რუსული გამოცემის, «Независимая газета»-ს მიერ გამოქვეყნებული სტატია ეხება საქართველო-რუსეთის ურთიერთობის
მდგომარეობას, განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ რუსეთის ხელისუფლებისადმი გაგზავნილი წერილის შემდეგ.
საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ იური როქსის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის რეზიუმეს:
„საქართველოში მღელვარება მატულობს - ჯერ პრემიერ-მინისტრის რუსეთისადმი მიმართვის, შემდეგ კი რუსეთისაგან მიღებულ პასუხთან დაკავშირებით. ხელისუფლებას ფორმალურად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარზე თავისი პოზიცია არ გამოუხატავს, მაგრამ, სხვადასხვა ნიშნების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ მოსკოვის პასუხმა თბილისი გააოცა. ოპოზიცია ზეიმობს - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარებმა, რომელშიც გიორგი კვირიკაშვილის მიმართვის ინტერპრეტირებაა მოცემული, ხელისუფლების მოწინააღმდეგე პარტიებს მორიგი საბაბი მისცა მმართველი „ქართული ოცნება“ ქვეყნის ღალატში დაედანაშაულებინა“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.
სტატიაში გადმოცემულია როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა უწყების კომენტარები, ასევე ქართული ოპოზიციის მიერ გაკეთებული განცხადებები, განსაკუთრებით კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მიერ (გრიგოლ ვაშაძის გამონათქვამი: „საოკუპაციო რეჟიმებთან პირდაპირი დიალოგი საერთაშორისო-სამართლებრივ სუბიექტად აღიარებას ნიშნავს... საერთოდ კი ის ხალხი, ვინც ახლა საქართველოს ხელისუფლებაშია, რაც უფრო ნაკლებად ჩაერევა დიპლომატიის საქმიანობაში, მით უკეთესი იქნება. რუსეთმა ძალიან დამამცირებელი პასუხი გაგვცა, თუმცა სხვაგავრად არც იყო მოსალოდნელი“).
„საქართველოს ხელისუფლება, შესაძლოა, რუსეთისაგან „უფრო მეტი ყურადღების გამოჩენას“ ელოდებოდა, თუმცა გიორგი კვირიკაშვილის მიმართვას მთლად უშედეგოსაც ვერ ვუწოდებთ“, - წერს ავტორი, - დამთხვევაა თუ არა, მაგრამ ფაქტია - სწორედ პრემიერის მიმართვის შემდეგ გამოუშვეს სამხრეთ ოსეთიდან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც თავის დროზე არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დააკავეს.
სტატიაში დასასრულს მოცემულია აგრეთვე რუსეთის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის კომენტარიც, რომელშიც იგი ქართულ ოპოზიციას საყვედურობს: „მოვისმინე კოლეგა ოპოზიციონერების განცხადებები, რომ თითქოს მინიშნებაა დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის და ა.შ. სად დაინახეს ან როგორ წაიკითხეს ეს მინიშნება, გასაოცარია. რანაირად უნდა აღდგეს ამ ვითარებაში რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა, ეს ხომ წარმოუდგენელია და არც დგას დღის წესრიგში, ვერც დადგება ამ ვითარებაში და ეს რუსებმაც კარგად იციან“.

















