თურქული გამოცემის, «Cumhuriyet»-ს მიერ გამოქვეყნებული სტატია ეხება საქართველოს მთავრობის დადგენილებას
თურქეთიდან კარტოფილის იმპორტის შეწყვეტის თაობაზე. მასში ასახულია აგრეთვე თურქული მხარის ნეგატიური პოზიციაც.
როგორც პუბლიკაციაში ნათქვამი, საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელი მოაწერა მთავრობის დადგენილებას (15 მარტი, №598), რომლის თანახმად, დროებით, პირველ ივნისამდე შეწყდება კარტოფილის იმპორტი თურქეთიდან. ამის გამო ქალაქ ხოფაში თურქული კარტოფილით დატვირთული სატვირთო ავტომანქანები გაჩერებულნი არიან.
როგორც ხოფის ვაჭრობისა და მრეწველობის პალატის პრეზიდენტმა ოსმან აკირეკმა განაცხადა, საქართველოს მთავრობის დადგენილება, კეთილმეზობლობის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, დადებით შეფასებას არ იმსახურებს. მისი თქმით, „საქართველომ აღნიშნული გადაწყვეტილება რაც შეიძლება სწრაფად უნდა გააუქმოს“.
შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში თურქეთიდან შემოტანილ კარტოფილში მავნე ორგანიზმების გამოვლენის ორი ათეული შემთხვევა დაფიქსირდა.

















