ამერიკული გამოცემა «The National Interest»-ი, აქვეყნებს ცნობილი დიპლომატებისა და პოლიტოლოგების - უილიამ
კორტნის, დენიელ ფრიდისა და კენეტ იალოვიცის სტატიას სათაურით „საით მიდის საქართველო?“
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით:
ამას წინათ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მხარს უჭერს ნატოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციას, რომლის თანახმად, „საქართველო ნატოს წევრი გახდება“. მაიკ პომპეოს გამონათქვამი ადასტურებს ბოლო მეოთხედი საუკუნის მანძილზე აშშ-ის ძლიერ მხარდაჭერას საქართველოსადმი, რომელიც ამ თვეში პირველი ქართული რესპუბლიკის შექმნის ასი წლისთავს აღნიშნავს. 1918-21 წლებში იმდროინდელმა საქართველოს დემოკრატიული კონსტიტუცია ჰქონდა მიღებული და ევროპისაკენ ისწრაფვოდა, მაგრამ მხოლოდ სამი წელი იარსება და საბოლოოდ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში აღმოჩნდა.
1991 წლიდან, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ პერიოდში, საქართველომ მდგრად პროგრესს მიაღწია ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. საქართველომ ასევე მიაღწია სტაბილურ ურთიერთობას რუსეთთან, 2008 წელს მომხდარი ომისა და ტერიტორიების ოკუპირების მიუხედავად. დასავლეთის გონივრულმა დიპლომატიამ და საქართველოსადმი მხარდაჭერამ მოსკოვის აგრესიულობა შეაკავა, თუმცა თბილისის დასავლური სწრაფვა რეალიზებული არ არის და საფრთხის ქვეშ იმყოფება.
საქართველოს შემდგომი პროგრესისთვის აუცილებელია როგორც რეფორმების გაღრმავება, დასავლეთის ძლიერი მხარდაჭერა ევროატლანტიკური სტრუქტურებში ინტეგრაციის მიზნით, ასევე მოთმინება და სიმტკიცე. დღეს თავისუფალი, დემოკრატიული ერების ოჯახის გაფართოება გამოცდას გადის, განსაკუთრებით საქართველოსა და უკრაინაში.
მართალია, საქართველოს ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანება ახლო მომავალში მოსალოდნელი არ არის, მაგრამ პრაქტიკული თანამშრომლობის გაფართოება ხელს შეუწყობს მათ შორის კავშირების განმტკიცებას. ეს თანამშრომლობა შეიძლება გამოიხატოს სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურებასა და ნატოს სწავლებებში მონაწილეობის მიღების გაგრძელებაში. დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას ევროპის სახელმწიფოებთან და აშშ-სთან. ყურადღების კონცენტრირება საქართველოსადმი პრაქტიკული დახმარების გაწევაზე, თბილისისს დადებით შედეგს მოუტანს დემოკრატიის განმტკიცებაში, ეკონომიკის განვითარებასა და სტაბილურობის გაღრმავებაში.
1990-იან წლებში საქართველო, რომელიც მოცული იყო სეპარატისტული კონფლიქტებით, კორუფციით, უკიდურესი სიღარიბით და რუსეთის მხრიდან წამოსული მუქარებით, შეიძლებოდა არშემდგარ სახელმწიფოდ დარჩენილიყო. მაგრამ საქართველო მოახერხა ამ დიდი გამოწვევების გადალახვა და დღეს ნათელ მაგალითს წარმოადგენს იმისა, თუ როგორ შეიძლება გარდაიქმნეს ათეული წლებით ჩამორჩენილი პოსტსაბჭოთა ქვეყანა რეფორმისტულ და დასავლეთზე ორიენტირებულ სახელმწიფოდ.
საქართველოს მდებარეობა რუსეთს, თურქეთს და ირანს შორის, ევროპა-აზიის ერთმანეთთან დამაკავშირებელ „აბრეშუმის დიდ გზაზე“, კასპიის ენერგორესურსების საექსპორტო მარშრუტებზე ხაზს უსვამს საქართველოს მნიშვნელობას ევროატლანტიკური თანამეგობრობისათვის და მის ფარგლებს გარეთ.
2008 წელს რუსეთის მიერ განხორციელებული საქართველოს ტერიტორიის მეხუთედი ნაწილის სამხედრო ოკუპაციის, ანტიქართული პროპაგანდა-აგიტაციის და დეზინფორმაციის მიუხედავად, რომელიც მიმართულია ქვეყანაში შუღლის დასათესად და სახელმწიფოს დასაშლელად, საქართველო დასავლურ კურსს მაინც მტკიცედ ინარჩუნებს.
