თბილისში ვიზიტით ყოფნისას ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ
არაორაზროვანი განცხადებები გააკეთა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის შესახებ - მხარი დაუჭირა ოფიციალური თბილისის პოზიციას აფხაზეთის საკითხში, თან შეიცხადა, ეს რა ცუდ დღეში ჩავარდა სოხუმიო. მაგრამ ცოტა ხმის მერე მიაყოლა - ვლადიმერ პუტინს არჩევნების შემდეგ „მეორე სუნთქვა“ გაეხსნა, მინსკს მოსკოვთან არანაირი პოლიტიკური პრობლემები არ აქვს და რომ მოსკოვ-თბილისის ურთიერთობა მისი კეთილი ნებით გაუმჯობესდებაო.
რადიო "თავისუფლების" ეთერში ამ საკითხების ირგვლივ საუბრობენ პროგრამა „არამრგვალი მაგიდის“ წამყვანი ვადიმ დუბნოვი, ქართველი პოლიტოლოგი ზვიად აბაშიძე და „რადიო „სვობოდას“ ბელარუსული სამსახურის მიმომხილველი იური დრაკახრუსტი.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ამონარიდებს რადიოგადაცემიდან:
„ალექსანდრე ლუკაშენკო ცდილობს ავტონომიური საგარეო პოლიტიკა გაატაროს, მაგრამ როგორც დასავლეთი მიიჩნევს, იგი რუსეთის გავლენის ქვეშ იმყოფება და მას ხშირად უწოდებენ „ევროპის უკანასკნელ დიქტატორს“. ამიტომაც ბელარუსის ლიდერი საკუთარი თავის პოზიციონირებას ახდენს: ნორმალური პოლიტიკოსია, რომელსაც კარგი კავშირები აქვს მეზობლებთან - ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან, მათ შორის იმათთანაც, რომლებიც ნატოსა და ევროკავშირისაკენ ისწრაფვიან, ანუ მას უნდა აჩვენოს, რომ იგი პრორუსული პოლიტიკოსი კი არა, თითქოსდა დამოუკიდებელი პოლიტიკოსია“ (ზვიად აბაშიძე).
„ალექსანდრე ლუკაშენკო ძალიან ჭკვიანი მოთამაშეა, იგი პოლიტიკური მანევრებისა და ბალანსის ოსტატია“ (იური დრაკახრუსტი).
„2008 წელს ბელარუსმა საქართველოს მხარი დაუჭირა ტერიტორიული მთლიანობის საკითხში და ამ მხრივ რუსეთის პოლიტიკა არ გაიზიარა. ბუნებრივია, თბილისს მხარს უჭერენ სხვა პოლიტიკოსებიც, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან, ისინიც ცდილობენ სოლიდარობის გამოხატვას, მაგრამ ეს ალექსანდრე ლუკაშენკომ აკუტარულად და ფაქიზად გააკეთა. ამ თვალსაზრისით, საქართველო და ბელარუსი, სტრატეგიული პარტნიორები თუ არა, კარგი პარტნიორები მაინც არიან... მართალია, ალექსანდრე ლუკაშენკოს პრობლემები აქვს დემოკრატიასთან, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, მაგრამ საქართველოსთან მიმართებით მას პოლიტიკა კარგად გამოსდის. შესაბამისად, თბილისისთვის მინსკის ასეთი კურსი სასარგებლოა და ბელორუსთან თბილისს არანაირი დაპირისპირება რ აქვს “ (ზვიად აბაშიძე).
„ვერ ვიტყვით იმას, რომ ბელარუსის ლიდერს სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ცუდი ურთიერთობა აქვს და მხოლოდ საქართველოსთან „მოიქაჩლა თავი“. პირიქით - ალექსანდრე ლუკაშენკოს ნორმალური სამუშაო კონტაქტები აქვს მოლდოვასთან, უკრაინასთან, სხვა რესპუბლიკებთან... მაგრამ საქართველოს პოზიციასთან დაკავშირებით მე მახსენდება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სტატია გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ 2006 წელს, სადაც მან ალექსანდრე ლუკაშენკო საშინელ დიქტატორად შერაცხა და განაცხადა, რომ მთელი მსოფლიო უნდა დაეხმაროს ბელარუსის დემოკრატიულ ძალებს მის დასამხობადო. გადის ორი წელი ამ ამბიდან და 2008 წელს მიხეილ სააკაშვილი ალექსანდრე ლუკაშენკოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ლობისტი ხდება დასავლეთში. არა იმიტომ, რომ ბელარუსის ლიდერმა თავისი პოზიციები შეცვალა დემოკრატიის მიმართ, არამედ ყველასთვის გასაგებია რატომაც“ (იური დრაკახრუსტი).
