქმედი მაღალჩინოსნები, რომელთა მფარველობით დანაშაული ხდება.
„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიამ“ სოხუმში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. იქაური "საგარეო საქმეთა სამინისტროს" განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების მიერ ამგვარი დოკუმენტების შედგენა იმას ნიშნავს, რომ თბილისი არაკონსტრუქციულ პოლიტიკას ატარებს და ეჭვქვეშ აყენებს ჟენევის მრავალმხრივი მოლაპარაკების გაგრძელების მიზანშეწონილებას, - ნათქვამია სტატიის დასასრულს.

















