ყატარის გაზეთ The Peninsula-ში საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული მასალა ორი ქვეყნის
პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს ეხება. თბილისში არსებულ ყატარის დიპლომატიური წარმომადგენლობის მეთაურს, ელჩ მუბარაქ ბენ ნასერ ალ-ხალიფას ესაუბრება ჟურნალისტი ირფან ბუხარი. ყატარელი დიპლომატი ინტერვიუში ლაპარაკობს საქართველოში ყატარის ინვესტიციების ზრდაზე, ვაჭრობის მოცულობის გაფართოებაზე და სხვა საკითხებზე.
საინფორმაცვიო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ინტერვიუს ქართულენოვან რეზიუმეს:
როგორც ცნობილია, 2017 წელს არაბულმა სახელმწიფოებმა - საუდის არაბეთმა, ეგვიპტემ, ბაჰრეინმა, გაერთიანებულმა მირატებმა, მავრიტანიამ და სხვებმა, ტერორიზმისა და ექსტრემიზმისადმი ხელშეწყობის ბრალდებით, ყატარი პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სატრანსპორტო ბლოკადაში მოაქციეს, გაწყვიტეს მასთან დიპლომატიური ურთიერთობაც.
შეკითხვაზე - როგორი დამოკიდებულება აქვს საქართველოს ყატარის წინააღმდეგ განხორციელებულ ბლოკადის მიმართ - ელჩი პასუხობს: "საქართველოს პოზიცია ყატარის წინააღმდეგ გამოცხადებული ბლოკადის მიმართ, რომელიც დღესაც გრძელდება, გამოიხატება შემდეგში: თბილისი მხარს უჭერს კრიზისის დიალოგის გზით მოგვარებას".
ელჩის თქმით, ყატარს და საქართველოს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობები აქვთ, რაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ხელშეკრულების გაფორმებაშიც გამოიხატება. „მართალია, ყატარის ინვესტიციები საქართველოში შედარებით მცირეა, მაგრამ მას ზრდის ტენდენცია აქვს“, - ამბობს ელჩი. დიპლომატმა ხაზი გაუსვა, რომ ყატარისათვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტი, რომელიც გარკვეულწილად ანეიტრალებს გამოცხადებული ბლოკადის სიმწვავეს. „საქართველოსა და ყატარს შორის პირდაპირი საიმპორტო ხაზი მოქმედებს“, - აღნიშნა ელჩმა და დაამატა: „უახლოეს ხანში ხელი მოეწერება ორმხრივ შეთანხმებას ინვესტიციების გაზრდისა და მათი დაცვის შესახებ“.
პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ 2009 წლიდან ყატარსა და საქართველოს შორის 12 შეთანმხმება და ურთიერთგაგების რამდენიმე მემორანდუმია გაფორმებული. ბოლო წლების განმავლობაში ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის მოცულობა 81%-ით გაიზარდა. გააქტიურდა დელეგაციათა გაცვლა-გამოცვლა: ორი წლის წინათ დოჰაში ქართველ ბიზნესმენთა ჯგუფი იმყოფებოდა, ახლახან კი, აპრილის დასაწყისში, თბილისში გამართულ ბიზნეს-ფორუმში მონაწილეობა ყატარელმა ბიზნესმენებმაც მიიღეს. თანამშრომლობის სფეროები: ტურიზმი, ენერგეტიკა, მშენებლობა, სოფლის მეურნეობა.
ყატარის ელჩის თქმით, საქართველო იმ 80 ქვეყნის სიაშია, რომელთა მოქალაქეები გამარტივებული სავიზო რეჟიმით სარგებლობენ - მათ ვიზის აღება დოჰაში ჩასვლისთანავე შეუძლიათ. ასეთივე რეჟიმი მოქმედებს საქართველოში ყატარის მოქალაქეების მიმართ. რაც შეეხება ორი ქვეყნის საჰაერო კავშირს ერთმანეთთან, დღეს დოჰასა და თბილისს შორის კვირაში 14 ავიარეისი სრულდება, რასაც პირველი ივნისიდან კიდევ 7 რეისი დაემატება და 21 გახდება.
როგორც მუბარაქ ალ-ხალიფამ აღნიშნა, საქართველოს კარგი მასტიმულირებელი პირობები აქვს შექმნილი უცხოური ინვესტიციების მიზიდვის თვალსაზრისით. გარდა ამისა, ტურისტებისთვის ძალიან კარგია, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყნად კლასიფიცირდება.
ყატარელმა დიპლომატმა მაღალ დონეზე შეაფასა აგრეთვე საქართველოში არსებული კონფესიათაშორისო თანხმობაც.

















