აზერბაიჯანული გამოცემა «Каспiй», პრაღაში გამართულ აბაშიძე-კარასინის შეხვედრას რაუფ
ორუჯევის სტატიით ეხმაურება, რომლის ქართულენოვან, შემოკლებულ ვერსიას საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ:
პრაღაში ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ჩარჩოებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ერთი შედეგი მართლაც იქნა მიღწეული - გადაწყდა, რომ რუსეთი საქართველოს მოსკოვში არსებულ საელჩოს შენობას დაუბრუნებს - დღემდე ქართველი დიპლომატები შვეიცარიის საელჩოში, საქართველოს ინტერესების სექციაში მუშაობენ.
მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობის საკითხებიც განიხილეს, მათ შორის ტვირთების მოძრაობის მონიტორინგის თაობაზე. რუსეთმა, საქართველოს მსგავსად, ამ მიზნით უკვე გააფორმა შეთანხმება შვეიცარიულ კომპანიასთან. ამ მხრივ გარკვეული პოზიტივი შეინიშნება. შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ რუსი ტურისტები სულ უფრო მეტად ინტერესდებიან საქართველოში მოგზაურობით.
მაგრამ, როგორც ამბობენ ხოლმე, მოლაპარაკების „წმინდა წყალში“ „ცოტა კუპრიც“ ჩაეწვეთა: გრიგორი კარასინმა ხაზი გაუსვა, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის არსებობა რუსი მოქალაქეებისათვის საფრთხის წყაროს წარმოადგენსო. სიტუაციას კიდევ უფრო ძაბავს პრაღის შეხვედრის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული განცხადების ერთი გარემოება - მასში მითითებულია, რომ პრაღაში გრიგორი კარასინმა სერიოზული შეშფოთება გამოხატა საქართველოსა და ნატოს შორის ურთიერთობის გაღრმავების გამო.
„დასავლეთის მიერ ამიერკავკასიის სამხედრო ათვისება რუსეთისათვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს. საქართველოს პარტნიორები და ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არ მალავენ, რომ თბილისს რუსეთის შეკავების მიზნით აიარაღებენ, შესაბამისად, რუსეთსაც აქვს უფლება თავისი მოკავშირეების მიმართ ადექვატური მოქმედება განახორციელეს“, - აღნიშნულია განცხადებაში. ანუ მოსკოვისათვის ცოტაა, რომ ის საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპირებას აგრძელებს. კრემლი თურმე იმითაა შეშფოთებული, რომ საქართველო დანარჩენი 80% ტერიტორიის დაცვას ცდილობს. ამ მხრივ მოსკოვის განცხადება აბუჩად აგდებასა და ბოროტ დაცინვას ჰგავს.

















