სახელმწიფო დეპარტამენტში, უცხოელ ჟურნალისტთა პრეს-ცენტრში სიტყვით გამოსვლისას, აშშ-ის სპეციალურმა
წარმომადგნელმა უკრაინის მოლაპარკებებში კურტ ვოლკერმა აღმოსავლეთ უკრაინაში ამ დროისთვის შექმნილი მდგომარეობა მიმოიხილა. (...)
პრეზენტაციის შემდეგ, კურტ ვოლკერმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. უკრაინის თემის პარალელურად, „ამერიკის ხმა“ დაინტერესდა აშშ-ის სპეცწარმომადგენლის პოზიციით საქართველოს კონფლიქტური რეგიონების და მთავრობის მიერ სულ ახლახანს წარმოდგენილი სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ შესახებ.
კურტ ვოლკერის შეფასებით, საქართველოს მთავრობის მხრიდან ეს არის ნაბიჯი კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანების მხარდასაჭერად, „რამეთუ საქართველო, ისე როგორც ყველა ჩვენ, ამ რეგიონებს სუვერენული საქართველოს ნაწილად ვხედავთ“. მისივე აზრით, კონსტრუქციულია ამ ტიპის ხალხთაშორის კავშირებზე მუშაობაც.
“მე ნანახი მაქვს ფოტოსურათი საქართველოდან, სადაც რუსებმა კონფლიქტის ხაზი სამხრეთ ოსეთში გადმოსწიეს და ამდენად, ერთ-ერთ ქართულ ოჯახს აღარ შეუძლია ოჯახის წევრის საფლავი მოინახულოს - საფლავი, რომელიც საზღვრის მეორე მხარეს მოექცა. ეს დიდი ადამიანური ტკივილი და შემაშფოთებელი ამბავია. საუკეთესო გამოსავალი მშვიდობის დამყარება და რეინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობაა, რათა ადამიანებმა ნორმალურად იცხოვრონ”, - განაცხადა კურტ ვოლკერმა.
წყარო: «Radio Voice of America» (აშშ)

















