რუსული გამოცემის, «Известия»-ს მიერ გამოქვეყნებული სტატია ეხება ადამიანის უფლებათა
ევროპულ სასამართლოში გამართულ სხდომას, რომელზეც 2008 წლის აგვისტოს მომხდარ ომთან დაკავშირებით საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სარჩელი განიხილეს. „როგორც ჩანს, სტრასბურგის სასამართლო რუსეთისათვის არასასიამოვნო გადაწყვეტილებას გამოიტანს“, - ნათქვამია პუბლიკაციაში. მასში ვრცლადაა გადმოცემული სხდომის მიმდინარეობა, მიმოხილულია ქართული და რუსული მხარის ადვოკატთა არგუმენტები, შეფასებულია სასამართლოს სავარაუდო გადაწყვეტილების ხასიათი.
„საინტერესოა თვალი გავადევნოთ, თუ როგორ იცვლებოდა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიდგომები და შეფასებები 2008 წლის აგვისტოში მომხდარი მოვლენებისა და ქვეყნის მაშინდელი ხელისუფლების ბრალეულობის მიმართ. ჯერ კიდევ იმ დროს, როცა „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ (მიხეილ სააკაშვილის პარტიის) ოპოზიციაში იყო, აშკარა გახდა, რომ „ოცნება“ დიდი ეჭვით უყურებდა ხელისუფლების მცდელობას - გაემართლებინა თავისი მოქმედება „ხუთდღიან ომში“. ეს ეჭვები რამდენჯერმე იქნა გაჟღერებული პარლამენტის არჩევნების შემდეგა, როცა ხელისუფლებაში ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერ ჩამოყალიბებული კოალიცია მოვიდა.
ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ არ იყო პრემიერ-მინისტრი, როცა მან პარლამენტის ოპოზიციურ- ფრაქციის (ანუ „ნაცმოძრაობის) წევრებთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა იმას, რომ 2008 წელს მომხდარი ომი მიხეილ სააკაშვილისა და მის თანამოაზრეთა მიერ დაგეგმილ დიდ პროვოკაციას წარმოადგენდა: „ეს დიდი პროვოკაცია თქვენმა მთავარსარდალმა დაგეგმა და განახორციელა. ამას მოწმობს ჰაიდი ტალიავინის კომისიის დასკვნაც, რომელიც ევროპამაც აღიარა“, - ხაზი გაუსვა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, რომელსაც, უკვე პრემიერის რანგში, მომდევნო გამოსვლებისას არაერთხელ უთქვამს: მიხეილ სააკაშვილის ავანტიურა რომ არ ყოფილიყო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები არ ექნებოდაო“.
რა თქმა უნდა, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს ანალოგიურ შეფასებას უკეთებდნენ „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლებიც, მაგრამ როგორც კი მთავრობა ჩამოაყალიბეს და ქვეყნის მართვის ყველა სადავე ხელთ იგდეს, მათი განცხადებების ტონალობა შეიცვალა... დღეს მმართველი პარტიის აქცენტები სხვაგანაა გადატანილი: ძირითადი ყურადღება ექცევა შეფასებას, რომლის მიხედვით რუსეთი „ოკუპანტი და აგრესორია, ევროპული კონვენციის დამრღვევი და ამიტომ, თავისი აგრესიული მოქმედების გამო, დასჯას იმსახურებს“. რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობის დამყარების სურვილი მხოლოდ „აბაშიძე-კარასინის“ ფორმატით შემოიფარგლა, სავაჭრო-ეკონომიკური საკითხების განხილვით.
საქართველოს „მეოცნებე“ ხელისუფლება, წინამორბედ „ნაციონალური“ მთავრობის მსგავსად, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას არ ფიქრობს. ოფიციალური თბილისის დღევანდელი განცხადებები ხშირად არც განსხვავდება იმ განცხადებებისაგან, რასაც მიხეილ სააკაშვილი და მისი თანაგუნდელები აკეთებდნენ თავიანთი მმართველობის დროს. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ყველაფერი არა მარტო შინაური ოპოზიციის („ერთიანი ნაცმოძრაობის“ და მისი განაყოფის) ზეწოლის შედეგია, არამედ დასავლელი პარტნიორებისაც.
დღეს თბილისი დარწმუნებულია, რომ რუსეთის წინააღმდეგ სასამართლო დავაში საქართველო გაიმარჯვებს და ამ რწმენას „მტკიცე საფუძველი“ აქვს. მით უმეტეს, რომ ჯერ კიდევ 2014 წელს მოიგო საქმე, რომელიც 2006 წელს რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეთა მასობრივ გაძევებას ეხებოდა.
თუ გავითვალისწინებთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ამგვარ „გამოცდილებას“, აგრეთვე რუსეთის თანამედროვე მდგომარეობას და დასავლეთის ნეგატიურ დამოკიდებულებას მოსკოვის მიმართ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ქართული მხარის მოლოდინს მართლაც აქვს გარკვეული რეალური საფუძველი, ანუ თბილისის სარჩელი მოსკოვის წინააღმდეგ ძირითადად დაკმაყოფილებული იქნება, რუსეთი საქმეს წააგებს.

















