„თვალისმომჭრელი თეთრი თოვლი, მზე, გუდაურის ზამთრის მშვენიერი პეიზაჟი და უცებ... საბაგირო გზის საწევარას
სკამებიდან ადამიანები ყვირილით ხტებიან და სხეულის დაზიანებას იღებენ. საბაგირო გზების მშენებელ არცერთ კომპანიას არ სურს ასეთი სურათის ნახვა“, - წერს ავსტრიული გაზეთი «Die Presse».
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ ენტონი ლეფლერის ავტორობით გამოქვეყნებული სტატიის ქართულენოვან ვერსიას:
მასალაში საუბარია ავსტრიული ფირმის „დოპელმაიერის“ შესახებ, რომლისთვისაც, ცხადია, „გუდაურში მომხდარი დრამატული ინციდენტი ძალზე არასასიამოვნოა: მსოფლიო მასმედიის საშუალებით ყველასთვის ცნობილი გახდა „დოპელმაიერის“ მიერ 2007 წელს აგებულ საბაგირო გზაზე მომხდარი ავარია. კადრები მართლაც დამთრგუნველია: ყველა ხედავს, თუ როგორ მოძრაობს საწევარა მაღალი სიჩქარით საწინააღმდეგო მიმართულებით და ადამიანებს აქეთ-იქით ყრის“.
როგორც პუბლიკაციაში აღნიშნული, კომპანიისათვის ჯერ კიდევ არაა ცნობილი დეტალურად, თუ რა მოხდა გუდაურში. ამას სპეციალისტა ჯგუფი გაარკვევს. არადა, ბოლო ოცი წლის განმავლობაში „დოპელმაიერს“ მსგავსი ინციდენტი არ ჰქონია. ავსტრიის ფორალელბერგის მხარეში არსებულ საწარმოში, რომელიც 1892 წლიდან მუშაობს, უკვე 15 ათასამდე საბაგირო გზის მოწყობილობა აქვს დამზადებული, რომლებიც მსოფლიოში ყველაზე საიმედოდაა მიჩნეული.
კომპანიის თანამშრომლების აზრით, ყველაფერი დეტალურად იქნება გამოკვლეული: „ჩვენთვის ნდობის ფაქტორის შენარჩუნებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“. მართალია, ინციდენტის გამო აქციების ფასმა, რომელიც 12 მილიარდ ევროს შეადგენს, გარკვეულწილად დაიწია, მაგრამ შემდეგ ისევ ძველ ნიშნულს დაუბრუნდა.
-----------
გუდაურში მომხდარი ინციდენტი გაშუქებულია ავსტრიის კიდევ ერთ გამოცემაში - გაზეთ «Kurier»-ში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „მუხრუჭი აუცილებლად უნდა ამოქმედებულიყო“ (ავტორი - ნატაშა მარაკოვიცი). პუბლიკაციაში ერთ-ერთი ექსპერტი - მიხელ ტანცერი საუბრობს კომპანია „დოპელმაიერის“ საბაგირო გზების მაღალ სანდოობაზე და განმარტავს მის ტექნიკურ მონაცემებს. იგი განსაკუთრებით ეხება სამუხრუჭო სისტემას, რომელიც სამი სახისაა - ერთი ელექტრული, ორიც მექანიკური. ასეთი სამუხრუჭო სისტემა მაღალსაიმედოა და ყოველ საფრთხეს გამორიცხავს. რა მოხდა სინამდვილეში საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტზე, ამას ფორალელბერგელი სპეციალისტები გაარკვევენ (წყარო: https://kurier.at/chronik/oesterreich/bremse-haette-wirken-muessen/314.428.330).

