საქართველოში ტარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, არსებობს დინამიური სამოქალაქო საზოგადოება, არსებობს მთლიანობაში თავისუფალი პრესა და სივრცე პოლიტიკური დებატებისათვის. თბილისი ცდილობს, აფართოებს კავშირებს ვაჭრობაში და ტურიზმში და ეს ყველაფერი იმის მიუხედავად, რომ კრემლი უარს არ ამბობს თავის მიერვე შექმნილი აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარებაზე.
საქართველოს თვითონაც ბევრი რამის გაკეთება შეუძლია საკუთარი ევროპული და ევროატლანტიკური ამბიციების რეალიზებისათვის. მან უნდა მოახერხოს და მოიშოროს ყოფილი საბჭოთა სისტემის გადმონაშთები - ერთპარტიული ბატონობა, სუსტი სახელმწიფო ინსტიტუტები, ცალკეულ ლიდერთა განდიდება, რომლებიც საკუთარ გავლენებს ქარიზმით, პოპულიზმითა თუ სიმდიდრით აფართოებენ. ეს მუდმივ ძალისხმევას მოითხოვს.
საქართველოს მთავრობა რეფორმების გატარებაში მოსახლეობის მხარდაჭერით სარგებლობს და, აქედან გამომდინარე, მას შეუძლია ასეთი ფონი პოლიტიკური პროცესების, მართვისა და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებისათვის გამოიყენოს. ასევე აუცილებელია გაფართოვდეს ქალების მონაწილეობა პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში, რაც ერთობ წაადგება ქართულ დემოკრატიას. დასავლეთის მხარდაჭერა კი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხში ურყევია.
რასაკვირველია, საქართველოს სურს, რომ ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების გრაფიკი იცოდეს, მაგრამ ასეთ განრიგის შექმნა უახლოეს პერსპექტივაში საეჭვოა. მთავარია, რომ ამ შემთხვევაში თბილისმა არსებული შესაძლებლობები უკეთ გამოიყენოს. ნატოსთან და ევროკავშირთან ინტეგრაციის პირობებში მან პოლიტიკურ-ეკონომიკური გარდაქმნები უნდა განახორციელოს - მტკივნეული, მაგრამ საბოლოო ჯამში მომგებიანი.
საქართველოს მიერ რთული საკითხების მოგვარების კვალობაზე, დასავლეთი, თავის მხრივ, დაინტერესებული იქნება, რომ საქართველო ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანდეს. დასავლეთი დაბეჯითებით დაიცავს მის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.
რამდენადაც საქართველო ევროპულ სტანდარტებს ასრულებს, ევროკავშირიც, ცხადია, მის მიმართ გულუხვობას გამოიჩენს საექსპორტო შესაძლებლობების გაფართოების თვალსაზრისით. გარდა ამისა, ვიზალიბერალიზება და თავისუფალი ვაჭრობოს რეჟიმი საქართველოს ევროპაში სარკმელს უფრო ფართოდ უღებს და ქართველებს პოზიტიურ ბიძგს აძლევს პროდასავლური კურსის გაგრძელების თაობაზე.
დასავლური სამხედრო მომზადება და ტექნიკა, ავღანეთში და ერაყში მიღებული საბრძოლო გამოცდილება საქართველოს თავდაცვისუნარიანობას აძლიერებს. აშშ დღეს საქართველოს ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს - „ჯაველინებს“ აწვდის. ამერიკას, სხვა ნატოელ მოკავშირეებთან ერთად, შეუძლია ძალისხმევა გააორმაგოს, რომ საქართველომ თანამედროვე ტერიტორიული თავდაცვა შექმნას. თბილისს მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ნატოს ავღანურ მისიაში, რაც მოწმობს მის ერთგულებას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიზნებისადმი.
დასავლეთ შეუძლია მოსკოვს მოუწოდოს საქართველოსთან მშვიდობიანი ურთიერთობის დამყარებისა და მის საგარეოპოლიტიკური არჩევანისადმი პატივისცემისაკენ და მიანიშნოს, რომ თუ აგრესია განახლდება, კრემლს ეს ძვირად დაუჯდება.
საქართველო დღეს საკვანძო ტესტს წარმოადგენს იმ მიზნით, რომ პოსტსაბჭოთა სივრცის რეფორმირებული სახელმწიფო ევროატლანტიკური თანამეგობრობის ნაწილი გახდეს. ფსონები ძალიან მაღალია.
----------
ავტორთა შესახებ:
უილიამ კორტნი - არაკომერციული კვლევითი ორგანიზაცია RAND Corporation-ის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, აშშ-ის ყოფილი ელჩი იყო საქართველოსა და ყაზახეთში;
დენიელ ფრიდი - აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს წევრი, იყო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპულ საქმეებში, მუშაობდა პრეზიდენტების - ბილ კლინტონისა და ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციაში;
კენეტ იალოვიცი არის ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი კონფლიქტების დარეგულირების სფეროში და „ვილსონ-ცენტრის“ მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. იყო აშშ-ის ელჩი საქართველოში.

















