ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი თანამდებობიდან გადააყენა და მის
ნაცვლად დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს (CIA) დირექტორი მაიკ პომპეო დანიშნა. ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ტილერსონთან ბევრ საკითხზე უთანხმოებით ახსნა და იქვე დასძინა, რომ პომპეოსთან „ყოველთვის ერთ ტალღაზეა“. „ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და ეს არის ის, რაც სახელმწიფო მდივნისგან მჭირდება", - უთხრა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.
ვაშინგტონში პოლიტიკის მიმომხილველებს სწორედ ის აწუხებთ, რომ პრეზიდენტმა განსაკუთრებით ლოიალური და მისი მსგავსი აზრების მქონე ადამიანი დანიშნა სახელმწიფო მდივნად.
ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის გერმანული და ევროპული კვლევების ცენტრის წარმომადგენელი ჯეფრი ანდერსონი "ამერიკის ხმასთან" საუბარში ამბობს, რომ ტილერსონი პრეზიდენტის ზოგიერთი ხისტი განცხადების შერბილებას ახერხებდა. ახლა კი გაურკვეველია, შეძლებს თუ არა მსგავსი "ფილტრის ფუნქციის" შესრულებას დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი მაიკ პომპეო: „სახელმწიფო მდივნის პოზიციაზე ყოფნისას რექს ტილერსონს ხშირად აკრიტიკებდნენ შიდა საკითხების გამო, როგორც მართავდა ის დეპარტამენტის შიდა საქმიანობას, მაგრამ მუდმივად აქებდნენ იმისთვის, რომ შეეძლო ზოგჯერ ძალიან რბილად, ზოგჯერ კი ძალიან ძლიერად და მოულოდნელად შეესწორებინა ევროპის, ნატოს თუ საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ პრეზიდენტის ის განცხადებები, რომლებიც ძალიან დამაზიანებელი და კრიტიკული იყო ტრანსატლანტიკური თანამშრომლობისთვის", - ამბობს ჯეფრი ანდერსონი. იგი ფიქრობს, რომ ამერიკის ევროპელ მოკავშირეებს ღელვის საფუძველი ნამდვილად აქვთ, რადგან ეს სიტუაცია გაურკვევლობას ქმნის. (...)
ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ევრაზიის, რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ანჯელა სტენტი კი მიიჩნევს, რომ ამ ცვლილებას სავარაუდოდ საქართველოზე და მის ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე უარყოფითი გავლენა არ ექნება.
"საქართველოს კვლავ სჭირდება მხარდაჭერა, შიდა ეკონომიკური რეფორმებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით, რადგან ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი იმისთვის, რომ შეგეძლოს ისეთ ქვეყანასთან გამკლავება, როგორიც რუსეთია. და მე არ ვფიქრობ, რომ მაიკ პომპეოს დანიშვნა შეცვლის რამეს ამ მიმართულებით. ჩვენ სულ ახლახან ვნახეთ, რომ ნატომ საქართველოს დასავლური მისწრაფებების მხარდაჭერა განაახლა და არ მგონია, რომ ეს შეიცვალოს ახალი სახელმწიფო მდივნის პირობებში", - ამბობს ანჯელა სტენტი „ამერიკის ხმა“-სთან ინტერვიუში.
სახელმწიფო დეპარტამენტში მიმდინარე მოვლენები და მისი ფუნქციის ცვლილება აწუხებს საქართველოში ამერიკის ყოფილ ელჩს, კენეტ იალოვიცსაც. „ჩვენც ყველანი ვცდილობთ გავიგოთ, რა ხდება, და მე როგორც ყოფილი ელჩი, შეშფოთებული ვარ დეპარტამენტში მიმდინარე ცვლილებებით. იმედია, რომ ახალი მდივნის მმართველობისას დეპარტამენტის როლი გაუმჯობესდება, მაგრამ მაინც არ გვაქვს პასუხები, ეს კონკრეტულად რას შეიძლება ნიშნავდეს", - ამბობს კენეტ იალოვიცი და განმარტავს, რომ რექს ტილერსონი დეპარტამენტის შიგნით დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა, თუმცა მოგვიანებით ის ამ თანამდებობას მოერგო და მისი შესაფერისიც ხდებოდა. „მან გაიგო დიპლომატია, გაიგო მოლაპარაკებების მნიშვნელობა და ახლა გვაქვს გაურკვევლობა იმის შესახებ, თუ რა მოხდება და სევდა, რომ ვიღაც, ვინც უკვე ნელ-ნელა ამ სამსახურისთვის შესაფერისი ხდებოდა, უცებ ტოვებს პოსტს", - ამბობს ყოფილი ელჩი საქართველოში.
კენეტ იალოვიცი დასძენს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია პრეზიდენტი, რომელსაც უყვარს მოულოდნელი გადაწყვეტილებების მიღება, მრავალმხრივ ინფორმაციას და "ხარისხიან" რჩევებს იღებდეს.

















