«The Paninsula»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში გაშუქებული ყატარელი ჟურნალისტების ჯგუფის შეხვედრა
საქართველოს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების მოზიდვის დეპარტამენტის უფროსთან ლიზა თავდუმაძესთან.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ირფან ბუზარის ავტორობით გამოქვეყნებული სტატიის ქართულენოვან რეზიუმეს:
ყატარელი ჟურნალისტები თბილისში სპეციალური გასაცნობი ტურის ფარგლებში იმყოფებოდნენ, რომელიც მათთვის საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და დოჰაში მოქმედი საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით განხორციელდა.
ჟურნალისტები, რომლის შემადგენლობაშიც ამ პუბლიკაციის ავტორიც იყო, ლიზა თავდუმაძეს შეხვდნენ.
“აწარმოე საქართველოს“ დეპარტამენტის უფროსმა ყატარის მასმედიის წარმომადგენლებს საქართველოს საინვესტიციო კლიმატი გააცნო და აღნიშნა, რომ ქვეყანაში საკმაოდ ბევრი დარგია, სადაც ინვესტიციები შეიძლება ჩაიდოს: მრეწველობა, ენერგეტიკა, უძრავი ქონება, სოფლის მეურნეობა, სასტუმროები და ა.შ.
„საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციების ჩადება მომგებიანია და წარმატებას უზრუნველყოფს“, - განაცხადა ლიზა თავდუმაძემ.
„აწარმოე საქართველოს“ ინვესტიციების მოზიდვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვრცლად შეეხო ტურიზმის ბიზნესს, რომელიც, მისი თქმით, ბოლო წლებში პერმენენტულად მაღალი ტემპებით ვითარდება: 2017 წელს საქართველოს 7 მილიონ 600 ათასი სტუმარი ეწვია, რაც ბევრად მეტია 2016 წელთან შედარებით (6,3 მილიონი). შესაბამისად, საქარტველოს ბიუჯეტში ტურიზმით მიღებული შემოსავლებიც განუხრელად მატულობს. ლიზა თავდუმაძემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ტურისტულ ობიექტებს სახელმწიფოც აფინანსებს - წყალტუბოში, ქუთაისში, აჭარაში და ა.შ.
პუბლიკაციაში ასახულია შეხვედრის დროს გაშუქებული საკითხები: საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები საზღვარგარეთის ქვეყნებთან, განსაკუთრებით კი ევროკავშირთან (ასოცირების შეთანხმება). სტატიაში აღნიშნულია, რომ ლიზა თავდუმაძემ ყატარელ ჟურნალისტებს გააცნო საქართველოს მიერ დადებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები ევროპისა და აზიის სახელმწიფოებთან. საქართველოს ასევე აქვს სამი თავისუფალი ეკონომიკური ზონა - ფოთში, ქუთაისში და თბილისში.

















