ამერიკული გამოცემის, «Eurasian Geopolitics»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომლის სათაურია „ხუთი თეზისი სირიაზე
აშშ-ის დარტყმის შესახებ“, გაანალიზებულია ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის ურთიერთობის პრობლემატიკა, განსაკუთრებით სირიის საკითხთან დაკავშირებით. რა ნაბიჯს გადადგამს რუსეთი ამერიკის მიერ სირიაზე სარაკეტო დარტყმის განხორციელების საპასუხოდ? საით იქნება მიმართული „რუსული დათვის ტორი“?
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ამონარიდს კალიფორნიის უნივერსიტეტის ბერკლის ინსტიტუტის პოლიტიკური მეცნიერების კათედრის პროფესორის, ედვარდ უოკერის ავტორობით გამოქვეყნებული სტატიიდან:
„რაც შეეხება რუსეთის პასუხს სირიის საომარი თეატრის გარეთ, არა მგონია, რომ კრემლს რაიმე მისთვის სასარგებლო და კარგი ვარიანტი დარჩა, ვთქვათ, უკრაინაში. თუმცა კრემლის ერთ-ერთი შესაძლებლობა იმაში გამოიხატება, რომ რუსეთს არსებული კრიზისის გამწვავება ან ახლის პროვოცირება შეუძლია...
საქართველო უფრო მოწყვლადია სამხედრო თვალსაზრისით, ვიდრე უკრაინა, მაგრამ მხედველობაშია მისაღები ის ფაქტი, რომ თბილისმა მოსკოვთან ურთიერთობები გააუმჯობესა. ამასთან, გაურკვეველია, მოჰყვება თუ არა საქართველოზე შეტევას ამერიკის გაღიზიანება ან მისი შეკავება. თუ რუსეთი საქართველოს ვარიანტს ამოირჩევს (რაც, ჩემი აზრით, ნაკლებად სავარაუდოა), მაშინ ის ამას გააკეთებს ნატოს წევრებს შორის დიდი განხეთქილების შეტანის იმედით“.

