„მიხეილ სააკაშვილი ცდილობდა ალექსანდრე ლუკაშენკო მისი მეგობარი ყოფილიყო, თუმცა იყო დრო, როცა იგი თავის ბელარუს კოლეგას „ევროპის უკანასკნელ დიქტატორს“ უწოდებდა, მაგრამ ეს წლების წინათ მოხდა. დღეს საქართველო საპრეზიდენტო ქვეყანა აღარ არის, ხელისუფლება შეიცვალა - საქართველოს ბელარუსთან პოზიტიური ურთიერთობა აქვს, ჩვენთან ალექსანდრე ლუკაშენკოზე ცუდს არავინ ლაპარაკობს, ვაჭრობა დღეს უფრო სტაბილურად და დინამიურად ვითარდება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში: იხსნება ახალი მაღაზიები, გაჩნდა ბელარუსული ტექნიკა.. რატომ ჩამოდის დღეს ლუკაშენკო თბილისში და რატომ არ ჩამოდიოდა სააკაშვილის პრეზიდენტობისას? იმიტომ, რომ საქართველოს დღევანდელი მთავრობა პიარს კი არ ეწევა, როგორც ამას მიხეილ სააკაშვილის მთავრობა აკეთებდა, არამედ შედარებით უფრო დაბალანსებულ პოლიტიკას ატარებს“ (ზვიად აბაშიძე).
„ბელარუსისა და საქართველოს ურთიერთობის ტემპერატურას მე შევაფასებდი 37,3 გრადუსად, ანუ ეს კომატოზური მდგომარეობა არ არის, ნორმალურზე უფრო მაღალია. ამასთან, ყურადღებას მივაქცევ ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებების ხასიათს. მასზე ამბობენ, რომ იგი სსრ კავშირის იდეოლოგიის რომანტიკოსია, რომ მასში საბჭოური მენტალიტეტი ჩანს. იგივე საქართველოსთან მიმართებით - იგი ხშირად ამბობს, რომ ქართველები და ბელარუსები საბჭოთა კავშირის დროს ძმები იყვნენ, რომ იოსებ სტალინი და ვლადიმერ ლენინი ჩვენი ხალხების სიმბოლოა, რომ სოხუმი იმ დროს ნახა, რომ აფხაზეთი საბჭოთა საქართველოს შემადგენლობაში იყო... რა კარგი იყო საბჭოთა პერიოდი, რა კარგი ქვეყანა დაიშალა... ალექსანდრე ლუკაშენკო თითქმის იგივეს ამბობს უკრაინის მიმართაც. იგი თითქოსდა რუსეთს კოჭს უგორებს, მაგრამ მისი პოლიტიკა მრავალ შრეს შეიცავს. მას ასევე სურს აჩვენოს, რომ პროდასავლურ ქვეყნებთანაც კარგი ურთიერთობა აქვს. ამ თვალსაზრისით რუსულ პროპაგანდაში კოგნიტიური დისონანსი ხდება: ერთი მხრივ, მოსკოვისთვის თითქოს გასაგებია, რომ ალექსანდრე ლუკაშენკო კრემლის დღევანდელი პოლიტიკის ქვეშ ბომბს დებს, მაგრამ იმასაც ვერ იტყვის, რომ „იგი დასავლეთს მიეყიდაო“. ლუკაშენკოს პასუხი ასეთი იქნება; „ეს თქვენ მიეყიდეთ დასავლეთს, მე კი გრანიტის ფუნდამენტით ვდგავარ ჩვენი ერთიანი საბჭოთა სამშობლოსათვისო“. მოკლედ, მოსკოვი ლუკაშენკოს ხაფანგშია გაბმული და, ალბათ, გულში იგინება, მაგრამ ხმამაღლა არ იძახის“ (იური დრაკახრუსტი).

















