გავლენიანი ბრიტანული გამოცემის, «The Economist»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში განხილულია ქართული
პროდუქციის ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის მდგომარეობა, განსაკუთრებით ყურადღება ეთმობა მოდური ტანსაცმლის წარმოებას და მის მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკისათვის. მასში საუბარია აგრეთვე ქართველი დიზაინერის, ესპანეთის „ბალენსიაგას“ მოდის სახლის დირექტორის დემნა გვასალიას წარმატებაზეც.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
„დემნა გვასალია საქართველოს ჯერ კიდევ ბავშვობაში, სამოქალაქო ომის დროს განერიდა და სწავლა ანტვერპენში განაგრძო, დღეს კი მისი სამშობლო მოდის დიზაინერის წარმატებებით სარგებლობს. დღეს იგი ე.წ. „ანტიმოდის“ ჩვენებაშიც მონაწილეობს, მაგალითად, ციურიხის მოდის სახლის მიერ მოწყობილ პოდიუმზე.
რა თქმა უნდა, იყო დრო, როცა საქართველოშიც იკერებოდა ტანსაცმელი, თუმცა იმ პერიოდის სამოსელი საკმაოდ უფერული იყო, მსხვეპლად ეწირებოდა კომუნიზმის მშენებლობას და საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე სამკერვალო წარმოებაც კრიზისში აღმოჩნდა. დღეს კი ქართული მოდის მსხვერპლი თითქმის მთელი მსოფლიო ხდება: დასავლელი სტილისტები, მყიდველები და ჟურნალისტები კავკასიაში ჩადიან, რათა მნიშვნელოვანი მოვლენების მომსწრენი გახდნენ. თბილისში ხშირად ტარდება მოდის კვირეულები.
ქართველი დიზაინერები თავიანთ პროდუქციას ჰყიდიან ლონდონში, პარიზში, ნიუ-იორკში. სხვებთან ერთად, მათი კლიენტები არიან რიანა და ლედი გაგა. თუმცა, რა თქმა უნდა, მოდური ტანსაცმელის წარმოება საქართველოს ეკონომიკის საფუძველი არ არის. საქართველოს ექსპორტში უფრო მეტად თხილი და სპილენძი დომინირებს. ამასთან, ლამაზი მოდური ტანსაცმლის წარმოებით საქართველოს მსოფლიო რუკაზე თავისი მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დაკავებული, რაც ტურისტებისა და ინვესტორების დაინტერესებას იწვევს. გასულ წელს საქართველოს 7,5 მილიონი სტუმარი ეწვია, რაც ორჯერ მეტია ამ ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობაზე და ექვსჯერ აღემატება 2008 წლის მონაცემებს ტურიზმის სფეროში.
ევროკავშირის მიერ გაწეულმა ფინანსურმა დახმარებამ საქართველოს საწარმოებს გადაიარაღებისა და ახალი ტექნიკით აღჭურვის საშუალება მისცა. ქართული პროდუქციის ხარისხი უკვე საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს, რაც აუცილებელია ევროპის ქვეყნებში მისი გაყიდვისათვის. 2017 წელს ევროკავშირში ექსპორტმა 646 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც 13%-ით მეტი 2016 წელთან შედარებით.
ევროპისაკენ მიისწრაფვის ქართული საზოგადოებაც: საქართველოს მოქალაქეთა 70%-ზე მეტი ევროკავშირთან ინტეგრირების მომხრეა. გარდა ამისა, საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას, რომელიც ძალაში 2016 წელს შევიდა.
რა თქმა უნდა, ტანსაცმლის წარმოებით საქართველო მდიდარი ვერ გახდება, მით უმეტეს, ვერ დაიცავს ქვეყანას რუსეთის აგრესიისაგან. თუმცა, ცხადია, მსოფლიო მოდის ელიტის ყურადღების ცენტრში ყოფნა შავიზღვისპირა ქვეყანას არ ავნებს.

















