გავლენიანი ამერიკული გამოცემის, «The Washington Post»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში განხილულია სიტუაცია,
რომელიც რუსეთ-აშშ-ის შორის ურთიერთობის გაუარესების შედეგად წარმოიქმნა: ამერიკელი დიპლომატების რაოდენობის შემცირებამ რუსეთის მოქალაქეებისათვის აშშ-ში გასამგზავრებელი ვიზების გაცემის პროცესი შეაფერხა. უბრალო ადამიანები „ჯვარედინ დიპლომატიურ ცეცხლში“ მოხვდნენ, რომელშიც აშკარად ჩანს „ცივი ომის“ კონტურები. ერთი წლის წინ აშშ-ში გასამგზავრებელი ტურისტული ვიზა ერთ კვირაში შეიძლებოდა მიეღო მსურველს, ახლა კი ვიზის მიღებას რვა თვის ლოდინი ჭირდება“, - ნათქვამია სტატიაში.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ემი ფერის-როტმანის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:
აშშ-ის ვიზას 250 დღე რომ არ ელოდონ, რუსეთის ასობით მოქალაქე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში მიდიან, ვთქვათ, ლატვიაში, აგრეთვე იმ ქვეყნებში, რომლებიც ამერიკას არ უპირისპირდებიან, იმ იმედით, რომ იქ არსებული აშშ-ის საელჩოს სამსახურით ისარგებლონ. ამ მხრივ კავკასიაში მთელი კუსტარულ-ტურისტული მიმართულება ჩამოყალიბდა - „ღვინო და ვიზები“, რომლის თანახმად, ვიზების ლოდინში მაძიებლებს შეუძლიათ დრო კარგად გაატარონ: „სასიამოვნოს სასარგებლო“ შეუთავსონ და ექსკურსიები მოაწყონ რესტორნებსა და მარნებში ქართული ღვინოების დასაგემოვნებლად.
მაგრამ, რასაკვირველია, ყველას არ აქვს იმის დრო და ფული, რომ მეზობელ ქვეყანაში წავიდეს ამერიკის ვიზის მიღების მიზნით. ამიტომ აშშ-ში წამსვლელი რუსების რაოდენობამ მკვეთრად იკლო. ისინი სხვადასხვა ქვეყნების მიმართულებებში გადანაწილდნენ.
საერთოდ, აშშ-ში წამსვლელების რაოდენობა განსაკუთრებთ ბევრი არასოდეს ყოფილა. ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2017 წელს ამერიკაში რუსეთის 240 ათასი მოქალაქე იმყოფებოდა, მათგან ძირითადად ან ბიზნესმენი იყო, ან სტუდენტი. დღეს ამერიკა ბევრს მიუღწეველ ქვეყნად ეჩვენება და იქ წასვლაზე ფიქრი უფრო ფანტაზიებს ჰგავს.
ალბათ, კრემლს ძალიან უხარია, რომ სულ უფრო ცოტა რუსი გაემგზავრება ამერიკაში და შესაბამისად, ასევე ნაკლები რაოდენობის რუსი მოხვდება დასავლეთის რბილი ძალის ზემოქმედების ქვეშ. გასულ კვირას რუსეთმა თავის მოქალაქეებს, რომლებიც „არამეგობრულ ქვეყნებში“ სწავლობენ, მოუწოდა, რომ უარი თქვან დასავლური განათლების მიღებაზე, დაბრუნდნენ რუსეთში და სწავლა ეროვნულ უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელონ.

















