გერმანული გამოცემის, «Kreis-Anzeiger»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში გადმოცემულია გერმანიაში, ჰესენის მხარის
ფოგელბერგის რაიონში, ქალაქ ლაუტერბახის ახლოს მდებარე ბაზაზე მყოფი 140 ქართველი ჯარისკაცების წრთვნის პროცესი და მასთან დაკავშირებული საკითხები.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:
პუბლიკაციაში ყურადღება ეთმობა საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ბატალიონის მომზადებას ნატოს „სწრაფი რეაგირების ძალების“ (Quick Reaction Force – QRF) ჩარჩოებში, რომელიც მიმდინარე წლის იანვრიდან მიმდინარეობს. ექვსთვიანი წრთვნის პროცესში ქართველი მეომრები სრულყოფილად ეუფლებიან ნატოს სამხედრო ტექნიკას, რომელიც გამოიყენება როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო ოპერაციებში (სამაშველო თვალსაზრისით).
სტატიაში აღნიშნულია, რომ ქართველი ჯარისკაცების მაღალ დონეზე მომზადების მიზნით პოლკოვნიკმა ვილი დეჰერტმა საგანგებოდ შეიმუშავა ფოგელბერგის სხვადასხვა ადგილებში წრთვნის ჩატარების პროგრამა.
ქართველი ჯარისკაცებთან საუბრის მიხედვით ჩანს, რომ ისინი ძალიან კმაყოფილნი არიან მომზადების პროცესით: „ჩვენ ყველაფერს მაღალ დონეზე გვასწავლიან - ვრცლად და გასაგებად“, - ამბობენ ისინი. ქართველი ჯარისკაცები სიამოვნებით ეცნობიან აგრეთვე ფოგელბერგის მხარის ღირსშესანიშნაობებს, ეწყობა ექსკურსიები, გასეირნება ქალაქებში, ისინი ყიდულობენ სუვენირებს და ა.შ.
ბატალიონის მომზადების პროცესი საბოლოოდ ლეტცლინგენის საბრძოლო მომზადების ცენტრში დასრულდება. ქართველი ჯარისკაცები სამშობლოში დაბრუნდებიან, ორი კვირის შემდეგ კი მათ დანიშნულების ადგილზე - ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში, მაზარი-შარიფში გადაიყვანენ, ნატოს კონტინგენტში საბრძოლო სამსახურის გასავლელად.

















