"პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ, როცა თავის ქართველ კოლეგას ქვეყნის
დამოუკიდებლობის დღე და სახელმწიფოებრიობის აღდგენის ასი წლის იუბილე მიულოცა, ხაზი გაუსვა, რომ „ბელარუსი გულწრფელად მოხარულია თანამედროვე საქართველოს წარმატებებით და ყოველთვის მზადაა მას დახმარება გაუწიოს“.
საერთოდ, ბელარუსის ხელმძღვანელის ბაგეთაგან სხვა სახელმწიფოთა ლიდერების მხარდაჭერის სიტყვები საკმაოდ რეგულარულად ისმის, მაგრამ სწორედ საქართველოს შემთხვევაში ჩანს მისი სიტყვების აბსურდულობა. მოდით, ეს კონკრეტული მაგალითებით ავხსნათ"-ასე იწყება ბელარუსული გამოცემის, «Салідарнасць»-ს მიერ კირილ ივანოვის ავტორობით გამოქვეყნებული სტატია, რომლის შემოკლებულ ვერსიას საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ:
2003-ში საქართველო Transparency International-ის კორუფციის ინდექსის მიხედვით 176-დან 176 ადგილზე იყო, ერთი წლის შემდეგ კი 43-ე პოზიციაზე გადაინაცვლა. რამდენიმეწლიანი რეფორმების შედეგად ქვეყანამ გასაოცარ შედეგებს მიაღწია: არც ჩინიოვნიკები, არც ექიმები, არც საგზაო ინსპექტორები ქრთამს აღარ იღებდნენ. ქართველები აღიარებენ, რომ კორუფციის პრობლემა საბოლოოდ ჯერ კიდევ არაა გადაწყვეტილი - ხელისუფლების ზედა ეშელონებში მექრთამეობა ისევ შინიშნება, თუმცა მისი აღმოფხვრა მხოლოდ დროის საკითხია.
ბელარუსი 2017-ში მსოფლიოს 180 ქვეყნიდან 68-ე ადგილზე იყო. კაცმა რომ თქვას, ცუდი შედეგი ნამდვილად არაა, თუ 2015 წლის მონაცემს შევადარებთ - იმდროს 107-ე პოზიციაზე ვიყავით. თუმცა საქართველოს მიღწევისაგან მაინც შორს ვართ. ისმება კითხვა - ვინ ვის უნდა გაუწიოს დახმარება? ბელარუსმა საქართველოს?
ანდა ავიღოთ ბიზნეს-საქმიანობის დაწყებისა და საერთოდ, ბიზნესის თავისუფლების საკითხი. ერთ-ერთმა საკურიერო კომპანიამ („მენუ“), რომელიც საქართველოში და სომხეთში მუშაობს, ბელარუსშიც მოისურვა დაფუძნება. გახსნა ოფისი, თუმცა გავიდა რამდენიმე თვე და ეს კომპანია კვლავ ქაღალდებშია ჩაძირული. ისე გამოდის, რომ „მენუ“-სათვის უფრო იოლია მუშაობა საქართველოს და სომხეთის საგადასახადო და სანიტარულ სამსახურებთან, ვიდრე ბელარუსში.
და ბოლოს, ყველაზე მთავარი: ლუკაშენკო თითქმის 25 წელია ხელისუფლებაში იმყოფება. ამ დროის განმავლობაში საქართველოში პრეზიდენტები ოთხჯერ შეიცვალნენ. რასაკვირველია, უმაღლესი ხელისუფალის შეცვლა თბილისში ყოველთვის უმტკივნეულოდ არ ხდებოდა, მაგრამ ჩვენთან შედარებით მაინც კონტრასტული სიტუაციაა: ერთი ადამიანი, რომელსაც განუსაზღვრელი უფლებები აქვს, კორუფციას ნახევარი საუკუნის განმავლობაში წარუმატებლად ებრძვის, ბიზნესი ხელში უჭირავს... და თან კოლეგებს პირდება, რომ საჭირო მომენტში დაგეხმარებიო. საკითხავია, ვის უფრო მეტად ჭირდება დახმარება - ჩვენ თუ იმათ.

















